LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უხანში მასობრივი ტესტირების შედეგად 198 ასიმპტომური კოვიდინფიცირებული აღმოაჩინეს

289
https---cdn.cnn.com-cnnnext-dam-assets-200516220915-wuhan-mass-testing

უხანში, ქალაქში საიდანაც კორონავირუსი აგვრცელდა, ჩინეთის ხელისუფლებამ მოსახლეობის უპრეცენდენტოდ მასშტაბური ტესტირება განახორციელა. ,,სიენენი” ადგილობრივ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ მსოფლიო პანდემიის ორიგინალ ეპიცენტრში 10 დღის განმავლობაში ახალ კორონავირუსზე 9 მილიონი ადამიანი გატესტეს. ქალაქ უხანის მოსახლეობა 11 მილიონი ადამიანია, რაც იმას ნიშნავს, რომ Sars-Cov-2-ზე ქალაქის მოსახლეობის 80%-ზე მეტი გაიტესტა.

აღნიშნული გადაწყვეტილება ხელისუფლებამ ეპიდემიის მეორე ტალღის თავიდან ასაცილებლად მას შემდეგ მიიღო, რაც უხანში საყოველთაო კარანტინის მოხსნიდან რამოდენიმე დღეში ინფიცირების 6 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ქალაქის მოსახლეობა რიგში იდგა, რათა მედიკოსებს მათი სინჯები აეღოთ, გარდა ამისა სპეციალური ბრიგადები გამოიყო კარდაკარ სიარულისათვის იმ მოქალაქეებთან, რომლებიც ჯანმრთელობის სხვა პრობლემების გამო გადაადგილებას და სახლიდან გასვლას ვერ ახერხებდნენ.

მასობრივი ტესტირების შედეგად ქალაქში 198 ასიმპტომური კოვიდინფიცირებული აღმოაჩინეს, რომლებიც კარანტინში გადაიყვანეს.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიო პანდემიის პირველმა ეპიცენტრმა ტესტირების მაჩვენებლებით აშშ-საც კი გადაასწრო, სადაც ერთ დღეში ჩატარებული ტესტების მაქსიმალური რაოდენობა 416,183-ს შეადგენს. აქ იგულისხმება როგორც ტესტები ვირუსის გენეტიკური მასალის, ასევე ანტისხეულების აღმოსაჩენად. უხანში კი მხოლოდ გასულ პარასკევს 1.4 მლნ ტესტი გაკეთდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ჩინელმა მედიკოსებმა ამ ოდენობის ტესტების ჩასატარებლად ე.წ. Pool Testing მეთოდი გამოიყენეს, რაც იმას ნიშნავს,რომ ერთდროულად ბევრი სინჯის ტესტირება ხდებოდა ვირუსზე. იმ შემთხვევაში, თუ ამ სინჯებში დადებითი არცერთი არ არის, ერთდროულად ტესტირებულთა გარკვეული რაოდენობის გამორიცხვა შეიძლება, ხოლო თუ რომელიმე პასუხი დადებითია, შემდეგ ლაბორატორიაში აღნიშნულ ჯგუფში შემავალ ყველა სინჯს ცალ-ცალკე იკვლევენ. აღნიშნული მეთოდი გერმანელმა მეცნიერებმა მოიფიქრეს, რათა დრო დაეზოგათ და ამავდროულად რაც შეიძლება მეტი ადამიანი შეემოწმებინათ.

ჩინეთში ტესტირების ახალმა მეთოდმა გაამართლა, რაც უახლოეს ხანებში სხვა ქვეყნებსაც მისცემს საშუალებას, დროის მოკლე მონაკვეთში რაც შეიძლება ბევრი ადამიანი შეამოწმონ ახალ კორონავირუსზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g