LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“თუ სამშობლოსადმი თავდადება დაქირავებულობაა და ისინი მას ცუდს უწოდებენ, მაშინ ვიყო მათთვის ცუდი” – უკრაინაში მებრძოლი ქართველები საქართველოში დაბრუნდნენ

182
ing (1)

უკრაინაში მებრძოლი ქართველი სამხედროები სამშობლოში დროებით დაბრუნდნენ.

ქართველ მეომრებს აეროპორტში ოჯახის წევრები და ახლობლები ემოციებით დახვდნენ.

ისინი უკვე რამდენიმე წელია უკრაინაში იბრძვიან. მებრძოლები სამშობლოში მცირე ხნით ჩამოვიდნენ და მალე, ისევ უკრაინაში დაბრუნდებიან.

აეროპორტში მებრძოლებს დახვდა ადვოკატი ბექა ბასილაიაც, რომელიც ომის დაწყების შემდეგ, თავადაც იმყოფებოდა უკრაინაში:

“ჩვენი მეგობრები, მებრძოლები, ჩვენი მეთაური ჩამოვიდა, ესენი არიან ადამიანები, რომლებიც უკრაინაში საქართველოს მშვიდობისთვის იბრძვიან. ასეულობით არიან, უკვე 2 000-მდე ქართველი იბრძვის უკრაინაში, იმისთვის, რომ საქართველოს მთავარი მტერი, ოკუპანტი რუსეთი უკრაინის მიწაზე დამარცხდეს და ამის შემდეგ სამშვიდობოს საქართველოც გავა.

მათზე ვინმე რომ იტყვის, დაქირავებულია და მოღალატეა, სწორედ ამის მთქმელია მოღალატე. ესენი არიან ბიჭები, რომლებიც საქართველოსთვის იბრძვიან და არავითარი ანგარებითი ინტერესი არ არის. პირიქით, ჩვენი სახსრებით, მაქსიმალურად ვცდილობდით, რაც შეგვეძლო დავხმარებოდით იქ მიმდინარე სიტუაციას, იქნებოდა ლოჯისტიკური საკითხის გადაწყვეტა თუ სხვა… რა დაქირავებულზეა საუბარი, პირიქით, იქით ვეხმარებოდით ძალიან ბევრ რამეში, სიცოცხლესა და ჯანმრთელობასთან ერთად, მატერიალურადაც”, – განაცხადა ბექა ბასილაიამ.

სამშობლოში 6 წლის შემდეგ, პირველად დაბრუნდა ერთ-ერთი მებრძოლი:

“სამშობლოში 6 წლის შემდეგ, ცოტა არ იყოს, არა ჩვეულ ფორმაში ვარ… ამდენი ახლობელის, ამდენი ადამიანის ერთად ნახვა… დიდი მადლობა მინდა გადავუხადო აქ მოსულ ადამიანებს ამ ყურადღებისთვის, ამ მომენტში ბევრის თქმა არ შემიძლია. დასრულდება ჩვენი შვებულება და ისევ დავბრუნდებით და ჩვენს დანაყოფს შევუერთდებით”, – განაცხადა მებრძოლმა და ასევე გამოეხმაურა განცხადებებს იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს ისინი დაქირავებული მებრძოლები და კონკრეტული პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები არიან:

“ჩვენ არანაირ პოლიტიკურ პარტიას არ წარმოვადგენთ და იმ ხალხს, ვინც ჩვენზე ამბობს, რომ დაქირავებულები ვართ, ვეტყვი, რომ თუ სამშობლოსადმი თავდადება დაქირავებულობაა და თუ სამშობლოსთვის საერთო მიზნისთვის საქმის კეთება არის მათთვის არა ჩვეული ფორმა და ისინი მას ცუდს უწოდებენ – მაშინ მათი მხრიდან ვიყო მე ცუდი, მაგრამ მათ სიტყვას ისტორია განსჯის და ისტორია ყველაფერს ხედავს”, – აღნიშნა ქართველმა მებრძოლმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g