LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ სასამართლო დარჩება სამართლებრივ სივრცეში, მაშინ ამ საქმეზე გამამართლებელი განაჩენის მოლოდინი მაქვს…არავითარი საფუძველი ამ ბრალდებას არ გააჩნია: ზვიად კორძაძე ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე

134
ზვიად კორძაძე

„თუ სასამართლო დარჩება სამართლებრივ სივრცეში, მაშინ ამ საქმეზე გამამართლებელი განაჩენის მოლოდინი მაქვს…არავითარი საფუძველი ამ ბრალდებას არ გააჩნია“, – ამის შესახებ ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის ადვოკატმა ზვიად კორძაძემ „ფორტუნას“ გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.

ჯაფარიძე-ხაზარაძის საქმეზე მოსამართლე გადაწყვეტილებას ხვალ გამოაცხადებს

„თუ სასამართლო დარჩება სამართლებრივ სივრცეში, მაშინ ამ საქმეზე გამამართლებელი განაჩენის მოლოდინი მაქვს, რადგან არავითარი საფუძველი იმ ბრალდებას, რომელსაც ამდენი ხნის განმავლობაში ვიხილავთ და რომლის გამოც არის საქმე აღძრული, სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია. ეს დადასტურდა სასამართლო განხილვის დროს. ამიტომ, იმედი მაქვს, რომ სასამართლო არ გასცდება სამართლებრივ ფარგლებს და აღნიშნულ შემთხვევაში გამოიტანს გამამართლებელ განაჩენს“, – აცხადებს ზვიად კორძაძე.

ადვოკატი ზვიად კორძაძე ავთანდილ წერეთლის განცხადებასაც ეხმიანება, რომელიც წერს, რომ „პროკურორმა ბრძანა, ბანკი დაზარალდაო. თუ ბანკი დაზარალდა, ბანკს უნდა ეჩივლა მამუკასთვის და ბადრისთვის, მაგრამ არ ყოფილა ზარალი და არც უჩივლია“.

კორძაძის განმარტებით, „ეს უბრალოდ იმ აუცილებლობით გამოწვეული არგუმენტი იყო, რომელიც პროკურატურას ბრალდების გასამართლებლად სჭირდებოდა“.

„დღეს არათუ ბანკის არანაირი საჩივარი არ არსებობს, რადგან ზარალი არ არსებობს ბანკთან მიმართებაში. პროკურატურამ საქმის განხილვის დროს მოხსნა ბანკის გენერალური დირექტორი მოწმეთა სიიდან და არ დაკითხა. თუ მიაჩნდა, რომ ბანკს რამე ზარალი მიადგა, მაშინ სულ მცირე, უნდა მოეყვანა პროცესზე და ეკითხა მათთვის. ამ კითხვაზე პასუხი გამოძიების დროს გაცემული აქვს „თიბისი“ ბანკის დირექტორს და ის ამბობს, რომ არავითარი ზარალი „თიბისი“ ბანკს ამ ოპერაციისგან არ მიუღია. ეს უბრალოდ იყო იმ აუცილებლობით გამოწვეული არგუმენტი, რომელიც პროკურატურას სჭირდებოდა იმისთვის, რომ გაემართლებინა ბრალდება, მაგრამ არავითარ საფუძველს ეს არგუმენტი არ ემყარება“, – აცხადებს ზვიად კორძაძე.

მამუკა ხაზარაძე: შემოთავაზება გვქონდა ბიძინა ივანიშვილისგან, იქნებ დავამთავროთო – ან ვალში უნდა იყო მასთან, ან უნდა იყო „გაშავებული“ მის სიაში

ხაზარაძე პროკურორს – შენ გგონია 9 წლის მეშინია? ციხეში წასვლის მეშინია?

კორძაძე, მამუკა ხაზარაძის განცხადებასაც ეხმიანება, რომელიც ამბობს, რომ „ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმის დაწყება ანაკლიის პროექტის შეჩერებასა და შესაბამისად ქართული ოცნების მხრიდან რუსული საქმის შესრულებას უკავშირდება“. ადვოკატის თქმით, მაშინ, როდესაც სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ, აღნიშნული ფაქტორები იკვეთებოდა.

„მე მინდა, ხვალინდელმა პროცესმა დაადასტუროს და გაფანტოს აღნიშნული ეჭვები. მაშინ, როდესაც დაიწყო აღნიშნული საქმეზე სისხლის სამართლებრივი დევნა მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ, ეს ფაქტორები იკვეთებოდა. პრესკონფერენციები, რომელსაც პროკურატურა ატარებდა, პირდაპირ ემთხვეოდა ანაკლიის გარშემო მიმდინარე მოვლენებს. შესაბამისად, ეს ცალსახად ჩანდა მაშინ. მე დიდი იმედი მაქვს, რომ ხვალინდელი განაჩენით დასრულდება ამ ქვეყანაში პოლიტიკური და სამართლებრივი პროცესების ერთმანეთში აღრევა და გაიმიჯნება“, – განაცხადა ადვოკატმა „ფორტუნას“ გადაცემაში „დღის თემა“.

პოპულალურები