LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,უკრაინელებმა მთელ მსოფლიოს აჩვენეს, რას ნიშნავს სამშობლოს სიყვარული… კარგი იქნება თუ  ჩვენც მათგან ვისწავლით” – გია მურღულია

363
giamurgulia

პირველი არხის შემეცნებით-გასართობ გადაცემას „ამ შაბათ-კვირას“ ფილოლოგიის დოქტორი გია მურღულია სტუმრობდა, რომელმაც მეტად აქტუალურ თემაზე – პატრიოტიზმზე ისაუბრა.

– ბატონო გია, თქვენთვის რას ნიშნავს პატრიოტიზმი?

– პატრიოტიზმი უმნიშვნელოვანესი თემაა, თუმცა, თავისუფლად შეიძლება მისი გაყალბება და ბანალობად ქცევა, ცნობილი გამოთქმაც კი არსებობს, „ნაძირლების უკანასკნელი თავშესაფარი პატრიოტიზმიაო“.  მოსწავლეებთან საუბრისას, ყოველთვის ორი მოთხრობა – ედუარდ ჰეილის „უსამშობლო კაცი“ და თამრი ფხაკაძის „ბოსტანი კონფლიქტის ზონაში“  მახსენდება. ორივე საინტერესო ნამუშევარია, თუმცა, ქართული მოთხრობა უფრო მომწონს, ამიტომ ყველას ვურჩევ მის წაკითხვას. რა თქმა უნდა, ყველამ ვიცით, რომ პატრიოტიზმი – სამშობლოს სიყვარულია, თუმცა საკითხავია რა არის სამშობლო და რას გულისხმობს სიყვარული? პავლე მოციქული ამბობს, „სიყვარული არა ეძებს თავისას“ ანუ შეგრძნება სამშობლოსი – სიძვირფასეა ეგოიზმის გარეშე, სამშობლო კი, ქართული ენა და ყოველი სიტყვაა, რომელიც უცხო ქვეყანაში გესმის, ან იავნანა, რომელსაც დედა უმღერის შვილს, ანუ სამშობლოა ყველაფერია, რაც საკუთარ ფესვებს, წარმომავლობას გახსენებს.

რობესპიერის მარტივი ფრაზა „სამშობლოსთვის ცოტა გაქვს გაკეთებული, თუ ყველაფერი არ გააკეთე“ – ზუსტად განმარტავს პატრიოტიზმს, რადგან ნებისმიერი სიტყვა ყალბია, თუ ის საქმით არ დამტკიცდა. არსებობს კეთილი ფიქრი, კეთილი სიტყვა და კეთილი საქმე, ადამიანი კი, სწორედ გაკეთებული საქმით ფასდება.

გია მურღულია: „მერვეკლასელები გაკვეთილზე ფეხზე ადგნენ და პატივი მიაგეს დაღუპულებსა და სამშობლოსთვის მებრძოლ გმირ უკრაინელ ხალხს…“

გია მურღულია: „ჯვრების მარტო ქუჩებში დადგმა არ გამოგვადგება, გულშიც უნდა იდგას ჯვარი…“

სახელმწიფოზე საუბრისას, ჩვენ მხოლოდ მოქალაქეები ვართ, მაგრამ ეროვნულ ცნობიერებაზე საუბრისას, როცა ერთსა და იმავეზე ვფიქრობთ, ერთი და იგივე აღვაფრთოვანებს, ჩვენ უკვე ფასეულობებით ვერთიანდებით, რომლებიც არა მხოლოდ მიზეზი, არამედ ცხოვრების მიზანი ხდება.

ძალიან მნიშვნელოვანია პატრიოტიზმის სიმბოლოები. მაგალითად, ჰიმნი, რომლის მოსმენისას ყველა სიამაყით ვივსებით. ყოველთვის თავგამოდებით ვგულშემატკივრობთ ქართველ სპორტსმენებს, რომელთაც „ჩვენებს“ ვეძახით. გამარჯვების შემთხვევაში აუცილებლად „ჩვენ“ ვიგებთ, მარცხს კი – ყოველთვის გუნდს ვაბრალებთ. როგორც ჩანს, სიტყვა „ჩვენ“ ძალიან ძვირფასია ჩვენთვის, თუმცა ბოლო დროს „მე“ უფრო ხშირად გვესმის. სამწუხაროდ, გაქრა სიტყვა ,,სამშობლოც“, რომელიც „ჩვენმა ქვეყანამ“ ჩაანაცვლა. ეროვნულ სიმბოლოებს მიეკუთვნება ხორბალი და ღვინო, ცეკვა და პოლიფონია. უამრავი ცეკვა შეიძლება მოგვეწონოს, თუმცა მხოლოდ ქართული ცეკვის ცქერისას ვგრძნოთ, რომ ის ჩვენია.

