LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“უშრომელად არაფერი ხდება ამ ცხოვრებაში კარგი და დიადი” – მეუფე შიო

157
meufe-shio_w_h

“მთელი ცხოვრების შრომა ჩვენი – მარხვა და ლოცვა”, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, მეუფე შიომ (მუჯირი) დიდი მარხვის მეოთხე კვირას ქადაგებაზე განაცხადა.

მან მრევლს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევა გადასცა.

“ხშირად ვხედავთ, რომ წარუმატებელია ჩვენი სულიერი ცხოვრება, ჩვენი ლოცვაც, რატომ? სწორედ იმიტომ, რომ გვაკლია ეს ყველაფერი. თავს არ ვიკავებთ ჩვენ ცოდვებისგან, ვნებებისგან, გაღიზიანებისგან, განკითხვისგან, მრისხანებისგან და სხვა ვნებებისგან, გვაკლია ასევე სიყვარულიც, ლმობიერებაც და სარწმუნოებაც, როგორც მოგახსენეთ. ამიტომ ყოველთვის უნდა ვევედროთ უფალს, გაგვიძლიეროს ეს სარწმუნოება და ეს რწმენაც უნდა ვთხოვოთ უფალს. და, საერთოდ, უნდა ჩვევაში შემოვიღოთ, რომ ღმერთს ყველაფერი ვთხოვოთ, ვინაიდან ღმერთი, როგორც მოსიყვარულე მამაა ჩვენი შემოქმედი, მას უხარია ჩვენთან კავშირი, ჩვენთან ურთიერთობა, როდესაც ჩვენ ღმერთს მივმართავთ, ისიც ხარობს, მზად არის, დაგვეხმაროს და შეგვეწიოს თავისი სიყვარულით, მაგრამ ზოგიერთ შემთხვევაში უშვებს ხოლმე უფალი ჩვენზე გარკვეულ განსაცდელებს, მძიმე გარემოებებს, აი, როგორც ამ სახარებისეულ კაცს შეემთხვა; მისი შვილი დაავადდა, მძიმედ ეშმაკეული გახდა, ბავშვობიდან სჭირს ესო, ხომ თქვა ამ კაცმა. უშვებს ზოგჯერ უფალი, ამასაც თავისი სიყვარულით აკეთებს, ჩვენივე სულის გადარჩენისთვის აკეთებს, იმისთვის, რომ ადამიანი მოაქციოს თავისკენ, რათა ადამიანმა გაიხსენოს, რომ ყველაფრით დამოკიდებულია ღმერთზე, რომ მიაპყროს თავისი მზერა ღმერთს. ხშირად ამ განსაცდელებით ხდება ხოლმე ეს ჩვენს ცხოვრებაში, იმიტომ რომ ამის გარეშე, ღმერთთან ამ კავშირის გარეშე, იმის გააზრების გარეშე, რომ ყველაფერი მისგან არის და მასზეა დამოკიდებული, არანაირი სულიერი ცხოვრება, სულის ცხონება და გადარჩენა არ ხდება. აი, დაახლოებით, როგორც ბავშვებს ვეპყრობით ხოლმე, როგორც მოსიყვარულე მშობლები, მაგრამ ზოგჯერ ბავშვებსაც სჭირდებათ ცოტა უფრო მეტი სიმკაცრე, არა? თუ არ შეისმენენ მშობლების შეგონებას, თუ მაინც ისე იქცევიან, რომ მშობელი ხედავს, რომ იგი დაღუპვის გზაზეა, გონიერი და მოსიყვარულე მშობელი აუცილებლად მიმართავს გარკვეულ სიმკაცრეს, რაღაცას მოაკლებს, დააკლებს, აუკრძალავს, თავის შვილს, ზოგჯერ უფრო კიდევ მკაცრ ზომებსაც მიმართავს ამ შვილისვე სასარგებლოდ. სხვათა შორის, მშვენივრად ესმით ხოლმე ეს ბავშვებს. თუ ეს კეთდება ბრძნულად, სიყვარულით, არა უხეშობით, არა სიხისტითა და სისასტიკით, ყოველთვის ბავშვი ამას გრძნობს და ასწორებს და მერე მთელი ცხოვრება მადლიერი რჩება.

აი, ძვირფასო ძმებო და დებო, ასეთი სახარებაა დღეს და ეს ორი დიდი მიმართულება, ორი დიდი ღვაწლი, თუ შეიძლება ასე ითქვას, არის მთელი ცხოვრების მოსაპოვებელი, მთელი ცხოვრების შრომა ჩვენი – მარხვა და ლოცვა, იმიტომ რომ უშრომელად არაფერი ხდება ამ ცხოვრებაში კარგი და დიადი, მით უმეტეს, შრომისა და ღვაწლის გარეშე შეუძლებელია სულის გადარჩენა. უფალი ამ შრომას აკურთხებს და შეგვეწევა ამ შრომისა და ღვაწლის გზაზე.

მაგრამ თუ ჩვენ მოვუძლურდით, შევასუსტეთ ჩვენი ღვაწლი, ეს ნიშნავს, რომ ჩვენი რწმენაც შესუსტდა. მაგრამ აქაც ჩვენი მანუგეშებელი არის უფალი ჩვენი იესო ქრისტე, რომელსაც უნდა ვევედროთ იმ სიტყვებით, რომლებიც დღეს წარმოთქვა ამ მწუხარებაში მყოფმა მამამ, რომელიც ჩვენ ყველამ კარგად უნდა დავიხსომოთ და გულში დავიმარხოთ: „მრწამს, უფალო, შეეწიე ურწმუნოებასა ჩემსა“, ამინ! ღმერთმა დაგლოცოთ“,-აღნიშნა მეუფე შიომ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები