ტურიზმის ინდუსტრია დგას გამოწვევის წინაშე. ჩვენ ვართ ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო და მიმზიდველი ტურისტული ბაზარი, -განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
„ჩვენ გვსტუმრობს 50 ქვეყანაზე მეტი წარმომადგენელი, მათ შორის რუსი ტურისტიც, რაც მნიშვნელოვანი მიმართულება იყო და იმედი მაქვს, კვლავაც იქნება. ტურისტული ინდუსტრიის მოთხოვნა არის, ახალ ბაზრებთან ერთად, შევეცადოთ შევინარჩუნოთ რუსი ტურისტი ჩვენს ბაზარზე, რაც მნიშვნელოვანია ტურისტული ინდუსტრიისთვის. ჩვენ მაქსიმალურად გვერდით ვუდგავართ კომპანიებს, იმისთვის, რომ შევარბილოთ ნეგატიური ზემოქმედება. ვამუშავებთ გეგმას მათთან ერთად, სამი დღეა ინტენსიური შეხვედრები გვაქვს, მათ შორის ფინანსური, ლოგისტიკური, პოლიტიკური მხარდაჭერის, ყველაფერი, რაც ჩვენს ხელთ არის. ძალიან მნიშვნელოვანია, შევეცადოთ დავასტაბილუროთ ვითარება, კიდევ ერთხელ ყველამ ვთქვათ, რომ საქართველო არის უსაფრთხო ადგილი, სადაც ყველა ქვეყნის ტურისტს მივესალმებით, მათ შორის რუსი ტურისტიც კვლავინდებურად აქტიურად იქნება წარმოდგენილი”, -განაცხადა ნათია თურნავამ.
