„ყველაზე ძალიან მინდოდა, ევროპაში უვიზოდ პირველივე დღეს წავსულიყავი. მაგრამ ბილეთის ყიდვა რომ მოვინდომე, შეუძლებელი აღმოჩნდა. როგორც ჩანს, ჩემნაირი ბევრი იყო და დამასწრეს,“ – ამბობს ნათია კუპრაშვილი და დასძენს, რომ სამოგზაუროდ წასვლა მაინც მოახერხა, ოღონდ ცოტა მოგვიანებით.
„საბუთები მოვაგროვე, ბევრი არაფერი, რაც ჩამონათვალშია, სამსახურის, ბანკიდან ცნობა, სასტუმროს ჯავშანი და ბილეთები. კი ვიცოდი, რომ პრობლემა არ იქნებოდა, მაგრამ მაინც ვღელავდი. მიჩვეულები ვიყავით, რომ ვიზა უნდა გვქონოდა. პარიზში მივფრინავდით მე და ჩემი ორი მეგობარი. ყველაზე კარგი განცდა ის იყო, უვიზოების რიგში რომ დავდექით. მე პირადად ამ დროს ვიგრძენი, რომ მათიანი ვარ და არა სხვა. მერე მესაზღვრემ დახედა საბუთებს, შემომხედა, რაღაც შეამოწმა და ტრაფარეტული ფრაზაც მითხრა, კეთილი იყოს თქვენი მობრძანებაო, სულ ეს იყო,“ – ყვება ნათია კუპრაშვილი „ფორტუნასთან“, რომელიც მოგზაურობიდან სამი კვირის წინ დაბრუნდა.
ნათია ხუროშვილი უვიზო რეჟიმის ამოქმედების შემდეგ ესპანეთში გაემგზავრა. როგორც „ფორტუნასთან“ აღნიშნავს, არც ქვეყნიდან გასვლისას და არც უკან დაბრუნებისას პრობლემა არ შექმნია და საზღვარი ზედმეტი გართულებების გარეშე გადაკვეთა.
„მივდიოდით ოთხნი, ორი ჩვენი გუნდიდან მივიდა იმ მებაჟესთან, რომელიც მხოლო ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეებს ატარებს, არც ჯავშანი მოსთხოვეს და არც უკან დასაბრუნებელი ბილეთი, უბრალოდ გაუღიმეს და გაუშვეს უპრობლემოდ. მე და ჩემი მეგობარი მივედით არაევროკავშირის ქვეყნებისთვის განკუთვნილ მებაჟესთან, მხოლოდ ბილეთი და სასტუმროს ჯავშანი შეამოწმეს და შეგვიშვეს უპრობლემოდ,“ – აღნიშნავს „ფორტუნასთან“ ნათია.
ნათიას მსგავსად ევროპაში წასვლის პრობლემა არ შექმნია არც ვახტანგ დარასელიას. უვიზო რეჟიმის ამოქმედების შემდეგ ის ოჯახთან ერთად საბერძნეთში გაემგზავრა. როგორც თავად ამბობს, საზღვარზე გადასვლისას მხოლოდ სასტუმროს ჯავშნები და ბილეთები შეუმოწმეს.
„საბაჟოზე, პრინციპში, დიდი განსხვავება არ ყოფილა. ვხედავდი, რომ ჩემ წინ მდგომ მგზავრებს მოსთხოვეს ჯავშნები და მეც ვაჩვენე სასტუმროს ჯავშანი და უკან დასაბრუნებელი ბილეთები. სულ ეგ იყო და უპრობლემოდ გამატარეს. უკან დაბრუნებაზე მით უმეტეს არასდროს არ არის ხოლმე პრობლემა,“ – ამბობს „ფორტუნასთან“ ვახტანგი.
ის ამბობს, რომ საზღვარზე პრობლემა არავის შექმნია და ყველა მარტივად გაატარეს. თუმცა, ცალკეულ შემთხვევებში არაორდინარული სიტუაციებიც არსებობს.
„გერმანიაში მივდიოდი. საბუთები წესრიგში მქონდა, მაგრამ მესაზღვრეს რომ გავუწოდე, ირონიულად შემომხედა და ვიზა მომთხოვა. ვუთხარი, რომ ვიზა არ მჭირდებოდა და იმდენად დაუჯერებელი იყო მისთვის, რომ შეშვებაზე კატეგორიული უარი განმიცხადა. მერე სხვასთან მისვლა რომ მოვითხოვე, რეკვა დაიწყო და რომ უთხრეს, საქართველოს ვიზა აღარ სჭირდებოდა, ბოდიში მომიხდა, შვებულებაში ვიყავი და რ ვიცოდიო. მოლოცვაც არ დავიწყებია, ახლა ნამდვილად ჩვენიანები ხართო,“ – ამბობს ლაშა იმედაშვილი, რომელიც გერმანიაში უვიზო რეჟიმის ამოქმედებიდან რამდენიმე დღეში იმყოფებოდა.
თუმცა, ასეთი შემთხვევები ძალიან იშვიათია. უვიზო რეჟიმის შემდეგ ევროპაში წასული საქართველოს მოქალაქეების უმეტესობა ჰყვება, რომ მათ არანაირი პრობლემა არ შექმნიათ საზღვარზე.
