LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: მაკა ძაგანიას მშვიდი ოჯახური ცხოვრება ქალაქგარეთ: „ვაზში შესვლა ჩემთვის დღესასწაულის ტოლფასია… გიგა უფრო მეტად გაერკვა და ის მასწავლის ყველაფერს…“

4044
მაკა-ძაგანია

მაკა ძაგანიასა და გიგა ცერცვაძის იდილიური ოჯახური ცხოვრება ქალაქგარეთ ვენახის გაშენებამ კიდევ უფრო გაამყარა და სხვა ელფერი მისცა. ვენახში ყოველდღიური შრომა ბიოღვინის წარმოების სურვილს უკავშირდება, მთელი სამომავლო გეგმები სწორედ ღვინოს უკავშირდება, პროფესიული პაუზა კი, როგორც მაკას სჯერა, დროებითია და სერიალის „ჩემი ცოლის დაქალების“ აღდგენასაც ელოდება…

როგორ გაატარეთ ოჯახმა გიოს დაბადების დღე, რომელიც ახლახან 10 წლის გახდა?

ოჯახურად. შარშან გვქონდა ცენტრში დაბადების დღე, წელს აღარ გადაგვიხდია და სახლში ვიყავით, თუმცა ტორტი ჩავაქრეთ. მოკრძალებული დაბადების დღე გვქონდა.

გიოს, ალბათ, ყველა შენ გამსგავსებს…

ჩემი პატარაობის ფოტო გვიდევს სახლში და ისეთ ასაკში რომ ჩავარდა, უკვე ლაპარაკი დაიწყო, რომ დაინახა, იკითხა, ეს მე ვარო? ძალიან მგავს, თუმცა მამამისის ნაკვთებიც აქვს. ვისაც ჩემი პატარაობა არ ახსოვს, იყოფა აზრები, ვის ჰგავს, მამას თუ დედას. მერე რომ ნახავენ ჩემს ფოტოს, აზრი ეცვლებათ. დედას კაცია, დედას ჰგავს. ხასიათით – უფრო ორივეს. მე და გიგაც რაღაცით ვგავართ ერთმანეთს. ერთადერთი, რაშიც არ ვგავართ, ისაა, რომ გიგა უფრო იმპულსურია, ვიდრე მე… მე, მაგალითად, შემიძლია, როცა რაღაცაზე გავბრაზდები, მოვითმინო, დავმშვიდდე და მერე ავუხსნა…

მეორე ნახევრის იმპულსურობას როდის მიეჩვიე?

რომ გაიცნობ ადამიანს, მალევე ხვდები ბევრ რამეს. ვთქვათ, ვიკამათეთ, გავბრაზდით, 15 წუთში შეიძლება არაფერი გვახსოვდეს. გაბუტვა არ გვახასიათებს.

საერთო საქმე უფრო აახლოვებს ადამიანებს…

ერთი მიზნისკენ რომ მიდიხარ, უფრო მნიშვნელოვანია. სალაპარაკოც ბევრი გაჩნდება, საქმე გაქვს დასაგეგმი, სამომავლოა თუ იმ მომენტის…

ქალაქგარეთ საცხოვრებლად გადასვლა და ვენახის გაშენების ამბავი სპონტანური გადაწყვეტილება იყო თუ ნაფიქრი?

პანდემიის დროს, როცა მარტყოფის აგარაკებზე წავედით, ასე ვთქვათ, პანდემიას გავექეცით. მერე, როცა პანდემია გაგრძელდა, ნელ-ნელა დავიწყეთ იქაური ცხოვრებით ცხოვრება, მიწა, ბოსტანი… მივხვდით, რომ ბევრად მეტი გვინდა, ვიდრე ბოსტანია. დავიწყეთ ფიქრი, რა და როგორ ჯობდა – ხეხილი ჯობია თუ ყურძენი? მაგრამ ორივეს ვაზმა გვძლია, გენეტიკურად ისე დევს ჩვენში ეს ამბავი…

მერე, ალბათ, წამოვიდა ძალიან ბევრი სირთულე…

ფიზიკური შრომის გარდა, წამოვიდა ფინანსური სირთულეები. ბევრი წერდა ჩემზე, მაგას რა ენაღვლებოდა, დანაზოგი ექნებოდაო. მსახიობზე რომ ამას იტყვი საქართველოში (იცინის)… რთული პერიოდი იყო, ისედაც უმუშევრად ვიყავით დარჩენილები… რაღაცნაირად მოვახერხეთ სესხის აღება, გაგვიმართლა. ყველაფერი ისე აეწყო, თითქოს ასეც უნდა მომხდარიყო. მიუხედავად იმისა, რომ რთულია ბანკთან ურთიერთობა, მაინც ძალიან მადლობელი ვარ.

როგორ ღვინოს აწარმოებთ?

ბიოღვინოს, სერტიფიკატზე განაცხადი უკვე შევიტანეთ და პირველი შემოწმებაც გავიარეთ. სამი წელი სჭირდება ამ სერტიფიკატის მიღებას – მერე ვიტყვი, რომ ბიოწარმოება გვაქვს. ეს, რა თქმა უნდა, უფრო რთულია, მოსავლელად ბევრად ძნელია და ფინანსებიც მეტი უნდა.

