LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტყვია სისხლში!!! გამოსავალი არსებობს – თემურ მიქელაძის რეკომენდაციები

2024

რატომ ჩნდება ტყვია სისხლში და მართლა საგანგაშოა თუ არა ქვეყანაში არსებული სურათი, არსებობს თუ არა პრევენციის გზები, რომელი საკვებია საფრთხის შემცველი და რომელი ასაკი მიეკუთვნება რისკ–ჯგუფს. ყველა ბავშვს სჭირდება თუ არა ტყვიის ანალიზი და რა გამოსავალი არსებობს იმ ბავშვებისთვის, რომელთა სისხლშიც ტყვიის მაღალი შემცველობა დაფიქსირდა. ამ და სხვა საინტრესო თემებზე გადაცემაში „სტუმრად ექიმთან“ პედიატრმა თემურ მიქელაძემ ისაუბრა.

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ბავშვებში სისხლში ტყვიის შემცველობასთან დაკავშირებით, საქართველოში სექტემბრიდან დიდი კვლევა ჩატარდება. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

ბატონო თემურ, ამირან გამყრალიძენ განაცხადა, რომ ქვეყანაში ამ კუთხით საგანგაშო ვითარება არ არის, თუმცა, გასაანალიზებელია არსებული სურათი, რას გულისხმოს ეს განცხადება და რა დასკვნის გამოტანა შეიძლება აქედან, რა სურათზეა საუბარი?

ტყვიის შესახებ საუბარი გლობალური პრობლემაა, ეს არ არის მხოლოდ ჩვენი ქვეყნის პრობლემა. დაახლოებით სექტემბერში ვგეგმავთ რომ 2000 ბავშვს შერჩევითად ჩავუტაროთ ტყვიის განსაზღვრის ანალიზი სისხლში, პრაქტიკულად საქართველოს ყველა რეგიონი იქნება მოცული. ამის შემდეგ დარგის სპეციალისტები, ქვეყნის მთავრობას და ხელისუფლების ცალკეულ რგოლებს, რომელთაც უშუალოდ  ეხებათ მათზე კონტროლი, შესთავაზებენ იმ სტრატეგიულ ღონისძიებებს, თუ რა უნდა გააკეთონ მათ, რომ ტყვიის შემცველი სხვადასხვა ნივთიერებების საზღვარზე შემოტანის პრევენცია უზრუნველყონ, ეს იქნება საკვები საშუალებები, სათამოშოები, სამშენებლო მტვერი, საღებავები თუ ა.შ.

რა პრინციპით შეირჩევიან ბავშვები, რომელთაც კვლევა ჩაუტარდებათ?

მხოლოდ შემთხვევითი პრინციპით, მაგალითად ორი წლის წინ „იაშვილის კლინიკაში“  იუნისეფმა  ჩაატარა იგივე კვლევა დაახლოებით 300 პაციენტთან, აღმოჩნდა რომ  33 % -ს, დაახლოებით 100 პაციენტს სისხლში ტყვიის შემცველობის მაღალი დონე აღენიშნებოდა, ოღონდ ეს არ იყო ისეთი მაჩვენებელი, რომელიც ორგანიზმის მოწამვლას გამოიწვევდა, ეს ბავშვები იყვნენ პრაქტიკულად ჯანმრთელები, ისინი სხვა პრობლემით აღმოჩნდნენ სტაციონარში  და ასეთი შედეგი მივიღეთ. მათ არანაირი გამოვლინება ტყვიით მოწამვლის არ ქონდათ, აქედან გამომდინარე დაიგეგმა, რომ ჩატარებულიყო უფრო ღრმა კვლევა და დაგეგმილიყო ის სტრატეგიული ღონისძიებები, რაც ბავშვებზე ტყვიის მავნე ზეგავლენას თავიდან აგვაცილებს.

მშობლების ის ნაწილი ვისი სტატუსებიც ძალიან პოპულარული გახდა ტყვიასთან დაკავშირებით, ძალიან ხშირად წერენ, რომ მაქსიმალურად ცდილობენ თავი აარიდონ ყველა  მაპროვოცირებელ  ფაქტორს, მაგრამ ამის მიუხედავად  მათი შვილების სისხლში ტყვიის საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. შეიძლება თუ არა ითქვას, რომ მთელი რიგი მაპროვოცირებელი ფაქტორებისა, რომელზეც თქვენ არაერთხელ გისაუბრიათ, არსებობს  ის მთავარი გარემო ფაქტორი რასაც ვერსად გავექცევით?

გარემო არის ზოგადად დაბინძურებული, თუმცა, ბოლო პერიოდში აღმოჩნდა, რომ თბილისი არც ისე დაბინძურებული ქალაქი ყოფილა. კვლევა სწორედ იმას ემსახურება, რომ მშობლებს შევთავაზოთ იმ პროდუქტების ჩამონათვალი, რასაც მაქსიმალურად უნდა მოარიდონ ბავშვები. სუნელები ახსენეთ, აღმოჩნდა რომ ქართულ სუნელებში  შერეული იყო აზიიდან შემოტანილი სუნელები, რომელიც  შეიცავდა სპეციალურ საღებავებს,  არ იყო ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი და შესაბამისად კვლევამ აჩვენა, რომ სუნელში ტყვიის მაღალი შემცველობა იყო, უნდა აღინიშნოს რომ ეს არ იყო ქართული სუნელი.

ჩვენი და ქვეყნის მთავარი მიზანია, ტყვიის შემცველი პროდუქციის შემოტანა მაქსიმალურად აიკრძალოს.

70-იან წლებში ასეთივე კვლევა ჩატარდა აშშ-ში და აღმოჩნდა, რომ გამოკვლეული ბავშვები 88 % აღმოაჩნდა ტყვიის მაღალი შემცველობა სისხლში.   შემდეგ უკვე 2000 წელს იგივე კონტიგენტს ჩაუტარეს კვლევა და აღმოჩნდა, რომ  მხოლოდ 0,88 % -ში დაფიქსირდა ტყვიის მაღალი შემცველობა.  ანუ, ქვეყანამ გაატარა სტრატეგიული ღონისძიებები, აკრძალა საღებავებში, ბენზინის და ნავთობ პროდუქტებში  ტყვიის შეცველობა, აკრძალა უხარისხო სათამაშოები, თავიდან გადაღებეს 70-იან წლებამდე აშენებული სახლები და აქედან გამომდინარე ქვეყანაში მაქსიმალურად შემცირდა ტყვიის მავნე ზეგავლენა ბავშვებზე.

რა გამოსავალი არსებობს იმ ბავშვებისთვის, რომელთა სისხლშიც ტყვიის მაღალი შემცველობა დაფიქსირდა?

მათ არანაირი კლინიკური გამოვლინება შეიძლება არ ქონდეთ,  ეს არ ნიშნავს რომ მათ განუვითარდეთ ტყვიით მოწამლვა, ტყვიის მოწამლვა ეს არის ხანგრძლივად ქრონიკული ზემოქმედება ტყვიის ბავშვის ორგანიზმზე.  თუ მწვავე მოწამვლასთან გვაქვს საქმე, ვიყენებთ ე.წ. ხელატურ მკურნალობას, მაგრამ თუ ბავშვის ორგანიზმი გაჯერებულია ცილებით,  რკინით, კალციუმით, ადვილად ასათვისებელი ნახშირწყლებით, ცხიმს არ იღებს დიდი რაოდენობით, რადგან  ცხიმი ხელს უწყობს ტყვიის შეწოვას ორგანიზმში, ასეთ შემთხვევაში მიუხედავად იმისა, რომ ტყვია შეიძლება იყოს მაღალი, არ უერთდება გემოგლობინს და არ იწვევს მოწამლვას.

თუ თქვენი შვილები იკვებებიან სწორად, სწორად მომზადებული პროდუქტით, რაც გულისხმობს, მაგალითად არასოდეს უნდა გამოვიყენოთ ცხელი წყალი პროდუქტის გასარეცხად, აუცილებლად მხოლოდ ონკანის ცივი წყალი უნდა გამოყენოთ.  საკვები პროდუქტები ეს იქნება ხილი, ბოსტნეული თუ სხვა, უნდა შევიძინოთ ეკოლოგიურად სუფთა ადგილებზე და არა მაგისტრალებთან ახლოს. ევროპის ქვეყნებში მაგისტრალებთან ახლოს მოყვანილი პროდუქცია მიუღებელია, უფრო მეტიც, შინაური ცხოველები და ფრინველები მაქსიმალურად მოცილებული არიან მაგისტრალებს.

თუ ეს ღონისძიებები გატარდება ტყვიის მავნე ზემოქმედებას ვერ მივიღებთ. ტყვია საჭირო მეტალია, ყოველთვის იყო და იქნება ჩვენს ნიადაგში, საქართველოს მაღალ მთიანეთში მოიპოვებოდა. რომაულ წყარობეში არის ასეთი ცნობები, რომ ის ადამიანები, წარჩინებულები, ვინც ტყვიის შემცველ ნაკეთობებს იყენებდნენ, აღმოჩნდა, რომ აღენიშნებოდათ გონებრივი ჩამორჩენა, ადვილად იღლებოდნენ, მალე ბერდებოდნენ, ვიდრე ის ადამიანები, ვისაც ტყვიის შემცველ ნივთებთან შეხება არ ჰქონდა.

ვერასოდეს ვერ განვითარდებოდა რადიაციული და სხივური თერაპია, იგივე რენდგენოლოგიური კვლევები, თუ ტყვიისშემცველ რეზინას არ გამოიყენებდა ადამიანი. როგორც მოგეხსენებათ, ტყვია არ ატარებს რადიაციულ სხივებს და სამედიცინო დაწესებულებებში ვიყენებთ სპეციალურ რეზინაშემცველ ტყვიას და ტყვიისშემცველ მინას, ტყვიისშემცველ სათვალეებს, რომლითაც სამედიცინო პერსონალი არის მაქსიმალურად დაცული, ოღონდ ისინი სწორად მოიხმარენ. ტყვია გამოიყენება აკუმულატორების წარმოებაში, ბოლო პერიოდში ჰიბრიდული ავტომობილები შემოდის, მათი აკუმულატორები სწორედ ტყვიით არის დამზადებული, ოღონდ ამ მანქანების ჩამოწერის შემდეგ ეს ტყვიისშემცველი აკუმულატორები უნდა იყოს მაქსიმალურად დაცულ ტერიტორიაზე,  რათა არ გამოიწვიოს მავნე ზემოქმედება იგივე ნიადაგზე, ნიადაგიდან შეიძლება გადავიდეს ხილზე, ბოსტნეულზე და ა.შ.

თუ ეს ყველა პირობა დაცული იქნება, ტყვიას ასეთი მავნე ზეგავლენა არ ექნება ჩვენს ორგანიზმზე. მე, მაგალითად სკოლის დროიდან მახსოვს, რომ მომწამვლელად ხასიათდება ორგანული ტყვია და არა არაორგანული ტყვია. თუ ტყვიის შემცველი სათამაშო გვაქვს და მას ბავშვი მოიხმარს, პირში იდებს ხშირად, ან ძველი სახლია რომელიც ტყვიის შემცველი საღებავით არის შეღებილი და ამ ჩამოფცქვნილ ნაწილაკებს ბავშვი ისუნთქავს, ან შემხები ზედაპირები, მაგალითად მერხის ზედაპირი შეღებილია მსგავსი საღებავით და ხშირი შეხება აქვს მასთან ბავშვს,  ამ შემთხვევაში შეიძლება ხანგრძლივი მოწამლვა განვითარდეს.  კლინიკური გამოვლინებები რომ იმ წამსვე დაიწყოს, როგორც წესი, ტყვიის მოწამვლის დროს ეს არ ვითარდება. ტყვიით მოწამვა არის ქრონიკული პროცესი, რომელსაც  თავისი მიმდინარეობა აქვს, ეს არის მსუბუქი მოწამლვა, საშუალო მოწამლვა, მძიმე მოწამლვა,  მწვავე მოწამლვა და ა.შ.

მთავარი სიმპტომები, რის გამოც მშობლებმა გადაწყვიტეს კვლევის ჩატარება არის თმის ბუდობრივი ცვენა და განვითარების ეტაპების შეფერხება ბავშვებში, არის თუ არა ეს ის მთავარი სიმპტომები, რაც ტყვიის ტოქსიკურ მაჩვენებელს ახასიათებს?

