Toyota-ს ახალმა აღმასრულებელმა დირექტორმა, კენტა კონიმ განაცხადა, რომ კონცერნის გლობალური სამოდელო რიგი ზედმეტად ფართო გახდა და მისი გადახედვა აუცილებელია.
მისი თქმით, პრობლემა მხოლოდ სხვადასხვა მოდელების სიმრავლე არ არის. ხარჯებს მნიშვნელოვნად ზრდის ერთი და იმავე ავტომობილის მრავალი ვერსიისა და კომპლექტაციის წარმოებაც. კენტა კონი მიიჩნევს, რომ მსგავსი მრავალფეროვნება ყოველთვის ეკონომიკურად გამართლებული არ არის და კომპანიის ეფექტიანობაზე უარყოფითად აისახება.
Toyota-ში ვარაუდობენ, რომ სამომავლოდ ზოგიერთი ნაკლებად მოთხოვნადი მოდელი ან ერთმანეთის მსგავსი ვერსია შეიძლება გაუქმდეს. მაგალითად, განხილვის საგანი შესაძლოა გახდეს ისეთი ნიშური პროექტები, როგორიცაა Toyota Mirai, ასევე სხვადასხვა ბაზარზე არსებული გადაფარული მოდიფიკაციები.
კომპანიას განსაკუთრებით დიდი არჩევანი აქვს ჩრდილოეთ ამერიკის ბაზარზე. მაგალითად, Toyota Tundra-ს აშშ-ში ათი განსხვავებული კომპლექტაცია, კაბინის ორი ვარიანტი და სატვირთო პლატფორმის სამი ზომა აქვს, რაც წარმოების პროცესს ართულებს და ხარჯებს ზრდის.
ამასთან, Toyota არ აპირებს უარი თქვას ე.წ. მრავალ ტექნოლოგიურ სტრატეგიაზე. კომპანია კვლავ განაგრძობს როგორც შიდა წვის ძრავიანი, ისე ჰიბრიდული, ელექტრო და სხვა ტიპის ძალოვანი აგრეგატების მქონე ავტომობილების წარმოებას, რათა სხვადასხვა ბაზრისა და მომხმარებლის მოთხოვნებს მოერგოს.
კონცერნის ხელმძღვანელობის შეფასებით, მოდელების ოპტიმიზაცია კომპანიას საშუალებას მისცემს შეამციროს ხარჯები და თითოეული ავტომობილის მოგებიანობა გაზარდოს.