ირაკლი ღარიბაშვილმა, დღეს, 13 ივნისს, მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ საქართველოს შესახებ ევროპარლამენტის მიერ მხარდაჭერილი, ხუთი ჯგუფის მიერ ინიცირებული რეზოლუცია არის „ანტიქართული“ და „ანტისახელმწიფოებრივი“.
პრემიერ-მინისტრმა, ევროპარლამენტში რამდენიმე პოლიტიკური ჯგუფის მიერ ინიცირებულ რეზოლუციაზე საუბრისას, ევროპის სახალხო პარტია გამოყო, რომლის წევრიც არის “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, იმ შემთხვევაში თუ „ნაციონალურ მოძრაობას“ გული შესტკიოდა ქვეყნის მომავალზე, უნდა მოეწოდებინათ ევროპის სახალხო პარტიისთვის, რომ მხარი არ დაეჭირათ მიღებული რეზოლუციისთვის.
„თუ ამ ადამიანებს გული შესტკივათ ჩვენი ქვეყნის მომავალზე, რატომ არ მოუწოდეს თავის პარტიას იმისთვის, რომ ასეთი ანტისახელმწიფოებრივი და ანტიქართული რეზოლუცია არ მიეღოთ ევროპარლამენტში. ჩვენ აქ კითხვები არ გვაქვს მეგობრებო. ყველას კარგად ესმის ყველაფერი, თუ რას ემსახურებოდა ეს ყველაფერი“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მისი თქმით, ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები, „მუხლისჩოქებზე დადიოდნენ“ და „ეხვეწებოდნენ“ რომ არ მიეცათ საქართველოსთვის უვიზო რეჟიმი ევროკავშირთან – “ახლა მოახერხეს, რა თქმა უნდა მხოლოდ ამათ არა, ამის ილუზია არავის არ აქვს, რომ ამ საცოდაცებს ამდენი შეუძლიათ, მაგრამ, ფაქტია, რომ როლი შესრულეს, გამოიყენეს მათი ეს განცხადებები საბაბად. ეს საშინელებები რაც ჩაწერეს რეზოლუციაში, სამარცხვინო, მართლაც სამარცხვინო ბრალდებები არის ამათი მიწოდებული, ეს ფაქტები და მტკიცებულებები“ – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მისივე განცხადებით, მას შემდეგ, რაც ნაციონალურმა მოძრაობამ სანქციებზე მიერთებისა და ომში მოხალისეების გაგზავნის მოთხოვნით ვერ შეძლო საქართველო ჩაერთო ომში, ცდილობს ქვეყნის ინტერესების დაზიანებას.
„ახლა ასეთი მავნებლობითა და ანტისახელმწიფოებრივი ქმედებებით დააზიანონ მთავარი – ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
პრემიერის სიტყვებით, ყველამ კარგად იცის, რომ „მოლდოვას და უკრაინას ვუსწრებთ ათი თავით“ და მისივე თქმით, „აბსურდია“ რომ თითქოს არსებობს განცდა , რომ საქართველოში არ არის დამოუკიდებელი სასამართლო რომ თურმე მედიათავისუფლებას აქვს პრობლემა“.
პრემიერ-მინისტრის მტკიცებით, „30 წლის მანძილზე თუ ვინმეს რამე გაუკეთებია, ევროინტეგრაციის მიმართულებით, ყველაზე მეტი გააკეთა „ქართულმა ოცნებამ“.
„ჩემს გამოსვლაში ვთქვი და გავიმეორებ, რომ ჩვენ ევროკავშირთან, ბრიუსელთან შევთანხმდით, ასოცირების დღის წესრიგში ჩავწერეთ ყველა ის რეფორმა, რომელიც უნდა გავაგრძელოთ, რომელიც მთავრობამ უნდა გააგრძელოს და ამის თაობაზე საგარეო საქმეთა მინისტრს ჰქონდა საუბარი ბატონ შარლ მიშელის ოფისის ხელმძღვანელთანაც. ჩვენ აღებული გვაქვს ქვეყანაში დემოკრატიული რეფორმების გაგრძელების ვალდებულება, ამ ყველაფერს ვაგრძელებთ და მივიყვანთ ბოლომდე“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მისივე განცხადებით, საქართველომ ეს სტატუსი ბოლო 9 წლის განმავლობაში განხორციელებული რეფორმების გზაზე დაიმსახურა.
