ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე „სტრატეგია აღმაშენებლის“ წარმომადგენელ სერგო ჩიხლაძეს მიმართავს.
“თქვენ გჭირდებათ აპოკალიფსი, რათა შემდეგ მოსახლეობა აამხედროთ ქვეყნის ხელმძღვანელობისა და ექიმების წინააღმდეგ”,- ამბობს ცერცვაძე.
მისი განმარტებით, ზოგიერთმა მედიასაშუალებამ არასწორი ინფორმაცია მიაწოდა მოსახლეობას, რომ თითქოს ის მხარს უჭერს შეზღუდვების და რეგულაციების კიდევ უფრო გამკაცრებას, რამაც ნეგატიური გამოხმაურება გამოიწვია. თენგიზ ცერცვაძე ამბობს, რომ მსგავსი განცხადება მას არ გაუკეთებია.
„სამწუხაროდ, პოლიტიკურად ანგაჟირებულმა ზოგიერთმა მედიასაშუალებამ, როგორც სჩვევიათ, არასწორი ინფორმაცია მიაწოდეს მოსახლეობას, რომ თითქოს მე მხარს ვუჭერ შეზღუდვების და რეგულაციების კიდევ უფრო გამკაცრებას, რამაც ნეგატიური გამოხმაურება გამოიწვია ცალკეული პირების მხრიდან, ხოლო ბ-ნმა სერგო ჩიხლაძემ ჩემს ამ „განცხადებას“ (რომელიც არ გამიკეთებია) ქვეყნისთვის მავნებლური უწოდა.
სინამდვილეში მე მსგავსი არაფერი მითქვამს. ქ. ქუთაისში COVID კლინიკების ექიმებთან შეხვედრის დროს ტელევიზიებთან ინტერვიუში მე სიტყვა-სიტყვით ვთქვი (და ეს ყველგან დაფიქსირებულია), რომ მხარს ვუჭერ ა.წ. 1 თებერვლიდან შეზღუდვების შემსუბუქებას/მოხსნას, მაგრამ ერთი პირობით, რომ პარალელურად გამკაცრდება არსებული ძირითადი რეგულაციების (პირბადის ტარება, სოციალური დისტანცირება და ა.შ.) შესრულებაზე კონტროლი. ძნელი მისახვედრი არ არის, რომ ეს პრინციპულად, აბსოლუტურად სხვა რამეა.
რაც შეეხება ბ-ნ სერგო ჩიხლაძის განცხადებას ჩემს „მავნებლობაზე“, ძალიან სამწუხაროა, რადგან მიმაჩნდა, რომ ბ-ნი სერგო განსხვავებული პოლიტიკური ორიენტაციის მიუხედავად, სერიოზული, კვალიფიციური და მეტ-ნაკლებად ობიექტური პიროვნება იყო, მაგრამ როგორც ჩანს, შევცდი.
ბატონო სერგო! თქვენ შესანიშნავად იცით, რომ ჩემი „მავნებლობა“ მხოლოდ და მხოლოდ იმაში გამოიხატება, რომ პანდემიის დაწყებიდან დღემდე თავდაუზოგავად ვცდილობ და მაქსიმუმს ვაკეთებ იმისთვის (და არც თუ წარუმატებლად), რომ რაც შეიძლება მეტი COVID-19-ით ავადმყოფი გადარჩეს და ქვეყანა რაც შეიძლება უკეთესად და ნაკლები დანაკარგებით გაუმკლავდეს COVID-19-ის პანდემიას. სწორედ ეს გაღიზიანებთ თქვენ და თქვენს თანამოაზრე „ჰეითერებს“ (სხვისი წარმატებისა და საკუთარი წარუმატებლობის მიმართ ფობია), რადგან ხელი გეშლებათ თქვენი მიზნების შესრულებაში. თქვენ და თქვენს თანამოაზრეებს, მათ შორის ახლადშექმნილ ექიმთა ასოციაციიდან არაფერი, აბსოლუტურად არაფერი არ გაგიკეთებიათ ქვეყნის და მოსახლეობის დასახმარებლად, სულ მცირედითაც კი არ შეგიწუხებიათ ამისთვის თავი და მოქმედებთ პრინციპით „რაც უარესი, მით უკეთესი“.
თქვენ გჭირდებათ აპოკალიფსი, რათა შემდეგ მოსახლეობა აამხედროთ ქვეყნის ხელმძღვანელობის და ექიმების წინააღმდეგ. დაარწმუნოთ ადამიანები, რომ ქვეყნის ხელმძღვანელობა, ჯანდაცვის სამინისტრო და კლინიკური ჯგუფი არაფერს და ვერაფერს აკეთებს მათ დასაცავად და ამის გადაფარვას მხოლოდ მკაცრი შეზღუდვებით და ისევ მოსახლეობის ეკონომიკური შევიწროვებით ცდილობს, რომ ჯანდაცვის სისტემა ჩამოშლილია, ხოლო მთავრობამ თავისი მოქალაქეები ბედის ანაბარად მიატოვა.
