უკრაინაში, სადაც დღეს, 31 მარტს საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს, მოქალაქეს ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე მშობიარობა დაეწყო.
“გოგონა თითქმის ერთი საათის წინ დაიბადა, დედამ მოახერხა თავისი სამოქალაქო მოვალეობის შესრულება” – წერს ადგილობრივი მედია
https://www.facebook.com/yuriy.sugak.5/posts/1975102235931795
დღეს უკრაინის 35 მილიონი ამომრჩეველი ხუთი წლის ვადით აირჩევს ქვეყნის ლიდერს. სხვადასხვა მედიასაშუალების თანახმად, პრეზიდენტობის 39 კანდიდატიდან ძირითადად სამი ლიდერი იკვეთება: ახლანდელი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო;ყოფილი პრემიერი იულია ტიმოშენკო და კომიკოსი ვოლადიმირ ზელენსკი, რომლის პერსონაჟიც ერთ-ერთ სატელევიზიო შოუში მოულოდნელად პრეზიდენტი ხდება.
არჩევნებისათვის შექმნილია 199 ოლქი, 29888 საარჩევნო უბნით, გარდა ანექსირებულ ყირიმსა და ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებისა.
წელს საარჩევნო უბნები არ გახსნილა რუსეთის ტერიტორიაზე, ასევე, უკრაინის ხელისუფლებამ უარი თქვა არჩევნებზე რუსი დამკვირვებლების დაშვებაზე.
თბილისში, უკრაინის საელჩოში საარჩევნო უბანი უკვე გაიხსნა. უკრაინის მოქალაქეებს საპრეზიდენტო არჩევნებზე ხმის მიცემა თბილისის დროით 20:00 საათამდე შეეძლებათ.