LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თუ ვაქცინაზე მონოპოლია მხოლოდ სახელმწიფოს ექნება, გამოდის, მდიდრებს ღარიბებმა უნდა დაუფინანსონ აცრები მათივე ბეგარიდან აკრეფილი ბიუჯეტით“

82
shotadigmelashvili20234

სამოქალაქო აქტივისტი შოთა დიღმელაშილი სოციალურ ქსელში ვაქცინაციასთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას აქვეყნებს და წერს, რომ თუკი კერძო სექტორს ვაქცინის შემოტანის შესაძლებლობა არ მიეცემა, ვაქცინაციის პროცესზე ძალიან დიდი დრო დაიხარჯება.

„მამუკა ხაზარაძეს ლანძღავენ, როგორ გაბედა ვაქცინების კომერციულ იმპორტზე ხმის ამოღებაო. არ მიკვირს, რომ ამას აკეთებენ მეტწილად იმ მსოფლმხედველობის ადამიანები, რომლებიც ღარიბების ინტერესთა დაცვას იჩემებენ, თუმცა მოულოდნელი იყო არგუმენტის მონუმენტური მავნებლობა.

მაკროეკონომიკის პროფესორობა არ სჭირდება იმ ელემენტარულის მიხვედრას, რომ თუკი ვაქცინა კერძო კომერციულ მიმოქცევაში არ იარსებებს და მონოპოლია მხოლოდ სახელმწიფოს ექნება, გამოდის, მდიდრებს ღარიბებმა უნდა დაუფინანსონ აცრები მათივე ბეგარიდან აკრეფილი ბიუჯეტით.

და პირიქით, როცა ორივე – როგორც კომერციული, ისე სახელმწიფო პროგრამით აცრა ხელმისაწვდომია, შეძლებული მოქალაქეები საკუთარ ფულს ხარჯავენ აცრაში და გადასახადები ხმარდება გაჭირვებული მოსახლეობის ვაქცინებით უზრუნველყოფას. იზოგება დრო, ფული და იზრდება ეფექტიანობა.

საზოგადოებრივი სიკეთის სახელით საპირისპიროს გაკეთების გამოცდილება „ქართულ ოცნებას“ უკვე აქვს, როცა საყოველთაო ჯანდაცვა მიზნობრივის ნაცვლად იგივენაირი, მონოპოლისტური პრინციპით, ისე სულელურად დაგეგმა, რომ ღარიბები უფინანსებდნენ მდიდრებს, ხოლო თავად ღარიბები ამ მომსახურებას ვერ იღებდნენ, რადგან მათთვის ბიუჯეტი არასაკმარისი იყო (ამ დროს “მდიდრები” არასაკმარის თანხას საკუთარი ჯიბიდან ამატებდნენ).

წლების განმავლობაში ასეულობით მილიონით იზრდებოდა ხარჯები, 200 მილიონიდან 800 მილიონამდე ავედით, უაზროდ გაიფლანგა მილიარდები, სანამ მიხვდნენ იმ ელემენტარულს, რომ შეძლებული მოქალაქეების ჯანმრთელობა კერძო სადაზღვევოებისთვის მიენდოთ, თუმცა ვერც მაგით ვაჩერებთ დეფიციტურ ხარჯვას სახელმწიფო პროგრამის არაეფექტიანი ადმინისტრირების გამო.

სახელმწიფო 2022 წლის ბოლომდე ვერ გასწვდება ვაქცინაციას. ამ პროცესის გაჯანჯლება უდრის მეტ დანახარჯს, მეტ ადამიანურ მსხვერპლს და ნაკლებ ეკონომიკურ შესაძლებლობებს ყველაზე მოწყვლადი ჯგუფებისთვის, უარეს განათლებას – ესეც მეტწილად უფრო მოწყვლადი ჯგუფებისთვის, საჯარო სკოლებში.

მხოლოდ ვიღაცის ლანძღვის გადაულახავი სურვილის გამო ამ მავნებლობის ადვოკატირება არ შეიძლება“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები