მორიგი ტრიუკი დარწმუნებული ვარ, აღარავისთვის იქნება საკმარისი , – ასე ეხმაურება „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი, თინა ბოკუჩავა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ შესაძლოა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თანამდებობა დატოვოს.
თინა ბოკუჩავას განცხადებით, საერთაშორისო საზოგადოებამ კარგად იცის, რომ „ქართული ოცნების“ ძალაუფლების რეალური წყალო მისი საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილია.
„დარწმუნებული ვარ, ივანიშვილის მორიგი ტრიუკი აღარავისთვის იქნება საკმარისი. ხალხი ელოდება რეალურ ცვლილებებს, ხელისუფლების რეალურ ცვლილებას, რეალურ არჩევნებს, რომლითაც ივანიშვილის პაიკების გადაადგილება კი არ მოხდება – კობახიძის ღარიბაშვილით ჩანაცვლება, შემდეგ ღარიბაშვილის პაპუაშვილით და ა.შ., არამედ მოხდება რეალურად, ისეთი ხელისუფლების არჩევა, რომელიც მისცემს პოლიტიკურ პროცესებს ნორმალიზების შესაძლებლობას.
ამ კრიმინალური დაჯგუფების რეალური წყარო რომ ივანიშვილია, ძალიან კარგად იციან ჩვენმა პარტნიორებმა. არანაირ სატყუარას არ წამოეგება არც საერთაშორისო საზოგადოება, არც ქართული საზოგადოება, თუ ივანიშვილი შეცვლის კობახიძეს ღარიბაშვილით, ან ნებისმიერი სხვა პაიკით“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.