LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ რომელიღაც პარტია გონივრულ კომპრომისზე არ მოდის, ეს ვერ იქნება ქვეყანაში პოლიტიკური პროცესის გამაჩერებელი, სურვილი მაქვს, რომ ყველა კომპრომისისკენ გადმოიხაროს: ქადაგიშვილი

46
ირაკლი ქადაგიშვილი

“თუ რომელიღაც პარტია გონივრულ კომპრომისზე არ მოდის, ეს ვერ იქნება ქვეყანაში პოლიტიკური პროცესის გამაჩერებელი.” – ამბობს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ქადაგიშვილი და აღნიშნავს, რომ მმართველი გუნდი იმ პარტიებთან გავაგრძელებს მუშაობას, ვისაც საქართველოს მომავალ დემოკრატიულ განვითარებაზე აქვს ხედვა.

ქადაგიშვილმა იმ დოკუმენტზეც გაამახვილა ყურადღება, რომელიც კრისტიან დანიელსონმა უნდა წარადგინოს და აღნიშნა, რომ მის მიერ გაჟღერებულ ტექსტზე ხელისუფლებას სრული მზაობა აქვს:

“დანიელსონის მიერ გაჟღერებულ ტექსტზე სრული მზაობა გვაქვს. კონკრეტულად რა დოკუმენტი დაიდება, ამაზე საუბარი ნაადრევია, რადგან იმ დრაფტშიც, მოლაპარაკების პროცესში, შეიძლება გარკვეული კორექტივები მოხდეს. თავისთავად, კარგი იქნება, როცა ყველა პოლიტიკური პარტია თანხმდება, მაგრამ თუ რომელიღაც პარტია გონივრულ კომპრომისზე არ მოდის, ეს ვერ იქნება ქვეყანაში პოლიტიკური პროცესის გამაჩერებელი. ქვეყანა ვერ იქნება დამოკიდებული ობსტრუქციაზე და დესტრუქციაზე. აქედან გამომდინარე, ფრთხილ ვარაუდს გამოვთქვამ, რომ ვიღაც ხელს არ მოაწერს.

სურვილი მაქვს, რომ ყველა კომპრომისისკენ გადმოიხაროს, მაგრამ თუ არ გადმოიხრება და ეს მათი განცხადებებიდან კარგად იკითხება, ამ შემთხვევაში მუშაობას იმ პარტიებთან გავაგრძელებთ, ვისაც რეალურად აქვს ხედვა საქართველოს მომავალ დემოკრატიულ განვითარებაზე.” – თქვა უმრავლესობის წევრმა.

შეგახსენებთ, ევროსაბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი დღეს ოპოზიციასა და მმართველ გუნდს კონკრეტულ შეთავაზებას წარუდგენს.

magti 5g