უკრაინაში რუსული სამხედრო აგრესია გრძელდება. ამ ფონზე, კვლავ გრძელდება საერთაშორისო საზოგადოების მტკიცე მხარდაჭერა და სოლიდარობა უკრაინელი ხალხის მიმართ. ბოლო რამდენიმე დღეა, უკრაინელი ხალხის სიმამაცის შესახებ ვრცელდება ამბები და გამოითქმება სხვადასხვაგვარი შეფასებები.
რუსეთ–უკრაინის ომის ქრონოლოგიასა და მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით → ამ ბმულზე.
სწორედ უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება ჟურნალისტი, ნანა აკობიძე და სოციალურ ქსელში საინტერესო პოსტს აქვეყნებს.
“რატომ მშურს უკრაინის – რამდენიმე ობიექტური და სუბიექტური მიზეზი:
იმიტომ, რომ წინსვლის და უკანსვლის არცერთ ეტაპზე – არ შესძულდათ თავისი ქვეყანა და ერთმანეთი. ჩვენ – შეგვაძულეს.
იმიტომ, რომ ხალხი მათთან ნიშნავს მთელი ქვეყნის მოსახლეობას და არა – ქოცებად და ნაცებად, ლიბერასტებად და კომბლეებად,
პროვინციელებად და დედაქალაქელებად, ჩასარეცხებად და ელიტებად … დაყოფილი ადამიანების ერთობას;
იმიტომ, რომ როცა სხვა ქვეყანაში ჰუმანიტარულ ტვირთს გაგზავნიან, არ დააწერენ: უკრაინის მთავრობისგან. დააწერენ: უკრაინელი ხალხისგან;
იმიტომ, რომ უყურებ ამ ზელენსკის და გიჩნდება პატივისცემის და ნდობის განცდა;
იმიტომ, რომ უყურებ ამ ხალხს და გრძნობ, როგორ წაშალეს საბჭოთა მემკვიდრეობა საკუთარი თავებიდან და ხსოვნიდან; ერთადერთი რუსული ფრაზა, „იდი ნახუი“ დაიტოვეს – საჭირო დროს სწორ მისამართზე გასაშვებად;
იმიტომ, რომ წინა პრეზიდენტს, რომელიც ბრალდებულია (რა მნიშვნელობა აქვს, რაში), იარაღი უჭირავს და თავის ხალხთან ერთად იბრძვის;
იმიტომ, რომ „გაუმართლათ“ და „კარგ“ დროს მოუწიათ ბრძოლა: სოცმედიის განვითარების პიკზე, როცა ტვიტერი, ფეისბუქი თუ ინსტაგრამი ბირთვული იარაღია მათ ხელში;
მშურს, იმიტომ, რომ 2008 წელს გაცილებით ძნელი იყო მსოფლიოს დარწმუნება იმაში, რომ რუსეთი ოკუპანტია;
ჩვენ მაშინ შევძარით მსოფლიო, მაგრამ ვერ დავძარით – უკრაინამ დაძრა!
იმიტომ მშურს, რომ ჩვენც გვყავდა შინდისის გმირები, ანწუხელიძე…. მაგრამ მსოფლიოს ვერ გავაცანით ისინი – უკრაინელებმა შეძლეს და ამ რამდენიმე დღეში მათი ყველა გმირი და გმირობა ზეპირად ვიცით;
იმიტომ მშურს, რომ ძლიერის გვერდით დგომა ყველასთვის პატივია და უკრაინელები ღირსეულად იღებენ ამ პატივს;
დილით ვუყურებდი ვიდეოს, უკრაინელი ქალი, მანქანაში ბავშვით, როგორ „ახურავდა“ თავზე კბილებამდე შეიარაღებულ რუს ჯარისკაცს: შვილს აჩვენებდა მაგალითს, როგორ უნდა ელაპარაკო მტერს; შემშურდა იმიტომ, რომ ვეჭვობ, მე ვერ შევძლებდი ამას – თუ შიშის არა, ბრაზის, ბოღმის ან სიფრთხილის გამო.
მშურს იმ უკრაინელი ქალის, რომელმაც რუს ჯარისკაცებს უთხრა: ჯიბეში „სემიჩკა“ მაინც ჩაიყარეთ, რომ თქვენს ლეშზე მზესუმზირები ამოვიდესო. ვერც ამას შევძლებდი, იმიტომ, რომ ჩვენ არ გვასწავლეს (ვერ ვისწავლეთ) ვერც მტერთან ლაპარაკი და ვერც – დანარჩენ სამყაროსთან – ახლა ვსწავლობთ უკრაინელებისგან.
მშურს უკრაინელების – მსოფლიოს ახალ ისტორიას წერენ. თან ისე კარგად წერენ, არავის ენანება მათთვის მელანი და პასტა.
მშურს და ვალში ვარ.
და როცა ეს გრიგალი გადაივლის – მიზნის მიღწევით (არ ვიტყვი, რომ გამარჯვებით: ამხელა მსხვერპლის ფონზე სიტყვა გამარჯვება ალბათ სჯობს, მიზნის მიღწევით შეიცვალოს) პირველი ქვეყანა, სადაც ჩავალ, უკრაინა იქნება. აეროპორტის მესაზღვრიდან დაწყებული,
ყველა შემხვედრს ჩავეხუტები და ვეტყვი:
– თქვენ ვინ ყოფილხართ!
(არ ვიცი, როგორაა უკრაინულად – ვისწავლი)”, – წერს ნანა აკობიძე.