LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა განცდაზეა საუბარი? თითქოს ქვეყანაში არ არის დამოუკიდებელი სასამართლო, რომ თურმე მედიათავისუფლებას პრობლემა აქვს, რაც სრული აბსურდია: პრემიერი

97
Untitled design (2)

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, სრული აბსურდია ის განცხადებები, რომლის მიხედვითაც საქართველოში მედიათავისუფლებას პრობლემა აქვს. ირაკლი ღარიბაშვილმა ამის შესახებ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა და აღნიშნა, რომ 2012 წელს, ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებაში რომ არ მოსულიყო, დღეს ქვეყანა ომში იქნებოდა ჩართული:

“მოლდოვას და უკრაინას რომ ვუსწრებთ 10 თავით, ყველა მიმართულებით, არ მინდა ამდენი ვილაპარაკო, მაგრამ ყველამ კარგად იცის, რაც მთავარია, იცის ყველა ევროპელმა.

ჩვენ რომ რეიტინგებს გვიწერენ და გვაფასებენ – ჩვენი ქვეყნის ღია მმართველობას, ანტიკორუფციულ გარემოს, მედიათავისუფლებას, გამჭვირვალობას აფასებენ, უკაცრავად და, ამ რეიტინგებს ვინ ადგენს ხოლმე? ხომ არ შემახსენებდით? ამას ადგენენ მაღალი რეპუტაციის საერთაშორისო ორგანიზაციები.

ამ რეიტინგებით ვუსწრებთ უკრაინას, მოდლოვას და ევროპის ბევრ ქვეყანას გარკვეული მიმართულებით. მაშინ რა ხდება? თუ ეს ყველაფერი ვიცით, რა განცდაზეა საუბარი?

ამბობენ, რომ განცდა არის ასეთი, რომ თითქოს ქვეყანაში არ არის დამოუკიდებელი სასამართლო, რაც სრული აბსურდია, რომ თურმე მედიათავისუფლებას აქვს პრობლემა. ქვეყანაში, სადაც 2012 წლამდე დემოკრატიის არავითარი ნიშანწყალი არ არსებობდა, არ არსებობდა – არც თავისუფალი მედია, ოპოზიციური პარტიები როგორი წნეხის ქვეშ იყვნენ და რომ არ მოსულიყო ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებაში, დღეს ქვეყანა აღარ გვექნებოდა, რატომ? იმიტომ, რომ ომში ჩართული იქნებოდა – აქ მეორე მარიუპოლს მოაწყობდნენ. რაც გააკეთეს მაშინ, 2008 წელს ჩვენ გვახსოვს მიწაზე გართხმული მთავარსარდალი, სამარცხვინო სახე აჩვენა მთელ მსოფლიოს”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, მთავრობას რომ “წინდახედულობა” არ გამოეჩინა, ქვეყანაში დღეს არაფერი იქნებოდა.

“მთავრობას რომ ჩვენი მოქალაქეების სასარგებლო პოლიტიკა არ გაეტარებინა, რაღაც გაუაზრებელი, ემოციური გადაწყვეტილება მიგვეღო და ჩვენი ქვეყნის მტრებისთვის მოგვესმინა, რომლებიც პირდაპირ ქვეყნის ომში ჩართვას ითხოვდნენ, დღეს აქ რაიმე ეკონომიკური ზრდა და ინვესტიციები კი არა, ქვეყანაში არაფერი იქნებოდა”, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g