პარლამენტის ვიცე-სპიკერის, დავით სერგეენკოს განცხადებით, თუკი ექიმების კონსოლიდირებული პოზიცია იქნება, რომ ციხის სამკურნალო დაწესებულებაში პირობები არ არის და მიხეილ სააკაშვილი გადასაყვანია, უნდა იქნას გადაყვანილი.
„აქამდე ასეთი კონსოლიდირებული პოზიცია არ მინახავს. ვნახულობ ცალკეულს – პირობითად ადრინდელი კონსილიუმის წევრების ნაწილის, გუშინდელი კონსილიუმის წევრების ნაწილის და ცალკე – სასჯელაღსრულების სისტემის ექიმების. გადამწყვეტი უნდა იყოს კონსოლიდირებული პოზიცია და არა პოლიტიკური პოზიცია“, – განაცხადა სერგეენკომ.
აქვე სერგეენკომ განმარტა, რომ კონსოლიდირებულ პოზიცია იმას ნიშნავს, რომ სასჯელაღსრულების სისტემისა და სამოქალაქო სექტორის ექიმები ერთად უნდა დასხდნენ და გადაწყვეტილება ობიექტურ მონაცემებზე დაყრდნობით მიიღონ.
ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ციხეში უკვე 48 დღეა შიმშილობს. სააკაშვილი ამბობს, რომ სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის შემთხვევაში შიმშილობას შეწყვეტს.