უკრაინის მხარდამჭერ დოკუმენტს ევროკავშირის ყველა წევრმა მოაწერა ხელი, გარდა უნგრეთისა. შესაბამისი დოკუმენტს ევროპული საბჭოს პრესსამსახური ავრცელებს.
„ევროპული საბჭო მიესალმება 2025 წლის 11 მარტს საუდის არაბეთში შეხვედრის შემდეგ უკრაინისა და შეერთებული შტატების ერთობლივ განცხადებას, მათ შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებისთვის წინადადებებს, ჰუმანიტარულ დახმარებას, ამერიკული სადაზვერვო ინფორმაციისა და სამხედრო დახმარების გაგრძელებას. ევროპული საბჭო რუსეთს მოუწოდებს, ომის დასასრულებლად ნამდვილი პოლიტიკური ნება გამოაჩინოს”, – ნათქვამია სამიტის შედეგებში.
ევროკავშირის 26 წევრი ქვეყნის ლიდერები აღნიშნავენ, რომ მშვიდობისკენ გზა უნდა მოიცავდეს ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებისთვის ძალისხმევებს, ომის ტყვეების გაცვლას, სამოქალაქო პირების გათავისუფლებასა და ყველა გატაცებული უკრაინელი ბავშვის დაბრუნებას.
„ევროკავშირი მზად რჩება გაზარდოს ზეწოლა რუსეთზე, მათ შორის მეტი სანქციებითა და არსებული ზომების აღსრულების გაძლიერებით, მათ შორის მეტი შესაძლებლობებითა და ზომებით მათთვის გვერდის ავლის საწინააღმდეგოდ, რათა დაასუსტოს მისი შესაძლებლობა გააგრძელოს აგრესიული ომის წარმოება. ევროკავშირის კანონის ფარგლებში, რუსული აქტივები გაყინული დარჩება მანამ, სანამ რუსეთი არ შეწყვეტს უკრაინის წინააღმდეგ თავის აგრესიულ ომს და მისთვის ამ ომით გამოწვეული ზარალის კომპენსაციას არ მოახდენს,” – ნათქვამია დოკუმენტში.