„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მხრიდან ამოქმედდება სანქციები, რომლის მიხედვითაც, „ქართული ოცნების“ დელეგაციის წევრებს კომიტეტებში წევრობის ან მონაწილეობის უფლება არ ექნებათ და მათ უფლებამოსილება მხოლოდ ფორმალურად უნარჩუნდებათ აპრილამდე.
თინა ბოკუჩავას თქმით, დღეს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ კენჭი უნდა უყაროს რეზოლუციას, სადაც გრძელდება სასანქციო პოლიტიკა „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ.
„დღეს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ პლენარულ სხდომაზე კენჭი უნდა უყაროს რეზოლუციას, რომელიც მონიტორინგის კომიტეტმა მიიღო, სადაც გრძელდება სასანქციო პოლიტიკა ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ.
ეროვნული სანქციების შემდეგ, უკვე ამოქმედდება სანქციები ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მხრიდან, სადაც ივანიშვილის დელეგაციის წევრებს, არ ექნებათ კომიტეტებში წევრობის ან მონაწილეობის უფლება და მათ მხოლოდ ფორმალურად უნარჩუნდებათ უფლებამოსილება აპრილამდე – ერთადერთი მიზნით, რომ ქვეყანაში ახალი, თავისუფალი, სამართლიანი საპარლამენტო არჩევნები ჩაინიშნოს, რომელიც ქართველი ხალხის თავისუფალ ნებას ასახავს.
ამიტომ ეს არის ძალიან დიდი მიღწევა და წარმატება ქართული დემოკრატიისთვის, ივანიშვილის რეჟიმის საერთაშორისო არ აღიარებისთვის, სასანქციო პოლიტიკისთვის და იმ საბოლოო მიზნისთვის, რომელიც დღეს ქართულ საზოგადოებას აერთიანებს, პოლიტპატიმრების გათავისუფლების, დამნაშავეების დასჯის და ახალი, თავისუფალი, სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების ჩანიშვნის სახით“, – თქვა თინა ბოკუჩავამ.