ევროკავშირის ტერიტორიაზე მყოფი მიგრანტების საქართველოში გადანაწილების საკითხი არ განიხილება და დღის წესრიგში არც სამომავლოდ დაგდგება. ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრის სებასტიან კურცის განცხადებას, საქართველოში მიგრანტების შესაძლო განთავსებაზე,დღეს ქვეყნის ოფიციალური უწყებები გამოეხმაურნენ. საგარეო საქმეთა სამინისტროს განმარტებით, ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევებიდან გამომდინარე ამ ეტაპზე შეუძლებელია ამ პროექტის განხორციელება.
„აღნიშნულის საკითხი ქართულ მხარესთან არასდროს, არც ერთ დონეზე ოფიციალურად არ დამდგარა. მათ შორის, საკითხს არ შეხებია თავად სებასტიან კურციც საქართველოში ვიზიტისას,“ – ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე კი ამბობს, რომ კურცმა საქართველო საუბრისას მხოლოდ მაგალითად მოიყვანა და ჩვენს ქვეყანაში ლტოლვილების შემოყვანასთან დაკავშირებით არსებითი საუბარი არასოდეს ყოფილა.
,,მართალი გითხრათ, მე არ მსმენია, რომ რაიმე თუნდაც განხილვის, ან ანალიზის პროცესში იყოს ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხრიდან. ჩვენ ახლახანს ჩამოვედით ბრიუსელიდან და ამგვარი არაფერი გვსმენია. ბატონი ავრამოპულოსი სტუმრობდა თბილისს და ამგვარი არაფერი თქმულა. ამიტომ, ალბათ, ავსტრიულ მხარეს უნდა ჰკითხოთ, თუ რა ჰქონდა მას მხედველობაში. მე რამდენადაც გავიგე, ბატონმა კურცმა მხოლოდ მაგალითად მოიყვანა. კურციც იმყოფებიდა ცოტა ხნის წინ თბილისში და ამგვარი არაფერი უთქვამს”, – განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.
შეგვიძლია თუ არა, მოთხოვნის შემთხვევაში უარი ვთქვათ მიგრანტების მიღებაზე
ქვეყანაში მიგრანტების განთავსების საფრთხეებსა და სირთულეებზე საუბრობს რადიო „ფორტუნასთან“ ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე. მისი მოსაზრებით, კურცის განცხადება პრორუსული სააგენტოების მიერ ხელოვნურად იქნა გაზვიადებული.
„რეალურად, ევროკავშირში ფლობენ ინფორმაციას საქართველოს რესურსებზე და იმ სირთულეებზეც, რომელიც, შესაძლოა, მიგრანტების განთავსებას მოჰყვეს ქვეყანაში – მათ შორის, კრიმინოგენული სიტუაციის გართულება და ტერორიზმის საფრთხის მომატება.
იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული საკითხი მაინც დადგება დღის წესრიგში და ევროკავშირი საქართველოში მიგრანტების გადანაწილების საკითხის განხილვას დაიწყებს, ქვეყანა ამაზე იტყვის უარს და ამით დასრულდება ეს პროცესი“,- აცხადებს თორნიკე შარაშენიძე.
ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა სებასტიან კურცმა გუშინ გამოცემა bild-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ევროკავშირის ლტოლვილთა მიღების ცენტრები ევროკავშირის ფარგლებს მიღმა უნდა გაიხსნას და ეს ქვეყნები შეიძლება იყოს საქართველო, ეგვიპტე და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები.
თამუნა გოგუაძე