არ ვიცი, სამომავლოდ რა იქნება, მაგრამ ვაზში შესვლა ჩემთვის არის დღესასწაულის ტოლფასი. სხვანაირად ვისვენებ. მიუხედავად ფიზიკური შრომისა, ტვინი ისვენებს და სხვა საზრდოს იღებ. იმდენად სასიამოვნოა ეს დაღლა, რომ არ ვიცი… მიმაჩნია, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორი განწყობით შედიხარ ამა თუ იმ სამსახურში. თუ არ გიყვარს, ტანჯვად გექცევა და ის ხარისხიც აღარ არის. მგონი, გიგას ჩემზე მეტად აქვს ეს დამოკიდებულება, გიგა უფრო მეტად გაერკვა, ის მასწავლის რაღაცებს. შეცდომებსაც ბევრს ვუშვებთ, მაგრამ ვხვდებით და მომავალ წელს აღარ გავაკეთებთ…

თქვენი ვაჟი, გიორგიც ჩართულია ამ საქმიანობაში?

ჩართულია, თუმცა არ ვაძალებთ, არ მინდა, რომ მისთვის რუტინასავით იყოს. როცა სურვილი აქვს, რომ ჩვენთან ერთად რაღაც გააკეთოს, შემოდის. მერე გადადის ონავრობაში და ამასაც არ ვუკრძალავ. ეს საქმე მე და ჩემმა ქმარმა წამოვიწყეთ, თუ ჩემი შვილები აჰყვებიან და გააგრძელებენ, ძალიან გამიხარდება, თუ არა, არ დავაძალებ. ეს ჩვენი არჩევანია.

ახლა უფროს ქალიშვილზე ვისაუბროთ, პირველი ქორწინებიდან. ნუცა როგორი გოგოა? მგონი, ისიც გგავს გარეგნულად…

ნუცა იერით მგავს, თორემ არც ერთი ნაკვთი არ აქვს ჩემი. რომ შემოგვხედავენ, ამბობენ, დედა, როგორ ჰგავს დედამისსო. ხასიათითაც არ მგავს, ნუცა რომ გაჩნდა, დავხედე და ვთქვიო, ლოყაზე ნაჩვრეტით მგავს, მეტი საერთოდ არაფრით-მეთქი.

როგორი ურთიერთობა გაქვთ დედა-შვილს?

ძალიან სასაცილო, მე ვერ აღვიქვამ შვილად და ის ვერ აღმიქვამს დედად, გაურკვეველი ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა (იცინის). 19 წელია ჩვენ შორის სხვაობა. თავიდან, როგორც შვილს, ისე ვზრდიდი, როგორც კი წამოიზარდა, უფრო სხვანაირი ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა.

გიგა და ნუცა როგორ უგებენ ერთმანეთს?

მშვენიერი ურთიერთობა აქვთ, დამოკიდებულებებიც კარგი, კარგად გრძნობენ თავს ერთად.

ბოლო წლებში, როგორ გრძნობ, ხომ არ დააკელი პროფესიას ყურადღება?

წამი არ დამიკლია, უბრალოდ, ასე მოხდა, რომ პაუზა მაქვს. თეატრში პანდემიამდე მოიხსნა ჩემი სპექტაკლები. პანდემია რომ დამთავრდა, აღარ განახლებულა, ერთადერთი სპექტაკლი ვითამაშე წინასაახაწლოდ. ერთხელ მქონდა შემოთავაზება სხვა თეატრიდან, მაგრამ გიო პატარა იყო, ქალაქგარეთ უნდა ყოფილიყო რეპეტიცია და მაშინ ვთქვი უარი, მაგრამ პროფესიისთვის ყურადღება ნამდვილად მე არ დამიკლია. სპექტაკლები არ მაქვს, სერიალი გაჩერდა.

პროფესიული პაუზა გულისწყვეტას უკავშირდება?

დანაკლისია და განვიცდი, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ დამთავრდა, მოლოდინის რეჟიმი მაქვს. სერიალზეც კი არ მაქვს ის განწყობა, რომ აღარ იქნება. ვერ ვუშვებ… სულ მგონია, რომ ეს არის დროებითი პაუზა. დღეს ან ხვალ, მგონია, აუცილებლად აღდგება. „ჩემი ცოლის დაქალები“ არის ჩემი ცხოვრების ნაწილი, 12 წელს რომ გაატარებ ერთსა და იმავე ადგილას და ერთი გმირის გარეშემო, ძალიან ძვირფასია.

სამომავლო გეგმებს სახავ?

ამ ეტაპზე, სავარაუდოდ, ჩემი წარმოსახვა მაინც ისევ ღვინოს უკავშირდება. ახალი წამოწყებაა და ახალი გამოწვევა. ბევრ რამეზეა დამოკიდებული წარმატება, როლს რომ მოგცემენ, ან შეასრულებ, ან ვერა, შენზეა დამოკიდებული, ვენახის შემთხვევაში – წარმატება ბევრ რამეს უკავშირდება. ჩემი ქმარი და მე სულ ვოცნებობთ, რამდენიმე წელიწადში ბოთლებს რომ დავიკავებთ ხელში და წავალთ სხვადასხვა ფესტივალზე… გიოც ისეთ ასაკში იქნება, რომ დატოვება შემეძლება თავისუფლად და ვაპროწიალებთ ჩვენს ღვინოს სხვადასხვა ქვეყანაში. აქამდე ისე აგვეწყო ყველაფერი, გეგმით, როგორც ჩავიფიქრეთ, მიუხედავად სირთულეებისა, მაინც ვახერხებთ, რასაც ვიტყვით, გავაკეთოთ… ვნახოთ, რა იქნება სამომავლოდ…

ინტერვიუ: ნინო მურღულია

magti 5g