აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში(თამარ მეფის 59, ქუთაისი) ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერის ღონისძიება გაიმართება. აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამასა და ქუთაისის, ლენტეხის, მესტიის და ტყიბულის მუნიციპალიტეტებს შორის ხელმოწერის ცერემონია 3 მაისს, 11 საათზე შედგება.
ურთიერთგაგების მემორანდუმები წარმოადგენს აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამასა და მუნიციპალიტეტებს შორის თანამშრომლობის საფუძველს, რაც ხელს შეუწყობს აღნიშნული მუნიციპალიტეტების საქმიანობის გაუმჯობესებას და მუნიციპალურ დასახლებებში მცხოვრები ადამიანების ცხოვრების ხარისხის გაზრდას. USAID-ის ინფორმაციით, თანამშრომლობა ხელს შეუწყობს დიალოგს და პარტნიორობას ადგილობრივ თვითმმართველობას, მოქალაქეებს, არასამთავრობო და კერძო სექტორებს შორის, საჯარო სერვისების გაუმჯობესებისა და ადგილობრივი შემოსავლების გაზრდის მხარდასაჭერად. თანამშრომლობა აგრეთვე ხელს შეუწყობს ადმინისტრაციული შესაძლებლობების და თითოეულ მუნიციპალიტეტში გამოვლენილ ადგილობრივ სისტემების და სერვისების გაძლიერებას, რათა გაუმჯობესდეს მუნიციპალიტეტის საქმიანობის სფეროები, როგორიცაა სოციალური მომსახურება, მყარი ნარჩენების მართვა, მუნიციპალური ტრანსპორტი, სკოლამდელი განათლება, ციფრული სერვისები და სხვა საკითხები, რომლებიც ადგილობრივი მოსახლეობისთვის პრიორიტეტს წარმოადგენს.
USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამა ხუთწლიანი ინიციატივაა, რომელიც აერთიანებს ცენტრალური ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს, რათა იმუშაონ სამოქალაქო საზოგადოებასთან და კერძო სექტორთან საქართველოს დეცენტრალიზაციის სტრატეგიის მიზნების მისაღწევად. პროგრამა მუშაობს ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე ანგარიშვალდებულების გაძლიერების მიმართულებით და მხარს უჭერს შესაბამის ცენტრალურ სახელმწიფო უწყებებს დეცენტრალიზაციის და საჯარო მმართველობის რეფორმის განხორციელებაში. პროგრამის საშუალებით, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო მხარს დაუჭერს, სულ მცირე, 22 მუნიციპალიტეტს და უზრუნველყოფს დამატებითი მუნიციპალიტეტების ჩართვას სასწავლო, გამოცდილების გაზიარების და ინფორმაციის გაცვლა-გავრცელების აქტივობებში.
მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიაში მონაწილეობას მიიღებენ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერი იოსებ ხახალეიშვილი, ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შენგელია, ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერი გია ონიანი, ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გაზდელიანი, მესტიის მუნიციპალიტეტის მერი კაპიტონ ჟორჟოლიანი, მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მაიზერ ჯაფარიძე, ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერი დავით ჩერქეზიშვილი, ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე იოსებ რობაქიძე, ასევე საჯარო მოხელეები აღნიშნული მუნიციპალიტეტებიდან. ღონისძიებას გახსნიან USAID საქართველოს მისიის დირექტორის მოადგილე დევიდ ჰოფმანი, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი და USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ხელმძღვანელი კევინ მაკლოკლინი.