ვფიქრობ, პატრიოტიზმი უნდა ისწავლებოდეს, რადგან მხოლოდ სამშობლოს სიყვარულს ფასი არ აქვს. შეიძლება იცოდე, რომ სამშობლო ძვირფასია, მაგრამ რა აზრი აქვს ცოდნას, თუ შენს ქვეყანას ვერ გამოადექი. ძალიან მნიშვნელოვანია საკუთარი ქვეყნის ისტორიის ცოდნაც, რადგან ყველამ უნდა იცოდეს საიდან მოდის, განვითარების რა ეტაპზეა და საით მიდის. პატრიოტიზმი გულიცაა და გონებაც, რადგან სიყვარული უმიზეზო და უანგაროა, სამშობლოს სამსახური კი, აბსოლუტურად გაცნობიერებული.

? რა არის პატრიოტიზმი?

? რა არის პატრიოტიზმი?

? სტუმარი: გია მურღულია – ფილოლოგიის დოქტორი

Posted by ამ შაბათ-კვირას • 1tv.ge on შაბათი, 05 მარტი, 2022

თქვენი აზრით რას ნიშნავს ე.წ. „ურაპატრიოტიზმი“?

– „ურაპატრიოტიზმი“ – ყალბი სიყვარულია პასუხისმგებლობის გარეშე. სამწუხაროდ, ბოლო დროს ძალიან მომრავლდნენ მსგავსი პატრიოტები, რომელთაც არც პასუხისმგებლობა და სამშობლოს შეგრძნება აქვთ, არც მომავალი და პერსპექტივა, რადგან ყველა საკუთარი ცხოვრებით და ქვეყნისთვის გაკეთებული საქმით ფასდება.

რამდენად თავსებადია კოსმოპოლიტიზმი პატრიოტიზმთან?

– არ მწამს იმ ადამიანის, ვისაც სხვისი დედა უფრო უყვარს, ვიდრე საკუთარი. რა თქმა უნდა, საკუთარი და სხვისი არასდროს უპირისპირდება ერთმანეთს, რადგან ადამიანს მთელი სამყაროს გაერთიანება შეუძლია საკუთარ თავში, თუმცა არჩევანის წინაშე დამდგარმა უპირატესობა ყოველთვის თავისას უნდა მიანიჭოს.

საკუთარი გმირობით უკრაინელებმა მთელი მსოფლიო გააოცეს. რამდენად შეიძლება მათი შემართების პატრიოტიზმთან გაიგივება?

– მართლაც განსაცვიფრებელია ამ ადამიანების ბრძოლისუნარიანობა. მართალია, ადამიანმა პირველ რიგში საკუთარი ქვეყნის შენებაზე უნდა იზრუნოს, მაგრამ აუცილებლობის შემთხვევაში არც ბრძოლაზე უნდა თქვას უარი. უკრაინელებმა მთელ მსოფლიოს აჩვენეს, რას ნიშნავს სამშობლოს სიყვარული. სიმართლე მათ მხარეზეა და სწორედ სიმართლე აძლიერებთ, სიმართლით იბრძვიან საკუთარი ღირსებისთვის და კარგი იქნება თუ  ჩვენც მათგან ვისწავლით სამშობლოს სიყვარულს.

მექმნება შთაბეჭდილება, რომ ჯგუფი, რომელიც სასკოლო სახელმძღვანელოებს არჩევს, ამ მისიისთვის არათუ მზად არის, არამედ მასთან ახლოსაც არ გაუვლია: მურღულია

გია მურღულია წარმატების შესახებ: „თვითრეალიზება“ კარგი სიტყვაა, მაგრამ ხანდახან შემდეგი ელფერი დაჰკრავს – მთავარია, მე მივაღწიო წარმატებას და შენ საერთოდ არ მახსოვხარ…“

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები