„მნიშვნელოვანია, რომ უკრაინა გრძნობდეს მხარდაჭერას საქართველოსგან, ჩვენი ქვეყნისთვისაც მნიშვნელოვანია აქტიურად იყოს ჩართული ამ პროცესში, სამწუხაროდ სახელმწიფო და მისი პირველი პირები არ არიან აქტიურები ამგვარი ქცევები არ იქნება კარგის მომტანი საქართველოსთვის საერთაშორისო სარბიელზე,“ – განაცხადა „ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე გიგი წერეთელმა უკრაინის ელჩთან შეხვედრის შემდეგ.
„შეხვედრა ელჩთან იყო საინტერესო, ჩვენ გვქონდა ანალიზი არსებული ვითარების, გარკვეული ინფორმაცია მოვისმინეთ მისგან, ხედვები თუ როგორ შეიძლება პროცესები განვითარდეს და გამოხატეს დიდი მადლიერება იმის გამო, რომ ქართული საზოგადოება ასე აქტიურად არის ჩართული სოლიდარობის პროცესში, “ – განაცხადა წერეთელმა.
დღეს, „ევროპული საქართველოს“ ლიდერები გიგა ბოკერია, გიგი წერეთელი და გიორგი კანდელაკი საქართველოში უკრაინის ელჩს, იგორ დოლგოვს შეხვდნენ.
უკრაინის ელჩთან შეხვედრამდე, პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა, რომ „განსაცდელში მყოფ უკრაინასთან კომუნიკაცია ყველა ნორმალური პოლიტიკური პარტიის მიზანი უნდა იყოს”, მისი სიტყვებით “მთავრობის სამარცხვინო დუმილის ფონზე ეს განცდა კიდევ უფრო გამძაფრებულია“.