პარტნიორთან ერთად მოგზაურობა ურთიერთობას აძლიერებს ან საერთოდ ანგრევს. როგორც უამრავი წყვილის გამოცდილებამ აჩვენა, ერთი-ორი ქვეყნის მოვლა ურთიერთობის გამოსაცდელად საუკეთესო გზაა. მოგზაურობის შემდეგ წყვილებს ერთმანეთი უფრო მეტად უყვარდებათ, ან პირიქით – უცხო მიწაზე ფეხის დადგმისთანავე ყველაფერი მთავრდება.
გაუგებრობის და პრობლემის მიზეზი კი შესაძლოა სულ მარტივი რამ გახდეს. ერთს სპონტანურობა უყვარდეს, მეორეს კი ყველაფრის დეტალურად დაგეგმვა, ერთისთვის საინტერესო ღირსშესანიშნაობები მეორესთვის სრულიად უინტერესო იყოს და ა.შ.
ვინმესთან ერთად მოგზაურობა, იქნება ეს მეგობარი, ოჯახის წევრი თუ სასიყვარულო პარტნიორი – ყოველთვის გარკვეულ რისკებთანაა დაკავშირებული. ადამიანი მხოლოდ საკუთარ თავზე არაა დამოკიდებული და სხვისი აზრების გათვალისწინება, პრიორიტეტების შეცვლა და ბევრ დათმობაზე წასვლა უწევს. რაც არ უნდა უცნაური იყოს, ამ დროს დანიშნულების ადგილი არაფერს ცვლის და ყველაზე ზღაპრულ სამყაროში მოხვედრაც პრობლემას ვერ მოაგვარებს.
გადაიტანს თუ არა წყვილი მოგზაურობას წარმატებით ეს უკვე მათ გამძლეობაზეა დამოკიდებული და სიტუაციას გრძნობების სერიოზულობაც ვერაფერს უშველის.
სწორედ ამიტომ, სანამ ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას მიიღებთ და თქვენს ბედს ვინმეს დაუკავშირებთ – სამოგზაუროდ წასვლა არ დაგავიწყდეთ.

