ჩვენ თუ პარლამენტში შევედით, ეს იმას არ ნიშნავს, რომ უარს ვამბობთ საერთოდ ქუჩის აქციებზე, პირიქით. ქუჩის აქციები იქნება და საპროტესტო მუხტიც – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა.
რაც შეეხება პარლამენტში შესვლა-არშესვლის საკითხს, უდუმაშვილის თქმით, გადაწყვეტილება, შესაძლოა, კიდევ ორი კვირა ვერ მიიღონ.
„მთელი ამ წლების განმავლობაში ჩვენი დეპუტაცია მუდმივად იყო პარლამენტში წარმოდგენილი, მაგრამ ეს არ ნიშნავდა იმას, რომ პარალელურ რეჟიმში ქუჩის აქციები არ იმართებოდა. ცოტა არის მიზეზი „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში აქცია გამართო? რა ხდება ქვეყანაში? რა ეკონომიკური პირობებია, გაღატაკებული მოსახლეობაა. პარლამენტში ჩვენ შევდივართ იმისთვის, რომ ეს პრობლემები წინა პლანზე დავაყენოთ. ოპოზიცია ამ პრობლემებს ვერ აგვარებს, ამას აგვარებს ხელისუფლება. ჩვენ ბუნებრივია ერთდროულად ვიქნებით როგორც საპარლამენტო ოპოზიცია, ასევე ქუჩის ოპოზიცია. ვიდრე ხელისუფლებაში არის „ქართული ოცნება“, ეს ორივე სეგმენტი უნდა იყოს ძალიან აქტიურად გამოყენებული. ვერც მარტო საპარლამენტო მუშაობა და ვერც მარტო ქუჩის პროტესტი ვერ მოაგვარებს ამ ვითარებას, ვფიქრობ, ორივე ერთად უნდა იყოს წამოდგენილი“, – განაცხადა უდუმაშვილმა “პალიტრანიუსის” ეთერში.
ცნობისთვის, პარტიის თავმჯდომარემ, ნიკა მელიმ 12 მაისს თქვა, რომ პარლამენტში შესვლის შესახებ პარტიაში კონსულტაციები მიმდინარეობს და გადაწყვეტილება უახლოეს პერიოდში იქნება ცნობილი.