განვითარების ეტაპების და ფსიქომოტორული განვითარების შეფერხება, დაბალი ინტექტუალური დონის განვითარება, დასწავლის უნარების შეფერხება – ეს შეიძლება იყოს ტყვიასთან დაკავშირებული. რაც შეეხება თმის ბუდობრივ ცვენას,  მისი ეტიმოლოგია საკმაოდ რთული დასადგენია, ეს არანაირ კავშირში არ შეიძლება იყოს ტყვიით მოწამლვასთან. ხშირ შემთხვევაში ის ავტოიმუნური გენეზის ან სოკოვანი ეტიმოლოგიის ბრალი შეიძლება იყოს, მაგრამ, როგორც წესი, თმის ბუდობრივი ცვენა უკვალოდ გაივლის ხოლმე ააკის მატებასთან ერთად.

ადვილად დაღლილობა, ფსიქომოტორული განვითარების დარღვევა, ჰიპერაქტიული სინდრომი, ყურადღების დეფიციტი – კი ბატონო შეიძლება დაკავშირებული იყოს ტყვიით მოწამლვასთან. ისეთ შემთხვევაში, როდესაც მოწამლვა დგინდება და მაჩვენებელი 50 მიკროგრამ/დეცილიტრზე მაღალია, შესაძლოა ხელაციური მკურნალობა გამოვიყენოთ, ანუ გამოვიყენოთ ის პრეპარატები, რომელიც ადამიანის ორგანიზმიდან ტყვიას გამოაძევებს.

თუ ტყვიით არის განპირობებული ზემოთ აღნიშნული პრობლემები, დროულად დავადგინეთ და მკურნალობა ჩატარდა, ზოგ შემთხვევაში შესაძლოა გამოსწორდეს, მაგრამ  თუ ცენტრალური ნერვული სისტემა უკვე დაზიანდა ან ჩალაგდა ძვალში, სხვადასხვა ქსოვილებში ღვიძლში, ელენთაში, მაშინ მისი გამოდევნა ძალიან ძნელია.

როგორ განვსაზღვროთ ხარისხიანი თუ არა სათამაშო?

საქართველოს შემთხვევაში ალბათ იმით, თუ სად იყიდება, ელემენტარულად დაბალი ხარისხის სათამაშოების მაღაზიაში არის სპეციფიური სუნი. ეს სუნი არა მხოლოდ ტყვიის შემცველობაზე მიანიშნებს, არამედ სხვა მომწამლავი ნივთიერებების არსებობაზეც.

ყველა მშობელს ვურჩევ, ჯობია ერთი ხარისხიანი სათამაშო უყიდონ, ვიდრე ორმოცდაათი უხარისხო. კატეგორიულად დაუშვებელია ბავშვის საძინებელში მიმოფენილი უამრავი სათამაშო, ინტერესს კარგავს ბავშვი, როდესაც ბევრს ერთდროულად ვაწვდით. წავიკითხოთ ანოტაცია, თუ სად არის დამზადებული, როგორ, რა შემცველობის არის.

რომელია ყველაზე მოწყვლადი ასაკობრივი ჯგუფი, რომელსაც ყველაზე მეტად ემუქრება ეს საფრთხე და არიან თუ არა ცენტრალურ უბნებში მცხოვრები ბავშვები განსაკუთრებული რისკის ქვეშ?

რისკის ქვეშ არიან ცენტრალურ უბნებში მცხოვრები ბავშვები, რადგან იმყობენიან სამშენებლო მტვერის და ნავთობპროდუქტების  ზემოქმედების ქვეშ. თუმცა, ბოლო პერიოდში საუბარია იმაზე, რომ  საქართველოში ტყვიის შემცველი ბენზინი აღარ შემოდის, სახელმწიფო ამას მეტ-ნაკლებად არეგულირებს და ყველაზე მოწყვლადი ჯგუფი არის 2-დან 6-წლამდე ბავშვები, რადგან ადრეულ ასაკში ბავშვები იქნებიან ძუძუთი კვებაზე თუ ხელოვნურ კვებაზე  მეტ-ნაკლებად ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტს იღებენ, ხოლო 2 წლიდან როდესაც გადადიან  შერეულ კვებაზე ან მთლიანად ჩვეულებრივ კვებაზე,  არასწორად თერმულად დამუშავებული პროდუქტებით,  ან არაჯანსაღი პროდუქტებით, შეიძლება პროვოცირება მოვახდინოთ მათზე, ასევე 2 წლიდან ბავშვი დამოუკიდებლად იწყებს მოძრაობას, აუცილებელია დღეში ორჯერ სველი წესით გაიწმინდოს ბავშვის სათამაშოები, ხშირად განიავდეს ოთახი. შეიძლება ყველას არ შეეძლოს ბავშვის ქალაქგარეთ გაყვანა, მაგრამ ქალაქში არის რეკრეაციული ზონები და კვირაში ორჯერ მაინც უნდა გაიყვანონ ბავშვები.