“თუ ვინმეს ეკუთვნის, ეკუთვნის საქართველოს და შემდეგ უკვე უკრაინასა და მოლდოვას. რომ ამბობენ, უკრაინა ომშია და ამის გამო მას უნდა მიენიჭოს, უკაცრავად, თუ ომით განისაზღვრება სტატუსი მინიჭება, ჩვენ ომი არ გვინდა, მეგობრებო, ჩვენ ვითხოვთ დამსახურებულ სტატუსს, რომელიც ქართველმა ხალხმა თავისი 30- წლიანი ბრძოლით დემოკრატიის მშენებლობის გზაზე დაიმსახურა და ბოლო 9 წლის განმავლობაში განხორციელებული რეფორმების გზაზე. ჩვენ მხოლოდ ამას ვითხოვთ, ეს ვთქვი საჯაროდ, დავოსშიც, ბრატისლავაშიც, ბრიუსელშიც, ჩვენ არაფერს განსაკუთრებულსა და დაუმსახურებელს არ ვითხოვთ, ჩვენ ვითხოვთ დამსახურებულ სტატუსს.
თუ ეს გადაწყვეტილება არ იქნება სამართლიანი, რა თქმა უნდა, ჩვენ შესაბამისად, როგორც მე ეს ვთქვი, ჩვენს მოსახლეობას, ხალხს, თანამოქალაქეებს ავუხსნით ყველაფერს დეტალურად რა იყო ის მთავარი გამომწვევი მიზეზები, რის გამოც თუნდაც, ის სამარცხვინო რეზოლუცია იქნა მიღებული“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ამასთან, პრემიერი მიიჩნევს, რომ “მთავრობას რომ წინდახედულობა არ გამოეჩინა, ქვეყანაში არაფერი აღარ იქნებოდა”.
“რომ წარმოვიდგინოთ, მთავრობას არ გამოეჩინა წინდახედულობა, რომ არ გაეტარებინა ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების პოლიტიკა, ჩვენი ეროვნული პოლიტიკა, ჩვენი მოქალაქეებისთვის სასარგებლო პოლიტიკა და რაღაც გაუაზრებელი, ემოციური გადაწყვეტილება მიგვეღო, მოგვესმინა ჩვენი ქვეყნის მტრებისთვის, აი, შიდა მტრები, რომლებიც ითხოვდნენ ჩვენი ქვეყნის პირდაპირ ომში ჩართვას, ვინმეს ილუზია აქვს, რომ დღეს აქ რაიმე ეკონომიკური ზრდა და ინვესტიციები კი არა, ქვეყანაში არაფერი აღარ იქნებოდა. ამას ემატება, რომ ეროვნული ვალუტა არის გამყარებული და ეს ტენდენცია გრძელდება. ეს ყველაფერი თუ ვინმეს წარმოუდგენია, რა იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ დავუწესებდით ეკონომიკურ სანქციებს, ანუ უნდა შეგვწყვიტა ვაჭრობა, ეკონომიკური ურთიერთობები რუსეთთან”, – თქვა ღარიბაშვილმა.
მთავრობის მეთაურმა ისაუბრა ბიძინა ივანიშვილზეც.
“2012 წლამდე, აი ამ EPP-ს [ევროპის სახალხო პარტია] მინდა შევახსენო, რომ მათი ამ შვილობილი, თუ პარტნიორი პარტიის [ენმ] მმართველობის დროს, არავითარი ნიშანწყალი დემოკრატიის ქვეყანაში არ არსებობდა, არ არსებობდა არც თავისუფალი მედია, ოპოზიციური პარტიები როგორი წნეხის ქვეშ იყვნენ. რომ არ მოსულიყო ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებაში დღეს, მეგობრებო, ქვეყანა აღარ გვექნებოდა. რატომ? იმიტომ, რომ იქნებოდა ომში ჩართული, აქ მოაწყობდნენ მეორე მარიუპოლს”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მთავრობის მეთაური სახალხო დამცველის განცხადებებსაც გამოემხაურა და ნინო ლომჯარია გააკრიტიკა.