თბილისის გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფის City Institute Georgia–ს დირექტორის მამუკა სალუქვაძის განცხადებით, დედაქალაქში სატრანსპორტო კორიდორები შეიქმნება.
რომელი საზოგადოებრივი ტრანსპორტი იმოძრავებს კორიდორებში, ამას უკვე დედაქალაქის მთავრობა გადაწყვეტს. განიხილება რამდენიმე ვერსია, მათ შორისაა ტრამვაი ან სწრაფი ავტობუსი.
ტრამვაი ქალაქისთვის ძვირი სიამოვნებაა, ამ პროექტს შესაძლოა რამდენიმე წელი დასჭირდეს, ხოლო „სწრაფი ავტობუსები“ მინიმალურ ხარჯებთანაა დაკავშირებული.
როგორც მამუკა სალუქვაძემ „ფორტუნასთან“ განაცხადა, სწორედ ამის გამო, გენერალურ გეგმაში, არ იქნება დაკონკრეტებული, რომელმა საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა უნდა გაიაროს დერეფანში.
„ჩვენ დაკონკრეტებით ტრამვაი აღარ გვიხსენებია, ჩვენ ვთქვით, რომ ქალაქს სატრანსპორტო დერეფნებს შევთავაზებთ, იქ ტრამვაის გაიყვანს მერია თუ სწრაფ ავტობუსს, ეს უკვე მათი გადასაწყვეტია. ეს ყველაფერი დაკავშირებულია იმასთან, რა საჭიროება იქნება და რა სახსრები იქნება გამოყოფილი
ტრამვაი გამორიცხული არ არის, შეიძლება ჯერ იყოს სწრაფი ავტობუსები და შემდეგ, იმავე კორიდორებში ტრამვაის შემოყვანის მცდელობაც იყოს– რატომაც არა, ჩვენ ამას მივესალმებით, უბრალოდ ტრამვაი ძვირია და ამიტომ არ ვწერთ გეგმაში ამას კონკრეტულად. შეიძლება ტრამვაი რამდენიმე წლის განმავლობაშიც ვერ გააკეთოს ქალაქმა…“, – განაცხადა მამუკა სალუქვაძემ „ფორტუნასთან“.
გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფის დირექტორის განცხადებით, ქალაქში სამი სატრანსპორტო კორიდორის მოწყობა იგეგმება:
- დიდი დიღომი-მაღლივი კორპუსი (მარშალ გელოვანის გავლით)
- მაღლივი კორპუსიდან გულიას მოედნამდე (ორთაჭალაში)
- კახეთის გზატკეცილი-რკინიგზიდან გამოთავისუფლებული ტერიტორია (ვაგზლის ტერიტორია) -რობაქიძის გამზირი -აღმაშენებლის ხეივანი.
მაშინ როცა სხვა სატრანსპორტო საშუალებები საცობში იდგებიან, საზოგადოებრივ ტრანსპორტს, რომელიც ამ კორიდორში გადაადგილდება, თავისუფლად სიარულის უფლება და პრივილეგია ექნება მიცემული.
„ჩვენ ამ სახით მივაწვდით გეგმას, ხოლო ქალაქი თვითონ განსაზღვრავს, რისი საშუალებაც იქნება. შესაძლოა, ამ კორიდორებში თავდაპირველად იყოს სწრაფი ავტობუსი – ანუ ეს კორიდორები გამოიყენონ ავტობუსებისთვის სპეციალური ხაზის მოსაწყობად, რომელზეც მხოლოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტი იმოძრავებს და მას ექნება პრივილეგია გაიარონ სწრაფად. მოქალაქეებსაც ეცოდინებათ, რომ ის თავის დროზე მივა დანიშნულების ადგილზე“, – განაცხადა მამუკა სალუქვაძემ.
მისივე თქმით, ეს ქალაქის განტვირთვასაც შეუწყობს ხელს.
„ნელ–ნელა გვინდა, რომ კერძო სატრანსპორტო საშუალებებიდან მოქალაქეები, საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადავიყვანოთ. როცა იცი, რომ ზუსტად 20 წუთში მიხვალ ერთი წერტილიდან, მეორე წერტილამდე, კერძო ავტომობილით კი დაგეხარჯება უფრო მეტი დრო, რა თქმა უნდა, შეიძლება გადაწყვიტო რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილდე“, – აღნიშნა გენ. გეგმაზე მომუშავე ჯგუფის დირექტორმა.
მამუკა სალუქვაძის განცხადებით, გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფი მერიას, ერთგვარ ჩარჩოებს, დერეფანს სთავაზობს, დედაქალაქის მთავრობამ კი აუცილებლად უნდა გააკეთოს სატრანსპორტო მოდელირება.
„უნდა დაითვალოს ნაკადები, იცოდეს სად რა ხდება და შემდეგ უკვე სატრანსპორტო მასტერპლანი გააკეთოს, სადაც გაჩერებებისა და სატრანსპორტო კვანძების დონეზე განიხილავს ტრანსპორტის მოძრაობის ორგანიზებას“, – განაცხადა მამუკა სალუქვაძემ.
ნახეთ ასევე, ჩვენი სტატია : ტრამვაის დაბრუნება და ველობილიკების მოწყობა – გენ.გეგმის სატრანსპორტო ინიციატივები
თამთა უთურგაშვილი