LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უხამსობისა და ძალადობის ტირაჟირებისთვის ტელეკომპანია “ალტ ინფო” 2 500 ლარით დაჯარიმდა

109
Untitled design

კომუნიკაციების კომისიამ ტელეკომპანია “ალტ ინფო” უხამსობისა და არასრულწლოვნებისათვის შეუფერებელი მასალის ტირაჟირების გამო 2500 ლარით დააჯარიმა.

კომისიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მაუწყებლის ეთერში 5 მარტს, 21:00 საათზე გასულ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თოქ-შოუ “ალტ-ანალიტიკაში” მასობრივად იყო გამოყენებული შეურაცხმყოფელი გამონათქვამები, რომლებიც არა მხოლოდ უცენზუროა, არამედ კონკრეტულ პირებს და პირთა ჯგუფებს აყენებს შეურაცხყოფას და ხელს უწყობს მათ სტიგმატიზებას.

“კომისიამ მიიჩნია, რომ გადაცემაში გამოყენებული ლექსიკა ეწინააღმდეგება საზოგადოებაში დამკვიდრებულ ეთიკურ ნორმებს, არ გააჩნია საზოგადოებრივ-პოლიტიკური, კულტურული, საგანმანათლებლო ან მეცნიერული ღირებულება და მისი განთავსებით შეილახა ადამიანის ძირითადი უფლებები.

“ალტ ინფოს” ეთერში განთავსებულ გადაცემაში წამყვანები ასევე ამართლებდნენ ისეთ ქმედებებს, როგორიც არის ბავშვზე ფიზიკური ძალადობა და, ზოგადად, ძალადობა, რაც არა მხოლოდ მიუღებელია, არამედ – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით დანაშაულია.” – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომუნიკაციების კომისიაში აღნიშნავენ, რომ კანონმდებლობის თანახმად, ასეთი შინაარსის პროგრამა 18 წლამდე არასრულწლოვანთათვის შეუფერებლად მიიჩნევა და არ უნდა განთავსდეს 06:00-დან 24:00 საათამდე. მაუწყებელმა კი 18 წლამდე არასრულწლოვანთათვის შეუფერებელი მასალა 21:00 საათზე კანონდარღვევით განათავსა.

კომისიას მიიჩნევს, რომ განსაკუთრებით მაღალია ის ზიანი, რაც ამგვარი პროგრამის ეთერში განთავსებით ადგება როგორც სრულწლოვან, ისე არასრულწლოვან აუდიტორიას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები