LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუკი ვინმემ ჩემი გამონათქვამი ბუჩის დანაშაულს დაუკავშირა, გულწრფელად ვწუხვარ – ოხანაშვილი „გვამების შემოდებაზე“ განცხადების გამო ბოდიშს იხდის

72
BeFunky-collage (24)

„ქართული ოცნების“ წევრი ანრი ოხანაშვილი ბოდიშს უხდის მათ, ვინც მისი განცხადება არასწორად აღიქვა და ბუჩის დანაშაულს ობიექტური აღქმით დაუკავშირა.

კერძოდ, გუშინ, 6 აპრილს ოხანაშვილმა განაცხადა, რომ თუ უკრაინელებს ადეიშვილი, ლორთქიფანიძე და სხვები კარგად დაეხმარებიან, ალბათ ასწავლიან, როგორ ხდება გვამების შემოდება“.

„გუშინ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებს კიდევ ერთხელ შევახსენე მათ მიერ ჩვენს ქვეყანაში ჩადენილი დანაშაულები, რომლებიც ადამიანების მკვლელობასა და ამ მკვლელობების უმძიმესი ფორმებით მიჩქმალვას უკავშირდებოდა.

სამწუხაროდ, ჩემი ეს გამონათქვამი დაუკავშირეს ბუჩაში მომხდარ შემზარავ დანაშაულს, რომელიც რუსული სამხედრო აგრესიის უმძიმესი შედეგია და შეუძლებელია, უკრაინის პასუხისმგებლობად განიხილოს ვინმემ.

თუკი ვინმემ ჩემი გამონათქვამი არასწორად აღიქვა და ბუჩის დანაშაულს ობიექტური აღქმით დაუკავშირა, გულწრფელად ვწუხვარ და მათ წინაშე ბოდიში მინდა მოვიხადო“, – დაწერა სოციალურ ქსელში ოხანაშვილმა.

თუმცა ოხანაშვილი ამბობს, რომ ბოდიშს ვერ მოიხდის „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტების წინაშე, რომლებიც მისი თქმით, მის სიტყვებს სრულიად მიზანმიმართულად უკავშირებენ ბუჩაში მომხდარ დანაშაულს და ამას პოლიტიკური სპეკულაციებისთვის იყენებენ.

„როგორ სპეკულაციებსაც არ უნდა მიმართონ, ისინი ვერაფრით გადაფარავენ საკუთარ დანაშაულებს საქართველოში, რომლებიც მათ შორის ადამიანების წამებაში, მკვლელობაში, ყაჩაღობასა და უამრავ სხვა უმძიმეს ქმედებაში გამოიხატა.

რა თქმა უნდა, რუსეთი აწარმოებს ომს უკრაინაში და იქ დამდგარ შედეგებზე სწორედ ის არის პასუხისმგებელი!“, – წერს ოხანაშვილი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g