თინა დალაქიშვილი რეზო გიგინეიშვილის ახალ ფილმში „მძევლები“, რომელიც თვითმფრინავის ბიჭების ცნობილ ამბავზეა დაფუძნებული, ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებს. „ფორტუნამ“ მსახიობს რამდენიმე შეკითხვა დაუსვა იმის შესახებ, არის თუ არა, მისი აზრით, ეს როლი მისთვის „ვარსკვლავური“ და ზოგადად, რას ფიქრობს პოპულარობაზე, რომელიც ამ ფილმში გამოჩენას შეუძლია, მოუტანოს.
შენთვის ეს როლი, ალბათ, „ვარსკვლავურია“, რადგან პოსტერზეც შენ ხარ, ფილმის რეკლამირებაში აქტიურად ხარ ჩართული. ეს დიდი პოპულარობისკენ გზა ხსნილი გაქვს…
პირველი შემთხვევა არ არის, როცა პოსტერზე ვარ და პირველი შემთხვევა არაა, როცა მთავარი როლი მაქვს. არ მახსოვს, ეს როგორი შეგრძნება იყო, მაგრამ ჩემს პოზიციას დავაფიქსირებ – მსახიობობა ჩემთვის არ უკავშირდება „ვარსკვლავობას“ და ვარსკვლავურ სენს. უბრალოდ, ძალიან მიყვარს ჩემი პროფესია. ვამაყობ იმით, რომ ვიმუშავე ასეთ კარგ ადამიანებთან, რომლებმაც ძალიან გამიადვილეს რთული სამუშაო პროცესი.
რთული რა მხრივ იყო, ემოციურად თუ სამსახიობო ოსტატობის მხრივ?
სამსახიბოო ოსტატობის კუთხით, პირველ რიგში. არ მაქვს მსახიობის განათლება, აბსოლუტურად სხვა სამყაროდან ვარ მოსული (იღიმის). რთული იყო განათლების მხრივაც, ემოციურადაც და ფიზიკურადაც.
თქვენს კითხვას დავუბრუნდები და ვიტყვი, რომ ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა, რა მოჰყვება ამ ყველაფერს. ბედნიერი ვარ, რომ ამ პროფესიაში მოვხვდი.
ხშირად აკეთებენ აქცენტს შენს გარეგნობაზე, შენთვის ეს მინუსია თუ პლუსი?
რა თქმა უნდა, მინუსია. როცა გეუბნებიან, რომ ლამაზი ხარ, ე.ი. ცუდად ითამაშე. როცა გეუბნებიან, რომ ნიჭიერი ხარ, ე.ი. რაღაც მივიდა მაყურებლამდე. არასასიამოვნო კომპლიმენტია, როცა გეუბნებიან – იცი, რა, ძალიან ლამაზი იყავიო. არ ვიცი, ამ ფილმის შემდეგ შეიცველება თუ არა რამე, მანამდე რას ფიქრობენ ან შემდეგ რას იფიქრებენ, ერთი რამ მინდა, ვისურვო, რომ ფილმით ისიამოვნონ.
არაფერს გამოვრიცხავ. თემა ისეთია, რომ მოითხოვს ანალიზს და არა ზედაპირულ შეფასებას. იმედი მაქვს, ისინი, ვინც ამ ფილმს ნახავენ, გაიაზრებენ იმ რეალობას, რაში ცხოვრობდნენ ადრე და ახლა როგორ ცხოვრობენ.
ვისი აზრია შენთვის გადამწყვეტი?
ჩემი მეგობრების, რა თქმა უნდა. ჯერ ფილმი არ უნახავთ. ცოტა მეშინია და ზედმეტად აღგზნებული ველოდები, რა ემოცია ექნებათ, რა ანალიზს დადებენ და როგორ შეაფასებენ. ეს არ არის ფილმი, რომელსაც დაჯდები, უყურებ და გაერთობი. ჩემი თანატოლების აზრი მნიშვნელოვანია, რადგან მაინტერესებს, მე როგორი შოკიც მქონდა მასალის გაცნობისას, ისეთივე შოკი თუ ექნებათ მათაც…
რაიმე საინტერესო როლზე თუ მუშაობ ახლა?
ალექსანდრ ბოგუსლავსკმა გადაიღო ფილმი ჯადოქრებზე, ეს არის ზღაპარი, სადაც ერთ-ერთ როლს განვასახიერებ. ახლახან დავბრუნდი მოსკოვიდან, ფილმი ინგლისურენოვანია. გადაღებები თითქმის დასრულებულია. კიდევ მაქვს შემოთავაზებები.
ინგლისური ასე კარგად იცი?
რუსულიც ვიცი და ინგლისურიც კარგად, მადლობა დედას ამისთვის (იღიმის).
ნინო მურღულია