LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უნცია ოქროს ღირებულებამ, პირველად ისტორიაში, 5000 დოლარიან ნიშნულს გადააჭარბა

135
ოქრო

მსოფლიო ბირჟაზე ოქროს ფასმა უნციაზე 5000 დოლარს გადააჭარბა. აღნიშნულ ძვირფას ლითონს მსგავსი შედეგი კაცობრიობის ისტორიაში არასდროს დაუფიქსირებია.

ოქროს ფასის ზრდა რამდენიმე მიზეზითაა განპირობებული. მათ შორის იმით, რომ აშშ-სა და ნატოს შორის გრენლანდიასთან დაკავშირებულმა დაძაბულობამ ფინანსური და გეოპოლიტიკური გაურკვევლობის მიმართ არსებული შეშფოთება გააძლიერა. ბაზრებზე უარყოფითად აისახა აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სავაჭრო პოლიტიკაც. იგი გასულ შაბათს კანადას ჩინეთთან სავაჭრო შეთანხმების გაფორმების შემთხვევაში 100%-იანი ტარიფის დაწესებით დაემუქრა.

აღსანიშნავია, რომ ოქრო და სხვა ძვირფასი ლითონები ე.წ. უსაფრთხო აქტივებად განიხილება, ამიტომ ინვესტორები მათ გაურკვევლობის პერიოდში იძენენ.

ძვირფას ლითონებზე მოთხოვნას სხვა ფაქტორებიც განაპირობებს, მათ შორის ჩვეულებრივზე მაღალი ინფლაცია, აშშ დოლარის სისუსტე, მსოფლიოს ცენტრალური ბანკების მხრიდან შესყიდვები და მოლოდინი, რომ აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემა საპროცენტო განაკვეთებს წელს კვლავ შეამცირებს.

ოქროს ფასის ზრდას ხელი შეუწყო უკრაინასა და ღაზაში მიმდინარე ომებმაც, აგრეთვე ვაშინგტონის მიერ ვენესუელის პრეზიდენტის ნიკოლას მადუროს დაკავებამ.

ოქროს ერთ-ერთი მთავარი მიმზიდველობა მისი შედარებითი სიმცირეა. ოქროს მსოფლიო საბჭოს მონაცემებით, კაცობრიობის ისტორიაში სულ, დაახლოებით, 216 265 ტონა ოქროა მოპოვებული. ეს რაოდენობა სამი-ოთხი ოლიმპიური ზომის საცურაო აუზის შევსებას ეყოფოდა. ოქროს ამ რაოდენობის უმეტესი ნაწილი 1950 წლის შემდეგ არის მოპოვებული, სამთო ტექნოლოგიების განვითარებისა და ახალი საბადოების აღმოჩენის შედეგად.

აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის შეფასებით, მიწისქვეშა მარაგებიდან კიდევ 64 000 ტონა ოქროს მოპოვებაა შესაძლებელი, თუმცა პროგნოზების მიხედვით, ძვირფასი ლითონის მიწოდება მომდევნო წლებში დასტაბილურდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g