პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერი თაკო ჩარკვიანი ჟურნალისტებთან მისი პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილებაზე საუბრობს. მისი თქმით, პარლამენტი მრავალპარტიული გახდა, რითიც ბოიკოტს აზრი დაეკარგა, სწორედ ამიტომ ისინი ხელისუფლების წისქვილზე წყლის დასხმას არ აპირებენ და უმრავლესობის წარმომადგენლებს კომფორტის ზონიდან გამოიყვანენ. ამის მაგალითად ჩარკვიანს დღევანდელი სხდომა მოჰყავს, რომელიც მისი შეფასებით „მწვავე“ იყო.
ჩარკვიანის განმარტებით, ოპოზიციის ნაწილის მხრიდან შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერა შეცდომა იყო და ოპოზიციას ბოიკოტის რეჟიმი უნდა შეენარჩუნებინა, რითიც „რეფორმირებული ვადამდელი არჩევნები ექნებოდათ ხელში“, თუმცა სრულიად სხვა ვითარება შეიქმნა და პოლიტიკური სპექტრი იძულებული გახდა პარლამენტში შესულიყო.
„მრავალპარტიული გახადეს ხელმომწერებმა უკვე პარლამენტი, ბოიკოტს დაუკარგეს აზრი, ამიტომ ახლა ჩვენ ნამდვილად არ დავასხამთ ხელისუფლების წისქვილზე წყალს და ამ კომფორტის ზონიდან გამოვიყვანთ, თქვენ ნახეთ როგორი მწვავე იყო დღეს სხდომა, ზუსტად ამიტომ შემოვედით.
რომ ვნახეთ მოცემულობა სხვა შექმნეს უკვე და პოლიტიკური მოცემულობა სხვა მივიღეთ იმ ხელისმომწერების გამო – იყო ერთპარტიული პარლამენტი ბოიკოტის გამო და მთელი მსოფლიოს პოლიტიკოსები ჩამოვიყვანეთ, აქ დავსვით, უნდა მოეთმინათ და დღეს არც ამნისტიის ამ ფორმაზე იქნებოდა საუბარი, ანრი ოხანაშვილის სალაპარაკო არ გახდებოდა ამნისტიის კანონპროექტი.
ვერ მოითმინეს და როგორც მე ვამბობ ხოლმე – შესხდნენ, ეს იყო პოლიტიკური შეცდომა, ახლა ძალიან გვიან არის ამაზე საუბარი, ამიტომ იმ პოლიტიკური მოცემულობიდან გამომდინარე, რაც მათ მოგვაწოდეს, მივიღეთ ფრიად სამწუხარო გადაწყვეტილება, ბოლომდე იმ აზრზე ვარ, რომ ბოლომდე უნდა დავრჩენილიყავით ბოიკოტის რეჟიმში და ჩვენ უკვე ხელში გვექნებოდა აუცილებლად რეფორმირებული ვადამდელი არჩევნები, მაგრამ სრულიად სხვა ვითარება შექმნეს, ამიტომ დარჩენილი პოლიტიკური სპექტრი იძულებული გახდა უკვე პარლამენტში შემოსულიყო და აქ შეგვექმნა მათთვის დისკომფორტი“, – განაცხადა ჩარკვიანმა.