RM Sotheby’s აუქციონის სახლი ივლისის დასაწყისში გასაყიდად გამოიტანს ერთ-ერთ ყველაზე იშვიათ Porsche 911-ს, რომელიც ბოლო წლებში თავისუფალ ბაზარზე გამოჩენილა. საუბარია 1993 წლის Porsche 911 Carrera RSR 3.8 Strassenversion-ზე – მოდელზე, რომლისთვისაც მხოლოდ ორი საგზაო ვერსია შეიქმნა.
ამ კონკრეტული ავტომობილის მთავარი უნიკალურობა არა მხოლოდ მისი იშვიათობა, არამედ თითქმის ნულოვანი გარბენია. ავტომობილს ბოლო 30 წლის განმავლობაში სულ 10 კილომეტრი აქვს გავლილი და პრაქტიკულად არასდროს გამოუყენებიათ.

1990-იან წლებში Porsche-მ სარბოლო 911 RSR შექმნა, რომელმაც არაერთ პრესტიჟულ რბოლაში გაიმარჯვა, მათ შორის 24 Hours of Le Mans-ის საკუთარ კლასშიც. მთლიანობაში მხოლოდ 51 სარბოლო RSR აიგო, ხოლო მათგან მხოლოდ ორი გადაკეთდა საზოგადოებრივი გზებისთვის და მიიღო სახელწოდება Strassenversion.

აუქციონზე გამოტანილი ეგზემპლარი სპეციალური შეკვეთით არის დამზადებული.
პირველმა მფლობელმა ავტომობილი 1996 წელს მიიღო და პირდაპირ კოლექციაში განათავსა. მოგვიანებით ის სხვა კოლექციონერებს გადაეცა, თუმცა არცერთ მფლობელს მანქანა პრაქტიკულად არ გამოუყენებია. სწორედ ამიტომ სპორტქარი დღემდე ინარჩუნებს ფაქტობრივად ახალ მდგომარეობას, მიუხედავად იმისა, რომ წლების განმავლობაში დაგროვილი მტვერი და ჭუჭყი კვლავ კორპუსზეა შემორჩენილი.

აუქციონის ორგანიზატორები ვარაუდობენ, რომ ავტომობილის ფასი 1,85-2,2 მილიონ ფუნტ სტერლინგს (დაახლოებით 2,44-2,9 მილიონ დოლარს) მიაღწევს. განსაკუთრებული ისიც არის, რომ ეს შესაძლოა იყოს მსოფლიოში ერთადერთი Carrera RSR Strassenversion, რომელსაც სამი ათწლეულის განმავლობაში რეალურად არასოდეს უვლია.