„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერისა და თავმჯდომარის, ნიკა მელიას საქმის ადვოკატმა, დიმიტრი საძაგლიშვილმა განაცხადა, რომ თუკი აქამდე ნიკა მელია პოლიტიკური პატიმარი იყო, დღევანდელი პროცესის შემდეგ, ის არის პოლიტიკური ტყვე, რომელსაც ხელისუფლება ოპოზიციასთან მოლაპარაკებების პროცესში, ვაჭრობის საგნად იყენებს.
ამის შესახებ მან ჟურნალისტებს სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა. როგორც საძაგლიშვილმა აღნიშნა, მოსალოდნელი იყო, რომ ხელისუფლება ნიკა მელიასთან დაკავშირებით გონივრულ გადაწყვეტილებას არ მიიღებდა და ეს დღეს უბრალოდ გაფორმდა.
„თუკი აქამდე ნიკა მელია იყო პოლიტიკური პატიმარი, დღევანდელი პროცესის შემდეგ ის არის პოლიტიკური ტყვე, რომელსაც ვაჭრობის საგნად იყენებს ხელისუფლება ოპოზიციასთან მოლაპარაკებების პროცესში.
ეს გამოჩნდა იმით, რომ პროკურატურა, რომელსაც ურთიერთწინააღმდეგობრივი და გაუგებარი პოზიცია ჰქონდა, ერთი მხრივ, ამტკიცებდა, რომ გირაოს გადახდის შემთხვევაში არ არის წინააღმდეგი, რომ ნიკა მელია თავისუფლებაზე იყოს, მეორე მხრივ, კი ამბობდა, რომ მხარს უჭერდა პატიმრობაში დატოვებას, ასეთი წინააღმდეგობრივი პოზიციის არსებობისას, ბუნებრივია, რომ სასამართლოს ჰქონდა მხოლოდ და მხოლოდ ერთადერთი გამოსავალი,” – განაცხადა ნიკა მელიას ადვოკატმა.
მისი თქმით, პატიმრობა გამოიყენება მაშინ, როცა ის უალტერნატივო საშუალებაა და რადგან პროკურატურის პოზიცია ასეთი არ იყო, სასამართლო პროკურატურის ამ პოზიციით შებოჭილი იყო. შესაბამისად, ნიკა მელია უნდა გაეთავისუფლებინა .
“თუმცა, ცხადია, რომ ჩვენ არ გვაქვს ილუზია, რომ ვართ სასამართლოში, ან მოსამართლე იღებს გადაწყვეტილებას. ამ საქმეზე გადაწყვეტილებას იღებს პოლიტიკური ხელისუფლება და ამის აღიარებაც მოსმენილი გვაქვს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მხრიდან,”- აღნიშნა დიმიტრი საძაგლიშვილმა.
მისი ინფორმაციით, შემდგომი სხდომა 29 აპრილს არის დანიშნული, ხოლო რაც შეეხება იმას, თუ რა გეგმები აქვთ მომავალში, ადვოკატმა უპასუხა, რომ პოზიციებს ნიკა მელიასთან შეათანხმებენ და გადაწყვეტილებებს მას შემდეგ მიიღებდნენ.