ტელეკომპანია „იმედი“ ბოდიშს იხდის შეცდომის გამო, რომელიც სიუჟეტის – „ქართული მაწონი „მაცუნის“ წინააღმდეგ“ წარდგენისას 9 თებერვალს „ქრონიკის“ 20 საათიან გამოშვებაში დაუშვა და განმარტავს, რომ „ეს იყო ტექნიკური შეცდომა და გამოყენებულ ფოტოზე წარწერა არ ასახავს ორიგინალს“.
სიუჟეტის წარდგენისას, ეკრანზე გამოჩნდა ფოტო სომხური წარმოების რძის პროდუქტის, „მაცუნის“ ბოთლით, რომლის ეტიკეტზეც ქართულად აწერია „მაცუნი“, ხოლო სომხურად „ყარაბაღი აზერბაიჯანია, ტოლმაც აზერბაიჯანულია“.
როგორც რადიო თავისუფლებას ტელეკომპანია „იმედში“ უთხრეს, სიუჟეტის წარდგენისას გამოყენებული იყო საძიებო სისტემიდან, „გუგლიდან“ ამოღებული ფოტო და შეცდომა ტექნიკურმა პერსონალმა დაუშვა.
ტელეკომპანია „იმედი“ ოფიციალურად გავრცელებულ განცხადებაში წერს, რომ „სიუჟეტის ეს ნაწილი, ამოღებული იქნება ჰოლდინგის ყველა სოციალური პლატფორმიდან, წუხილს გამოთქვამს და ბოდიშს იხდის დაშვებული შეცდომის გამო“.
ორი დღის წინ ცნობილი გახდა, რომ საქართველომ აკრძალა სომხური წარმოების რძის პროდუქტის „მაცუნის“ ტრანზიტი. როგორც სომხური გამოცემა „არმენპრესი“ წერდა, საქართველომ უარი თქვა პროდუქტის სომხეთიდან რუსეთში საქართველოს გავლით ექსპორტზე. აკრძალვა კი დაწესდა იმ მიზეზით, რომ საქართველომ რძის პროდუქტი „მაწონი“ ინტელექტუალური საკუთრების პროდუქტად ჯერ კიდევ 2012 წელს დააპატენტა.