ვიმედოვნებთ ამდენი უხარისხო და უსახური მშენებლობა აიკრძალება ამ ქალაქში და შევძლებთ მივიღოთ უფრო მეტად გამწვანებული თბილისი.

ვინ უნდა გადაწყვიტოს რეალურად გვჭირდება თუ არა ორგანიზმში ტყვიის შემცველობაზე კვლევის ჩატარება და მეორეს მხრივ, ვის სჭირდება ამ კვლევის ჩატარება?

ბოლო ერთი თვის განმავლობაში საერთო მაჩვენებელთან შედარებით გაკეთდა 3-ჯერ მეტი კვლევა, აღმოჩნდა, რომ არა ექიმის მიმართვით ხდება ეს კვლევა, არამედ მშობლები საკუთარი ინიციატივით უკეთებენ ბავშვებს. მე არასოდეს არ დამინიშნია ტყვიის შემცველობის განსაზღვრის ანალიზი, იმიტომ რომ არაფერს არ გაძლევს, თუ ბავშვი დადის და შენამდე მოჰყავთ პაციენტი, არასოდეს არ ექნება მას ისეთი მაღალი შემცველობა. ტყვიის მაღალი შემცველობის დროს ბავშვი უნდა იყოს მივარდნილი, ადინამიური, შეიძლება იყოს ღრმა ნევროლოგიური დარღვევები, როგორიც არის ეპილეფსიური გულყრები, მაღალი ტემპერატურა, ფაღარათი, დიარეა და ა.შ. თუ ასეთი კლინიკური გამოვლინებაა, პაციენტი ტოქსიკოლოგიურ განყოფილებაში ხვდება და ისინი იკვლევენ ტყვიის შემცველობას.

მე მირჩევნია პრევენციული ღონისძიებები შევთავაზო მშობელს, მიიღოს ც ვიტამინით  და რკინით მდიდარი საკვები ბავშვმა, მიიღოს ბუნებრივი ანტიდოტი, სიმინდის შემცველი პროდუქცია, იქნება ეს ღომის თუ მჭადის სახით, მიიღოს  სულგუნის ყველი კალციუმით მდიდარია, ადრეულ ასაკში სხვა ყველი არც უნდა მივცეთ ბავშვს, რადგან ის შეიძლება სხვადახვა ბაქტერიის წყარო აღმოჩნდეს.

ე.წ. ხელაციურმა მკურნალობამ, ქიმიური პრეპარატებით, შეიძლება ბევრად უფრო ტოქსიური ზემოქმედება გამოიწვიოს ორგანიზმზე, ვიდრე ტყვიის მაღალმა შემცველობამ. ექიმს უნდა შეეძლოს მშობლის დამშვიდება, რომ მშობელმა არ გამოიყენოს ის მავნე პრეპარატები, რომელმაც შესაძლოა უფრო დააზიანოს ბავშვის ორგანიზმი.

