“ძალიან სამწუხაროა, რომ ოპოზიციური მედია და ოპონენტები წევენ თემას, თითქოს ევროკავშირის მხრიდან სანქციებზეა საუბარი.” – ევროპარლამენტარების განცხადებასა და სანქციების შესაძლო დაწესებას, “ქართული ოცნების” ოფისში პოლიტსაბჭოს დასრულების შემდეგ, ფრაქციის თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე გამოეხმაურა.
მისი თქმით, ეს არის ტყუილი და ბუნებრივია, დოკუმენტში საუბარი იქნებოდა ხელისუფლების პასუხისმგებლობაზეც, თუმცა ის ასევე აღნიშნავს, რომ მიმდინარე პროცესებზე ოპოზიციამ საკუთარი პასუხისმგებლობა უნდა აღიაროს:
“პირდაპირ ვიტყვი, გადაჭარბების გარეშე, ეს არის ტყუილი, როდესაც პირობით დათქმებს, რომელზეც ჩვენი კოლეგები საუბრობენ ევროპარლამენტიდან – დაარქმევ სანქციებს, ეს არ არის სიმართლე.
რა თქმა უნდა, ბუნებრივია, რომ არც ერთი პარტნიორი, მეგობარი, მით უმეტეს თუ დასავლელ პარტნიორებზეა საუბარი და ამ სივრცეში ვსაუბრობთ, ისინი არასდროს ისეთ განცხადებებს არ გააკეთებენ, სადაც არ იქნება ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე საუბარი, იმ გუნდის პასუხისმგებლობაზე, რომელიც მართავს ქვეყანას. ეს წარმოუდგენელია, რაც არ უნდა პროცესები განვითარდეს და ამაში რაც არ უნდა მტყუანი იყოს ოპოზიცია. წარმოუდგენელია, ვინმემ თქვას, რომ ხელისუფლების პასუხისმგებლობა არაფერი არ არის იმასთან დაკავშირებით, რაც საქართველოში ხდება. აქ ნიშანდობლივია, რომ ამ ფონზე ისინი მკაფიოდ, ხაზგასმით მიუთითებენ ოპოზიციის პასუხისმგებლობაზეც.” – თქვა მდინარაძემ.
შეგახსენებთ, პოლიტსაბჭოს სხდომა ცოტა ხნის წინ დასრულდა.
მდინარაძის თქმით, სხდომაზე განიხილეს პოლიტიკური საკითხები და ასევე იმსჯელეს რეგიონებში გასვლის საკითხზე.
შემდეგი კვირიდან გავალთ რეგიონებში, ამას, ერთგვარად შეიძლება ვუწოდოთ საარჩევნო კამპანიის დაწყებაც თვითმმართველობის არჩევნებისთვის: მამუკა მდინარაძე
