„11 აპრილიდან ყველა ექიმი საქართველოში ვალდებული იქნება მედიკამენტი გამოწეროს გენერიკული დასახლებით ანუ, ე.წ. აქტიური ნივთიერების მითითებით“, – აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს და განმარტეს, რომ რეგულაცია მეორე ჯგუფის მედიკამენტებზე ვრცელდება.
„თუ ადრე ექიმს შეეძლო პირდაპირ დაეწერა მიგ-400, ნუროფენი და ა.შ. ახლა მიუთითებს იბუპროფენს – აქტიური ნივთიერების დასახელებას.
აღარ ექნება ბრენდის მითითების შესაძლებლობა და როცა აფთიაქში მივა, პაციენტს იბუპროფენის შემცველ ყველაზე იაფ ალტერნატივას შესთავაზებენ და უკვე თვითონ პაციენტი გადაწყვეტს თავად, რომელი მედიკამენტი შეიძინოს“, – განმარტა ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა.
სამინისტროს განცხადებით, რეგულაცია ეხება ყველა კლინიკას, ყველა ექიმს და ვრცელდება მეორე ჯგუფის მედიკამენტებზე.
ცნობისთვის, მეორე ჯგუფში შედის შემდეგი მედიკამენტები: ანტიბიოტიკები, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების სამკურნალო საშუალებები, ჰორმონული, ონკოლოგიური და სხვა პრეპარატები, ასევე – წნევის მარეგულირებელი მედიკამენტები და ზოგიერთი ტკივილგამაყუჩებელი.