LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უახლოეს 2-3 კვირაში საწვავი კიდევ 10-20 თეთრით გაიაფდება – სოსო ფხაკაძე

78
სოსო-ფხაკაძე

„ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტ სოსო ფხაკაძის განცხადებით, „ვისოლ პეტროლიუმის“ ბენზისგასამართ სადგურებზე უახლოეს 2-3 კვირაში საწვავი კიდევ 10-20 თეთრით გაიაფდება.

როგორც „ვისოლ ჯგუფის“ ხელმძღვანელმა განმარტა, აგვისტოს დასაწყისიდან “ვისოლის” ქსელში საწვავი 70-80 თეთრით გაიაფდა და ეს საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასის შემცირებით და ქვეყანაში ლარის კურსის გამყარებით აიხსნება. სოსო ფხაკაძემ აღნიშნა, რომ ნავთობიმპორტიორი კომპანიები საწვავის ფასდებისას, სწორედ საერთაშორისო ბაზარზე არსებულ მდგომარეობაზე არიან დამოკიდებული.

„ჩვენი ქვეყანა სრულად დამოკიდებულია საერთაშორისო ბაზრების კონიუნქტურაზე, ანუ ნავთობსა და ნავთობპროდუქტების ფასებზე. როდესაც გლობალურ ბაზარზე ნავთობზე ფასები ქვემოთ მოდის, მომხმარებელს უნდა, რომ ამის ასახვა ჩვენს ბენზინგასამათ სადგურებზე მყისიერად მოხდეს. მესმის ეს, მათ ადგილას რომ ვიყო, მეც იმავეს ვიტყოდი. საქართველოში არ გვაქვს ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა. ასეთის არსებობის შემთხვევაში, ჩვენ ყოველ მეორე დღეს მივიდოდით ქარხანაში, შემცირებული ფასებით ვიყიდიდით საწვავს და მივიტანდით ჩვენს გასამართ სადგურებში. ჩვენ ხომ ძალიან კარგად ვიცით, რომ ჩვენი ქვეყანა იმპორტზეა დამოკიდებული. სხვადასხვა ქვეყნებიდან ლოგისტიკური არხებით პროდუქციის შემოტანას გარკვეული პერიოდი სჭირდება, ანუ რაღაც პერიოდია საჭირო, სანამ რეზერვუარები ახალი პარტიებით შეივსება.

აგვისტოს დასაწყისიდან „ვისოლის“ ქსელში საწვავის ფასები 70-80 თეთრით შევამცირეთ და ფასების შემცირების ეს ტენდენცია გაგრძელდება. ამის თქმის საშუალებას ის საერთაშორისო კონიუნქტურა მაძლევს, რომელიც საერთაშორისო ბაზარზეა – ფასები ქვემოთ მოდის და ასევე ლარის გამყარებული კურსი, რომელიც რამდენიმე თვეა სახეზე გვაქვს.

შემიძლია გითხრათ, რომ უახლოესი 2-3 კვირის განმავლობაში საწვავის ფასი კიდევ 10-20 თეთრის ფარგლებში შემცირდება“, – განაცხადა ფხაკაძემ BMGtv-ის გადაცემა #რედაქტ2-ში საუბრისას.

„ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტმა ისიც აღნიშნა, რომ ნავთობიმპორტიორ კომპანიებს საწვავის მაღალი ფასი ყველაზე ნაკლებად აწყობთ, რადგან ამ დროს მათი ხარჯები იზრდება.

„როდესაც საწვავის ფასები იზრდება, კომპანიას საბრუნავ სახსრებზე მოთხოვნა ეზრდება. ჩვენ ამ საწვავს არავინ გვჩუქნის და საბრუნავ კაპიტალზე მოთხოვნის ზრდა ძალიან დიდი ზეწოლაა, ძალიან დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული. მეორე მოცემულობა – რაც უფრო დაბალია ფასი, მით უფრო მეტი გაიყიდება, ამიტომ ვინმეს საწვავის დაბალი ფასი აწყობს, ერთ-ერთი ასეთები ჩვენ ვართ“, – განაცხადა სოსო ფხაკაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g