ვინ ვინ და თქვენ ხომ შესანიშნავად იცით, თუ რა ხდება სხვა ქვეყნებში – რამდენად უარესი მდგომარეობაა იქ – რომ ინგლისში, საფრანგეთში, გერმანიაში, ისრაელში, ბელგიაში და სხვა ქვეყნებში შეზღუდვები/ლოქდაუნები გაცილებით, შეუდარებლად უფრო მკაცრია ვიდრე საქართველოში და კიდევ უფრო მკაცრდება. ამ ქვეყნებში ადამიანებს უსაბუთოდ ბინიდან გამოსვლაც კი ეკრძალებათ და მხოლოდ სამსახურში, მარკეტსა და აფთიაქში შეუძლიათ წასვლა და ა.შ. ვინ დაიჯერებს, რომ თქვენ ქვეყნის ხელმძღვანელობაზე და ჩვენზე მეტად გადარდებთ ადამიანების ბედი ან ქვეყნის ეკონომიკის ბედი.
მართლა ასე რომ იყოს, თქვენი თანამოაზრეები არ უსაყვედურებდნენ ქვეყნის ხელმძღვანელობას, თუ რატომ არ დაუშვეს გაზაფხულ/ზაფხულზე COVID-19-ის ე.წ. „დოზირებული“ გავრცელება?! (სრული ნონსენსი). არ გააპროტესტებდნენ პირბადეების ტარებას?! (იხ. ცნობილი პოსტი და მიმართვა მთავრობისადმი), არ ურჩევდნენ მოსახლეობას და COVID ავადმყოფებს (ბოლშევიკური პლაკატების გამოყენებით) უარი სთქვან თრომბოემბოლიზმის საპროფილაქტიკო გამოკვლევებსა და მკურნალობაზე?! არ გამოვიდოდნენ COVID-19-ის სამკურნალოდ რემდესივირის, კონვალესცენტების პლაზმის და ტოცილიზუმაბის გამოყენების წინააღმდეგ, არ გაილაშქრებდნენ COVID სასტუმროების წინააღმდეგ და ა.შ. და ა.შ. აი სწორედ ეს არის მავნებლობა და თქვენი ინტელექტის და გამოცდილების ადამიანი არ შეიძლება ამას ვერ ხვდებოდეს.
ან ავიღოთ თუნდაც დიდი ქალაქების სკოლებში დისტანციური სწავლების გაგრძელების წინააღმდეგ კამპანია და ყველა სკოლის უპირობოდ გახსნის მოთხოვნა, იმ მოტივით, რომ ამის არგაკეთება ისეთ ზიანს მიაყენებს ბავშვებს, რომლის ანაზღაურებაც ვერასდროს მოხერხდება. ვინ დაიჯერებს, რომ ამ იაფფასიანი კამპანიების ავტორებს ქვეყნის ხელმძღვანელობაზე და განათლების და ჯანდაცვის სამინისტროებზე მეტად აღელვებთ ბავშვების ბედი. ან კიდევ ინგლისში, გერმანიასა და სხვა ქვეყნებში, სადაც სკოლებში უფრო მეტი შეზღუდვებია, ვერ ხვდებიან რა უფრო საზიანო იქნება ბავშვებისთვის და ქვეყნისთვის – სკოლების გახსნა, თუ არ გახსნა. როცა ამ კამპანიის ავტორები ამბობენ, რომ COVID-19 ბავშვებს დიდ საფრთხეს არ უქმნის, ჯერ ერთი ეს ასე არ არის, რასაც მოწმობს თუნდაც ბოლო პერიოდში ქვეყანაში დაფიქსირებული ე.წ. მულტისისტემური ანთებითი სინდრომის ათეულობით შემთხვევა და გარდა ამისა, ამ ბავშვებს ხომ ჰყავთ მშობლები, ბებიები და ბაბუები, რომელთაც ისინი დაასნებოვნებენ და საბოლოო ჯამში COVID-19-ის ეპიდ. სიტუაცია ისევ მკვეთრად გაუარესდება, რაც ბუმერანგივით დაარტყამს, როგორც ადამიანების ჯანმრთელობას და სიცოცხლეს, ისე მათი ცხოვრების დონეს და ეკონომიკას.
აი, ასეთია სინამდვილე და სიმართლე, რისი აღიარებაც თქვენ და თქვენს თანამოაზრეებს ცოცხალი თავით არ გინდათ“, – წერს „ფეისბუქში“ თენგიზ ცერცვაძე.