„ტოიოტა ცენტრ თბილისში“ „ტოიოტა მოტორ კორპორაციის“ მიერ ორგანიზებულ ხატვის მე-16 საერთაშორისო საბავშვო კონკურსში – „ტოიოტას ოცნების ავტომობილი“ | Toyota Dream Car Art – მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია მიმდინარე წლის 3 თებერვალს დასრულდება. ამის შესახებ ინფორმაციას „ტოიოტა ცენტრი თბილისი“ ავრცელებს.
„ტოიოტა ცენტრი თბილისის“ მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის, თინათინ მაკარიძის ინფორმაციით, ტოიოტას მე-16 საერთაშორისო საბავშვო კონკურსში მონაწილეობის მსურველმა ბავშვებმა და მოზარდებმა, რომელთა ასაკი 15 წელს არ აღემატება, განაცხადი და საკონკურსო ნახატი („ოცნების ავტომობილი“), მშობლის თანხლებით, „ტოიოტა ცენტრი თბილისის“ ოფისში 3 თებერვლის ჩათვლით უნდა წარადგინონ. მონაწილეთა სამი ასაკობრივი კატეგორიის მიხედვით, გამარჯვებულ 9 ნამუშევარს კი კომპეტენტური ჟიური გამოავლენს. მისივე განმარტებით, საკონკურსო პირობებისა და სარეგისტრაციო ფორმის შესახებ დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია „ტოიოტა ცენტრი თბილისის“ ოფიციალურ ვებგვერდზე.
„იმისათვის, რომ ბავშვები ტოიოტას 2023 წლის გლობალური კონკურსის ფინალში მოხვდნენ, მათ ჯერ კონკურსი ეროვნულ დონეზე, საქართველოში უნდა გაიარონ. საკონკურსოდ ოცნების ავტომობილის ნახატის სახით წარმოდგენა, 15 წლის ასაკის ჩათვლით, ჩვენს ქვეყანაში მცხოვრებ ნებისმიერ ბავშვს შეუძლია. კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა აპლიკაციის შევსებული ფორმა და საკონკურსო ნახატი „ტოიოტა ცენტრ თბილისის“ ოფისში უნდა წარმოადგინონ 2023 წლის 3 თებერვლის ჩათვლით, 18:00 საათამდე, მისამართზე: ქ. თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი #116, ან გამოგვიგზავნონ ამავე მისამართზე ფოსტით. დამატებითი ინფორმაციისთვის დაკავშირება შესაძლებელია საკონტაქტო ნომერზე: 032 2511. დიდი სურვილი გვაქვს, საქართველოში მცხოვრები ბავშვები აქტიურად ჩაერთონ Toyota Dream Car Art-ის კონკურსში და მაქსიმალურად გამოავლინონ თავიანთი შესაძლებლობები. სპეციალურად მოწვეული კომპეტენტური ჟიური „ტოიოტა ცენტრ თბილისში“ შემოსული საკონკურსო ნახატებიდან, სამი ასაკობრივი კატეგორიის მიხედვით, 9 საუკეთესო ფინალურ ნამუშევარს შეარჩევს. ეროვნულ დონეზე გამარჯვებულ ბავშვებს „ტოიოტა ცენტრი თბილისი“ სპეციალური პრიზებით დააჯილდოვებს. შემდეგ კი, 9-ვე ნახატი იაპონიაში, Toyota Dream Car Art-ის მე-16 საერთაშორისო საბავშვო კონკურსზე გაიგზავნება. გლობალური კონკურსის საბოლოო გამარჯვებულებს კი, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ფინალისტებს შორის, „ტოიოტა მოტორ კორპორაცია“ თვითონ გამოავლენს“, – აცხადებს თინათინ მაკარიძე.
როგორც კომპანიის მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი აღნიშნავს, „ტოიოტა ცენტრი თბილისი“ ეროვნულ დონეზე აქტიურად არის ჩართული საბავშვო კონკურსის ორგანიზებაში. მისი თქმით, საერთაშორისო კონკურსით ტოიოტა ახალ თაობას სამყაროს საუკეთესო მომავლის შექმნის იდეის ირგვლივ აერთიანებს, რისი დასტურიც საკონკურსო სლოგანია: „დახატე შენი ოცნების ტოიოტა, მართე მომავალი“.
„ტოიოტა ცენტრი თბილისის“ ინფორმაციით, „ტოიოტას ოცნების ავტომობილი“ | Toyota Dream Car Art–ის ეროვნულ დონეზე, საქართველოში ჩატარებული კონკურსის შედეგები 2023 წლის თებერვლის ბოლომდე გასაჯაროვდება. ტოიოტას მე-16 საერთაშორისო კონკურსის საბოლოო შედეგები კი 2023 წლის ზაფხულში გახდება ცნობილი. ინფორმაცია გამოქვეყნდება Toyota Dream Car Art-ის ოფიციალურ ვებგვერდზე: https://www.toyota-dreamcarart.com