ჩვენ რევიუების ეპოქაში ვცხოვრობთ. ახალი ფილმის ყურებას ვგეგმავთ თუ ახალი ბლენდერის ყიდვას, მნიშვნელობა არა აქვს. ნებისნიერი პროდუქტის შეძენამდე ვეცნობით რევიუებს, ანუ სხვა მომხმარებლების შეფასებებს. ზოგი რევიუ უცნაურია, ზოგი სასაცილო, ზოგი კი ძალიან სასაცილო… გადავავლოთ თვალი ყველაზე სახალისო რევიუებს ჩვენი საყვარელი ფილმების შესახებ…
„უოლ სტრიტის მგელი“ / The Wolf of Wall Street
მაყურებელი უკმაყოფილო დარჩა იმ ფაქტით, რომ „ამ ფილმში მგლები საერთოდ არ არიან“.
„მანჩესტერი ზღვასთან“ / Manchester By The Sea
,,ორი საათის გატარება იმ კაცის ყურებაში რომ მდომებოდა, რომელიც უარს ამბობს განვითარებაზე, ჩემი შვილების მამასთან ვივახშმებდი“, – დაწერა უკმაყოფილო ქალბატონმა.
„ვარსკვლავური ომები – ახალი იმედი“ / Star Wars, A New Hope
ადამიანმა, რომელსაც არ უფიქრია იმაზე, თუ რატომ არიან “,,ახალ იმედში“ ჰარისონ ფორდი და ფილმის სხვა ვარსკვლავები დღევანდელთან შედარებით ძალიან ახალგაზრდები, უკმაყოფილება გამოთქვა – „რა საშინელებაა. გეგონება ეს ფილმი 70-იანებში გადაიღეს“… (ფილმი 1977 წელს არის გადაღებული)
„ჯუნგლების წიგნი“ / The Jungle Book
ერთ-ერთმა მაყურებელმა ფილმი 1 ვარსკვლავით იმის გამო შეაფასა, რომ თავი მოტყუებულად იგრძნო. „სინამდვილეში ეს დისკია. არავითარი წიგნი არ არსებობს“ – წერს ის.
„ნათება“ / The Shining
ყურადღებიანმა და ლოგიკურმა მაყურებელმა შენიშნა, რომ „ძნელი დასაჯერებელია ამხელა სასტუმრო, რომელიც კოლორადოში მდებარეობს, ზამთრის სეზონზე იკეტებოდეს“…
„მონსტრების კორპორაცია“ / Monsters, Inc.
მეტისმეტად სერიოზული მომხმარებელი იმით აღშფოთდა, რომ „ბავშვების ტირილი იქნება თუ ბავშვების სიცილი, მონსტრები ბავშვების შრომას უკანონოდ იყენებენ და ეთიკური კაპიტალიზმი არ არსებობს“
„2001: კოსმოსური ოდისეა“ / 2001 : A Space Odyssey
თუკი არსებობს არაკომფორტული სკამების ფობია, ალბათ ის სწორედ იმ მაყურებელს სჭირს, რომელმაც სტენლი კუბრიკის შედევრი ორი ვარსკვლავით მხოლოდ ერთი მიზეზის გამო შეაფასა – მისი აზრით, „ფილმში ყველა სკამი საშინლად არაკომფორტული ჩანდა“..
„მარტო სახლში 2“ / Home Alone 2
ყველასთვის საყვარელმა ფილმმა ერთი ვარსკვლავი მხოლოდ იმიტომ მიიღო, რომ გულჩვილ მაყურებელს ბანდიტები შეეცოდა – „შეიძლება ისინი კრიმინალები არიან, მაგრამ არავინ იმსახურებს დაუსრულებლად თავში აგურების მოხვედრას” – დაწერა მან.
„ტიტანიკი“ / Titanic
გულმოსულმა მაყურებელმა ჯეიმს კემერონის ფილმი ერთი ვარსკვლავით იმიტომ შეაფასა, რომ თავი მოტყუებულად იგრძნო. „შანსი არ არის, ამხელა გემი ჩაძირულიყო“ – წერს ის.