“ნაციონალური მოძრაობის” პარლამენტში შესვლას ეხმიანება “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი შალვა ნათელაშვილი და ამბობს, რომ მაშინ, როდესაც საკანონდმდებლო ორგანოში შესვლაზე ოპოზიციური დოღია გამართული, ყველაზე ურწმუნო თომებმაც კი დაიჯერეს, რომ პარტია, რომლისთვისაც ყველაზე ძვირფასი მანდატი ამომრჩევლის ნდობა და სიყვარულია, სწორედ “ლეიბორისტული პარტიაა”.
ნათელაშვილი ამბობს, რომ “ნაციონალურმა მოძრაობის” გადაწყვეტილება კარგი არ არის და რომ შექმნილ მდგომარეობას განიცდის, თუმცა აქვე აღნშნავს, რომ ბრძოლა გაგრძელდება და ივანიშვილის რეჟიმი აუცილებლად დასრულდება:
“ახლა, როდესაც ოპოზიციური დოღია გამართული პარლამენტში შესვლაზე, ვფიქრობ, ყველაზე ურწმუნო თომებმაც კი დაიჯერეს, რომ ერთადერთი პოლიტიკური პარტია, რომლისთვისაც ყველაზე დიდი ღირებულება ქვეყანა, ხალხი და თქვენ ხართ, რომელიც არ დაემორჩილება არავის თქვენი ინტერესების საღალატოდ, რომლისთვისაც ყველაზე ძვირფასი მანდატი არის თქვენი ნდობა და სიყვარული, „საქართველოს ლეიბორისტული პარტიაა“. სამწუხაროდ, ძირითადი პოლიტიკური სპექტრი წარმოადგენს ოლიგარქიული ხის სხვადასხვა ტოტს. აქ, ლეიბორისტულ ოფისში წარმატებით და აღმავლობით დაწყებული პროცესი ივანიშვილის რეჟიმის შეცვლისა, გარკვეულ ოპოზიციურ ძალთა მიერ სეპარატისტულ-მოღალატეობრივად ხელმოწერილმა ე.წ. მიშელის დოკუმენტმა შეწყვიტა.
სამწუხაროდ, გუშინ “ნაციონალურმა მოძრაობამ” ასევე მიიღო გადაწყვეტილება პარლამენტში შესვლაზე, რაც ნამდვილად არ არის კარგი და მე მის მრავალ მხარდამჭერთან ერთად, უაღრესად განვიცდი შექმნილ მდგომარეობას, მაგრამ, ძვირფასო მეგობრებო, გული არ გაიტეხოთ, ბრძოლა გაგრძელდება და ივანიშვილი აუცილებლად დამთავრდება.” – თქვა მან.
ნათელაშვილი აღნიშნავს, რომ უმთავრესი ოპოზიციური ძალა, რომელსაც შეუძლია, სისტემა შეცვალოს და საზოგადოებას ქვეყანა, სიმდიდრე და უფლებები დაუბრუნოს, მხოლოდ და მხოლოდ “ლეიბორისტული პარტიაა”.
