„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, დეპუტატი რომან გოცირიძე აცხადებს, რომ ლონდონში „თიბისი ბანკის“ აქციონერების გადაწყვეტილება, შეწყვიტონ ბანკთან დაკავშირებული დავა, საქართველოს სასამართლო სისტემის მიმართ პირდაპირი ვერდიქტია.
„თიბისი ბანკთან“ დაკავშირებულ საკითხზე რომან გოცირიძემ დღეს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ისაუბრა.
დეპუტატის შეფასებით, აღნიშნული გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ საქართველოში საკითხის სასამართლოში განხილვას აზრი არ აქვს.
„გუშინ ლონდონში „თიბისი ბანკის“ მნიშვნელოვანმა აქციონერებმა, მსოფლიოში ცნობილმა უდიდესი კომპანიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ისინი სასამართლო დავას წყვეტენ „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით და სარჩელი გამოაქვთ. ეს არის პირდაპირი ვერდიქტი საქართველოს სასამართლო სისტემისადმი, რომ საქართველოში საკითხის სასამართლოში განხილვას არავითარი აზრი არ აქვს, ვინაიდან სასამართლო „თიბისისთან“ დაკავშირებით შედგა ივანიშვილის შუშის სასახლეში და იმ ქურდული გარჩევის დროს ასით ნოლი დამარცხდა მამუკა ხაზარაძე. ხაზარაძე, რომელმაც როგორც თავად ამბობს, 500 დოლარიდან შექმნა მილიარდნახევრიანი ბანკი, ტოვებს, გააგდეს ამ ბანკიდან, იძულებული გახდა, წასულიყო,“ – განაცხადა რომან გოცირიძემ.
მისი თქმით, ერთი თვის განმავლობაში „თიბისი ბანკმა“ 200 მილიონი დოლარი იზარალა. ამ პროცესის გაგრძელების შემთხვევაში, უდიდესი რისკის ქვეშ დგებოდა არამხოლოდ „თიბისი“, არამედ საქართველოს საბანკო სისტემა.
„ის, რაც „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით ხდება და, რასაც პარლამენტი სამშაბათს გაერთიანებული კომიტეტის სხდომაზე განიხილავს, უნდა იყოს თითოეული თქვენგანის მსჯელობის საგანი. ეროვნული ბანკის პრეზიდენტს არ აქვს ნდობა, გააგრძელოს საქმიანობა. ამ ნდობით, ამ რეპუტაციით, მას საბანკო სისტემის მართვა არ შეუძლია. ეროვნული ბანკი გადაიქცა შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვესტრუქტურად. კითხვის ნიშნებია ანაკლიასთან დაკავშირებითაც. ვინც ამ პროექტის ჩაშლას დააპირებს, ქართველი ხალხი გაასამართლებს. მამუკა ხაზარაძე 20 პროცენტის მფლობელია, ბადრი ჯაფარიძესთან ერთად. 80 პროცენტში „ჯიპი მორგანია“ და სხვა გიგანტებია მონაწილე. როცა ამ გიგანტებს ამას უბედავთ ნებისმიერს გასრისავთ,“ – განაცხადა რომან გოცირიძემ ბიუროს სხდომაზე.
ოპოზიციონერ დეპუტატს ბიუროს სხდომაზე ვიცე სპიკერი გია ვოლსკი გამოეხმაურა და მის განცხადებას არაკომპეტენტური უწოდა.
„ეს არის კომპეტენტური ადამიანის არაკომპეტენტური გამოსვლა, განგებ, იმ განზრახვით, რომ შეცდომაში შეიყვანოს საზოგადოება. „ჯიპი მორგანის“ ხსენება ისე, რომ შეეშინდა რაღაც ქურდული გარჩევის, არაკომპეტენტური და არაეთიკური განცხადებაა. მეორე საკითხი, სასამართლოდან სარჩელი გამოაქვს, რადგან ზუსტად იცის, რაც მოხდა და მესამე, თვითონ მამუკა ხაზარაძეც არ უარყოფს ამ თემას, პირიქით, ამბობს რომ არ იცოდა,“ – განაცხადა ვოლსკი.
დეპუტატის შეფასებით, ფაქტი იმდენად ნათელია, რომ კამათი არ ღირს.
„ქურდული გარჩევაც თქვენს მხარეს მოიკითხეთ, სადისტობაც, არაკომპეტენტურობაც და თავგასულობაც. არ შეიძლება, ყველაფრის თქვენს პოლიტიკურ ინტერესზე ჩამოკიდება არსებობს სახელმწიფო ინტერესიც და ზოგჯერ, ამაზეც უნდა დაფიქრდეთ,“ – მიმართა გოცირიძეს გია ვოლსკიმ.
„თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე „თიბისი ბანკს“ ტოვებს. ასევე, როგორც ხაზარაძემ აღნიშნა, ლონდონში „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭომ ეროვნულ ბანკთან სამართლებრივი დავის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო.