LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თუ ფიქრობთ, რომ ია-ვარდებით შეგვხვდებიან, „სპეციალურ ოპერაციას“ ჩავატარებთ, ცდებით“ – გიორგი კანაშვილი აფხაზეთისა და ცხინვალის „ღია შესაძლებლობების“ სცენარებზე

170
გიორგი კანაშვილი

„პერიოდულად, ისევ გაისმის ხოლმე ხმები, რომ აი ახლა დადგა ისტორიული მომენტი, რომელიც აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის საკითხის ძალისმიერად და სწრაფად გადაჭრის საშუალებას იძლევა. კარგი ისაა, რომ ასეთი პოსტები ქართულ სოციალურ სივრცეში ხშირად არ გვხვდება, ავტორნი კი ჯანსაღ კრიტიკას აწყდებიან“, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში კონფლიქტოლოგი გიორგი კანაშვილი წერს და აღნიშნული საკითხის ირგვლივ მოვლენების განვითარების რამდენიმე შესაძლო სცენარზე საუბრობს.

„ერთხელ, რუსეთის უკრაინაში შეჭრის კვალდაკვალ, უკვე დავწერე მცირე პოსტი ამ საკითხზე. მაშინ თემას უფრო ეთიკურ-მორალურ ჭრილში შევეხე. ამჯერად მინდა წარმოვადგინო პრაგმატული და ამასთანავე მარტივი არგუმენტები, ჩვენი კონფლიქტების იარაღის გზით გადაჭრის უპერსპექტივობასთან დაკავშირებით.

სცენარი – არგუმენტი 1. „ისტორიული მომენტი“. დროება მართლაც ისტორიულია, თუმცა იმის მტკიცება, რომ შესაძლებლობის ფანჯარა ღიაა და მხოლოდ ჩვენს „შებრძანებას“ ელის, რბილად რომ ვთქვათ – ნაადრევია. ზოგიერთებს რომ ფანჯარა ჰგონია, შესაძლოა ლომის ხახა აღმოჩნდეს. ომი არ დასრულებულა მეგობრებო და ნურც იმას გამოვრიცხავთ, რომ მთლად ისე არ დასრულდეს როგორც ჩვენს გვსურს. ამიტომ, საიდან ეს „ამჩატება“ ?! სრულიად გაუგებარია.

სცენარი – არგუმენტი 2. რუსეთი-უკრაინა „ფრე“. წარმოვიდგინოთ, რომ რუსეთმა უკრაინაში საწადელს ვერ მიაღწია: მძიმე უღლად ადევს სანქციები, ეკონომიკურ შეჭირვებაშია, რეგიონებში ბუნტის სული ტრიალებს; და ამ მშვენიერი დროს, ავისხით ტყვია-წამალი და გავეშურეთ ცხინვალისა და სოხუმისაკენ. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ გავხდებით იდეალური თავდასხმის ობიექტი.

დაგვსჯიან დემონსტრაციულად, ყველას დასანახად და არც არავინ დაგვეხმარება. უკრაინა თავს იცავს, აქ თეთრია და შავი, ჩვენზე კიდევ იტყვიან – დასუსტდა რუსეთი და ეს მცირე მტაცებელი თავისზე პატარებს დაერიაო. არავინ მოიწონებს ამ ომს დასავლეთში, მოხალისეებითა და მხარდამჭერებით არ გადაივსება თბილისი.

სცენარი – არგუმენტი 3. „ჩამოიქცა“. ახლა წარმოვიდგინოთ, რომ – რუსეთი დამარცხდა, აირია შიგნით ვითარება, ჩრდ. კავკასიაში სეპარატისტული მოძრაობა გაჩაღდა, მოკლედ ჩვენთვის მართლაც არ სცალიათ. დავრჩით ქართველები და ოსები, ქართველები და აფხაზები პირისპირ. შევედით…

თუ ფიქრობთ, რომ ია-ვარდებით შეგვხვდებიან, „სპეციალურ ოპერაციას“ ჩავატარებთ, სამ-ოთხ სეპარატისტ ლიდერს გავაქცუნებთ და ამით მორჩება ამბავი – ცდებით. იომებენ, ალბათ დამარცხდებიან და ეთნიკური წმენდის მოწყობა მოგვიწევს, ან თვითონ წავლენ.

მზად ვართ ამისთვის? შეგვარჩენს ამას დასავლეთი? ვთქვათ მზად ვართ და შეგვარჩინეს. და რომ გავა 10, 15, 20 წელი და ისევ წამოდგება რუსეთი ფეხზე?! მერე?! ისევ იმავე წრეზე არ დავტრიალდებით?! ამიტომ, ჩემი აზრით, ომი არ არის გზა. ეს არის მოჯადოებული წრე, ვისაც უნდა იტრიალოს ამ წრეზე – მე არ მინდა. მაშ რა არის გზა? როგორ უნდა ვიმოქმედოთ?

რეგიონში გეოპოლიტიკური მდგომარეობის რადიკალური ცვლილება, შესაძლოა მხოლოდ მე-3-ე სცენარის შემთხვევაში; ანუ მაშინ, როდესაც რუსეთს ჩვენთვის საერთოდ არ ეცლება (ვეჭვობ, რომ ასე განვითარდეს მოვლენები, მაგრამ დავუშვათ, რომ ასე მოხდა).

"ემზადებიან იმისათვის, რომ ადგილობრივებსაც მოუწევთ წასვლა, შეიძლება აფხაზებსაც" - გიორგი კანაშვილი ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსული ძალების გასვლაზე

ცხინვალიდან ტექნიკის საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილია გაყვანილი...მათ აქვთ ვალდებულება, რომ გაწვევის შემთხვევაში წავიდნენ იქ, სადაც მიუთითებს პუტინი და რუსეთი", - აცხადებს კონფლიქტოლოგი.

თუ ასეთი რეალობა დადგა, მგონი დიდი ანალიტიკოსობა არ უნდა იმას, რომ ცხინვალისა და სოხუმის მიდგომები ბევრ საკითხთან მიმართებაში გადაიხედება. აქამდე, მათ ზურგს უმაგრებდათ რუსული ჯარი და ფული; რა გასაკვირია, რომ მზაობა კომპრომისების ძიებისთვის არ იყო საარაკო სიმაღლეზე. მეორე მხარეს იჯდა – დამარცხებული, არც თუ ძლიერი და არც თუ მდიდარი ქვეყანა, რომელიც ვერც აშინებდა და ვერც ხიბლავდა მათ.

ახლა, მაგიდასთან იჯდება მათზე ბევრად ძლიერი, და გამდიდრების პერსპექტივის მქონე ქვეყანა – ეს იქნება ანგარიშგასაწევი ცვლილება. შანსი, რომელიც ქართველებმა, აფხაზებმა და ოსებმა ერთად უნდა გამოვიყენოთ. ან ნებით, მშვიდობიანად, ერთად დასავლეთში, ან ძალით და ვინ იცის სად…

ერთად – შეიძლება იყოს ფედერაცია, თუნდაც კონფედერაცია (გასვლის უფლების გარეშე). მარტივი იქნება – არა, არ იქნება. შესაძლებელია – მგონია, რომ კი.“ – წერს გიორგი კანაშვილი.

რუსეთ–უკრაინის ომის ქრონოლოგიასა და მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით → ამ ბმულზე.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g