“ნაციონალური მოძრაობის” წევრის, დავით კირკიტაძის განცხადებით, გლდანის N18 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არავითარი სერვისი არ არის და ხელისუფლება იტყუება.
კირკიტაძეს მაგალითად მოჰყავს ის 580 პატიმარი, რომლებსაც ბოლო ერთი წლის განმავლობაში სხვადასხვა სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანა დასჭირდა.
მისივე თქმით, თუკი ყოფილი პრეზიდენტის სიცოცხლეს და ფსიქიკას რაიმე უქმნის საფრთხეს, ეს არის გლდანის ციხე:
“თუკი გლდანის ციხეში ყველაფერი წესრიგშია, უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში, რატომ გადაიყვანეს 580 პატიმარი სხვადასხვა სამკურნალო დაწესებულებაში? იმიტომ, რომ იქ არ არის არავითარი სერვისი და ხელისუფლება გვატყუებს. საზოგადოებას მინდა ვუთხრა, ნუ დაუჯერებენ ამ ბილწ, მატყუარა ადამიანებს.
თუკი სადმე სააკაშვილის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას და ფსიქიკას საფრთხე ემუქრება, ეს არის გლდანის ციხე და ამას შეგნებულად აკეთებენ.
სამოქალაქო კლინიკაში ის მეტად დაცული იქნება. რატომ გახდა განსაკუთრებული შემთხვევა ეს, თუ არა სიძულვილის და შურისძიების გრძნობით შეპყრობილი ხელისუფლება.” – განაცხადა კირკიტაძემ.
შეგახსენებთ, დავით კირკიტაძე ერთ-ერთია იმ 9 დეპუტატიდან, რომლებმაც ელენე ხოშტარიას შემდეგ, ასევე შიმშილობა დაიწყეს პარლამენტში.
მათი მოთხოვნა უცვლელია – მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა.