უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ორი უკრაინელი მაღალჩინოსანი დააკავა – მათ ბრალი ედებათ რუსული მხარისათვის საიდუმლო ინფორმაციის მიწოდებაში.
როგორც უშიშროების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მათ მიერ გამოვლენილ რუსულ სააგენტოსთან უკრაინის მინისტრთა კაბინეტისა და სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენლები თანამშრომლობდნენ.
“რუსეთის უსაფრთხოების სამსახურის სადაზვერვო ქსელი ახორციელებდა სადაზვერვო და დივერსიულ საქმიანობას ხელისუფლებაში. მის გასანეიტრალებლად უშიშროების სამსახურის კონტრდაზვერვამ მრავალეტაპიანი სპეცოპერაცია ჩაატარა.
შედეგად კიევში დააკავეს მინისტრთა კაბინეტის სამდივნოს უფროსი და სავაჭრო-სამრეწველო პალატის ერთ-ერთი განყოფილების ხელმძღვანელი.
ამ ჩინოვნიკებმა მტერს მიაწოდეს სხვადასხვა სადაზვერვო ინფორმაცია: თავდაცვის შესაძლებლობების მდგომარეობით დაწყებული, სახელმწიფო საზღვრის მოწყობითა და უკრაინელი სამართალდამცველების პერსონალური მონაცემებით დასრულებული.
მოღალატეებს ეს უფასოდ არ გაუკეთებიათ. რუსი კურატორები მათ ინფორმაციისთვის 2-დან 15 ათას დოლარამდე უხდიდნენ. თანხა კი დამოკიდებული იყო იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანი და გასაიდუმლოებული იყო რუსული მხარისთვის მიწოდებული ინფორმაცია”, – აღნიშნულია უკრაინის უშიშროების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
როგორც უკრაინის უშიშროებაში აცხადებენ, მინისტრთა კაბინეტის სამდივნოს უფროსი რუსეთის უსაფრთხოების სამსახურმა 2012 წელს, რუსეთში ყოფნისას გადაიბირა.
უკრაინული მხარის ცნობით, ის საიდუმლო დოკუმენტებს ბეჭდავდა, კამერით იღებდა და მეხსიერების ბარათზე წერდა. ფაილების გადასაცემად კი დახურულ ტელეგრამ-არხს იყენებდა, სადაც “კონტაქტს” შეხვედრაზე უთანხმდებოდა. სწორედ ჩინოვნიკის “კონტაქტი” იყო სავაჭრო-სამრეწველო პალატის ერთ-ერთი განყოფილების უფროსი, რომელიც ასევე რუსეთში გადაიბირეს.
ამ დროისთვის, გამოძიება უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 111-ე – სამშობლოს ღალატის მუხლითმიმდინარეობს. სასამართლომ დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში