შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, „ქართული ოცნების“ მიერ მომზადებული ამნისტიის კანონპროექტი, რომელიც 20 ივნისის მოვლენებზეა მომზადებული სამართლიანია. მისივე განმარტებით, ყველაზე მძიმე მუხლი ნიკა მელიას აქვს წაყენებული და თუ ამნისტია მას შეეხება, ამნისტია უფრო მსუბუქ მუხლებსაც უნდა შეეხოს.
„მე არ მივიჩნევ, რომ ეს უსამართლოა, რომ პოლიციელებსაც ეხებათ, არა იმიტომ, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი ვარ და აქედან გამომდინარე, რომ პოლიციელებს ვიცავ. მოდი ასე შევხედოთ, ყველაზე მძიმე მუხლი ბატონ ნიკა მელიას აქვს მიყენებული, თუ ნიკა მელიას უნდა შეეხოს ეს ამნისტია, მაშინ უფრო მსუბუქ მუხლებს რატომ არ უნდა შეეხოს?! ეს ხომ უსამართლობა იქნება. მძიმე მუხლებს, მაგალითად 117-ე მუხლს ისედაც არ ეხება. ვთქვათ, მე უფრო მძიმე მუხლი მაქვს წაყენებული და მე მეხება, მაშინ მსუბუქი დანაშაული ვინც ჩაიდინა, იმათაც უნდა შეეხოთ, რა თქმა უნდა, ასე უფრო სამართლიანი იქნება“, – განაცხადა ვახტან გომელაურმა.