ნიუ-იორკში, Sotheby’s-ის აუქციონზე, ტირანოზავრ რექსის თითქმის სრულად შემონახული ჩონჩხი, სახელად „Gus“ – 50.1 მილიონ აშშ დოლარად გაიყიდა და ისტორიაში ყველაზე ძვირად გაყიდული დინოზავრის ნამარხი გახდა.
აუქციონი დაახლოებით 10 წუთს გაგრძელდა, რომელშიც შვიდი პრეტენდენტი მონაწილეობდა. საბოლოო ფასი მნიშვნელოვნად აღემატებოდა წინასწარ შეფასებულ 20-30 მილიონ დოლარს.
„Gus“ 2021–2023 წლებში სამხრეთ დაკოტაში აღმოაჩინეს. ნამარხი დაახლოებით 67 მილიონი წლისაა, სიგრძეში 11.6 მეტრს, ხოლო სიმაღლეში 3.8 მეტრს აღწევს. ჩონჩხი 183 გაქვავებულ ძვალს მოიცავს და მეცნიერების შეფასებით, T. Rex-ის ერთ-ერთი ყველაზე დიდი და კარგად შემონახული ნიმუშია, მათ შორის განსაკუთრებულად კარგად არის შენარჩუნებული თავის ქალა.

ახალმა რეკორდმა გადააჭარბა წინა მაჩვენებელს, რომელიც 2024 წელს ასევე Sotheby’s-ზე გაყიდულ სტეგოზავრს „Apex“-ს ეკუთვნოდა – მაშინ ნამარხი 44.6 მილიონ დოლარად გაიყიდა.
აღსანიშნავია, რომ გარიგებამ პალეონტოლოგების შეშფოთებაც გამოიწვია. მეცნიერები მიიჩნევენ, რომ მსგავსი უნიკალური ნამარხების კერძო კოლექციონერების ხელში გადასვლა ზღუდავს მათ ხელმისაწვდომობას სამეცნიერო კვლევებისა და მუზეუმებში საჯარო გამოფენებისთვის, რაც საზოგადოებას მნიშვნელოვან ისტორიულ მემკვიდრეობას აშორებს.