როდესაც მაღალია ტყვიის შემცველობა ის ლაგდება ძვალში ან ღვიძლში, ულტრასონოგრაფიულად ლურჯ-შავი ხაზის არსებობა ქვია და ამ შემთხვევაში კი, საჭიროა ხელაციური თერაპია. მაგრამ ეს არის თითზე ჩამოსათვლელი შემთხვევები, მე პრაქტიკულად არ შემხვედრია ე.წ. ლურჯ-შავი ხაზი ღვიძლში და არ შემხვედრია ძვალში რენდგენოლოგიური სურათი ტყვიის ჩალაგების. ეს ვითარდება ისეთ რისკ–ჯგუფის ქვეყნებში, სადაც არის ტყვიის მომპოვებელი საბადოები ან ადამიანები, რომლებიც მუშაობენ და სამშენებლო მტვერით არიან დაბინძურებულები, ან შახტაში მომუშავე ადამიანები, რომლებიც მიდიან სახლში, არ იცვლიან სამოსს და ბავშვები სუნთქავენ ტყვიის შემცველ მტვერს, ასეთი რისკ–ჯგუფის ქვეშ მყოფი ბავშვები ცალკე უნდა გამოიყოს და მათ უნდა ჩაუტარდეთ ტყვიის შემცველობაზე კვლევა.

ყველაზე ინფორმაციული მეთოდი სისხლში ტყვიის განსაზღვრის არის კაპილარული მეთოდი, შემდეგ შეიძლება გადამოწმდეს ვენურ სისხლში. დასაშვები ნორმა არის 5 მიკროგრამი/დეცილიტრზე და მასზე ნაკლები,  ზოგ შემთხვევაში შეიძლება 10-მდეც იყოს და ესეც არანაირი პრობლემა არ არის.

უფრო კონკრეტულად რომ დაგვისახელოთ, 2-დან 6 წლამდე მოწყვლადი ჯგუფის ბავშვების მენიუში რომელი საკვები არუნდა იყოს და რომელი უნდა იყოს აუცილებლად?

არ უნდა იყოს ნაჯერი ანუ ტრანსცხიმები, თერმულად სწორად უნდა დამუშავდეს საკვები და მოვათავსოთ სპეციალურ ტემპერატურაზე, არ უნდა მოვათავსოთ საკვები თიხის ჭურჭელში, შეიძლება ის იყოს ტყვიის შემცველი.

საკვები ცილებით, ცხიმებით, ნახშირწყლებით სწორად გაჯერებული უნდა იყოს, არ უნდა შეიცავდეს შაქარს და მავნე ვითარებებს, რკინით და კალციუმით უნდა იყოს მდიდარი. ვიტამინებით გამდიდრებული საკვები უნდა მივაწოდოთ, უმჯობესია ნებისმიერი ვიტამინი არა ხელოვნურად, არამედ საკვებიდან მიიღოს ბავშვმა.არის მეორე მხარეც, ეკოლოგიურად არა სუფთა პროდუქტები გვაქვს, ამიტომ მაქსიმალურად თავიდან რომ ავიცილოთ ნიტრატების, გერბიციდების და პესტიციდების ზეგავლენა,  პროდუქტი 30-40 წუთის განმავლობაში მოვათავსოთ გამდინარე წყლის ქვეშ.განსაკუთრებით კურორტზე, როდესაც მიდიან ბავშვები ან თბილისის შემოგარენშიც არის ავზის წყლები, რეზერვუარის წყლები, რომელიც შეიძლება იყოს დაბინძურებული, ამიტომ ბავშვისთვის მოსამზადებელი საკვები აუცილებლად მოვათავსოთ გამდინარე წყალში.თუ ყველა პირობა იქნება დაცული, ბავშვი საკვების მიღებამდე და მას შემდეგ დაიბანს ხელს, სველი წესით დამუშავდება  ბავშვის ყველა ინვენტარი, ასეთ შემთხვევაში ჩვენ თავიდან ავიცილებთ ტყვიის მავნე ზემოქმედებას.

თამბაქოს ინტენსიური მოწევა უნდა აიკრძალოს, კოსმეტიკური საშუალებები მაქსიმალურად უნდა შევზღუდოთ, ბავშვის იქნება ეს თუ მოზრდის, განსაკუთრებით გაურკვეველი წარმომავლობის. უნდა აიკრძალოს კუსტარულად დამზადებული სპირტი და არაყი, საქართველოში ჯერ კიდევ შემორჩენილია ეს მეთოდი, ასევე გაურკვეველი წარმომავლობის სათამაშოები, აზიის ქვეყნებიდან შემოტანილი სუნელები, რადგან დიდი შანსია, რომ ტყვიის შემცველი იყოს და მაქსიმალურად უნდა მოვერიდოთ.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g