სტატისტიკა
საქართველოსთვის შენგენის ზონაში უვიზოდ მიმოსვლის რეჟიმი 2017 წლის 28 მარტიდან ამოქმედდა. საზღვრის კვეთის სტატისტიკა ყოველთვიურად დგება. შსს ინფორმაციით, რომელიც საზღვრის კვეთაზეა პასუხისმგებელი, მიმდინარე წლის მაისში ქვეყნიდან საქართველოს 356361 მოქალაქე გავიდა. აპრილში კი საქართველოს 294 841 მოქალაქე იყო გასული, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 60 000-ით აღემატება. ამასთან, სტატისტიკა აჩვენებს, რომ მაისში გასული მოქალაქეების რაოდენობა აპრილში გასულებს, როდესაც რეალურად ამოქმედდა უვიზო რეჟიმი, გაცილებით აღემატება. ანუ, მოგზაურთა ნაკადი იზრდება და მას მხოლოდ პირველადი ეფექტი არ ჰქონია.
ეს არის ზოგადი მაჩვენებელი და შსს-ში ამბობენ, რომ საქართველოს მოქალაქეების გასვლის შემთხვევაში არ ხდება იმ სტატისტიკის წარმოება, თუ სად მიდიან.
1 მაისს კი პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, თამარ ხულორდავამ, მედიასთან ამ საკითხის კომენტარისას განაცხადა, რომ 27 მარტიდან 27 აპრილის ჩათვლით, შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლით საქართველოს 11 700-მდე მოქალაქემ ისარგებლა. საზღვრიდან უკან კი მხოლოდ 26 მოქალაქე გამოაბრუნეს.
ამის მიზეზი კი საბუთებში ხარვეზები აღმოჩნდა. „სასიხარულოა ის, რომ ეს შემთხვევები უკავშირდება ობიექტურ გარემოებებს, ანუ არასაკმარის დოკუმენტაციას და არა სუბიექტურ გადაწყვეტილებებს, რომელსაც იღებს ადგილზე მყოფი მესაზღვრე,“ – განაცხადა ხულორდავამ.
„ფორტუნა“ ერთ-ერთ მათგანს დაუკავშირდა, რომელიც საზღვარზე არ გაუშვეს. მან ვინაობის დასახელებისგან თავი შეიკავა. მისი თქმით, თბილისის აეროპორტიდან უკან ბიომეტრიული პასპორტის არ არსებობის გამო გამოაბრუნეს, თუმცა მოგვიანებით ქვეყანა უპრობლემოდ დატოვა :
„შვილიშვილებთან ერთად საბერძნეთში მივდიოდი. ბავშვებს ბიომეტრიული პასპორტი ჰქონდათ, მე არა. ამის გამო თბილისის აეროპორტში მისული უკან გამომაბრუნეს, თუ ბიომეტრიული პასპორტი არ გაქვს, მაშინ ვიზა უნდა გქონდესო. ბილეთები გადავცვალე, ჯარიმა გადავიხადე და რამდენიმე დღის შემდეგ უკვე ბიომეტრიული პასპორტით უპრობლემოდ გავედი ქვეყნიდან. უბრალოდ, ხარჯი მქონდა 1000 ლარით მეტი.”
დღეს კი ის პირები, ვინც უკვე ისარგებლა უვიზო რეჟიმით, განსაკუთრებულად აღნიშნავენ იმ კომფორტს, რომ მათ ვიზებზე ლოდინი და მასთან დაკავშირებული სირთულეების გადალახვა აღარ უწევთ. მათი თქმით, არც საჭირო დოკუმენტაციების მოგროვებაა რთული.
ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის პირობებში საქართველოს მოქალაქეებს ვიზის გარეშე შეუძლიათ, გაემგზავრონ მხოლოდ მოკლევადიანი ვიზიტით ევროკავშირის/შენგენის ზონის ტერიტორიაზე, რომელიც მოიცავს ევროკავშირის 22 წევრ ქვეყანას, ევროკავშირის 4 არაწევრ ქვეყანას. უვიზო მიმოსვლა ასევე შესაძლებელია შენგენის 4 კანდიდატ ქვეყანასთან.
მოკლევადიანი ვიზიტი გულისხმობს 90 დღეს ნებისმიერი 180 დღის განმავლობაში.
იმის გამო, რომ უვიზო რეჟიმის ამოქმედებიდან 90 დღე ჯერ არ გასულა, ქართული მხრიდაბ რეჟიმის დარღვევაზე საუბარი ძნელია. თუმცა, უვიზო რეჟიმი გარდა ვადისა, კიდევ სხვა ვალდებულებებსაც ითვალისწინებს. შენგენის ზონაში ყოფნისას საქართველოს მოქალაქეები ვალდებულნი არიან, დაიცვან: შენგენის ქვეყნებში შესვლისა და ყოფნის წესები; ადგილობრივი კანონმდებლობა; საავტომობილო მოძრაობის წესები; საზოგადოებრივი წესრიგი. ამ წესების დარღვევის გამო, შესაძლოა, ჩაითვალოს, რომ მათ უვიზო რეჟიმი დაარღვიეს და მათი დეპორტაცია განხორციელდეს. მაგრამ ჯერჯერობით ასეთი დარღვევების შემთხვევები არ დაფიქსირებულა.
ცნობისთვის, უვიზო რეჟიმის პირობების დარღვევისას, რაც ასევე გულისხმობს შენგენის ტერიტორიაზე ყოფნისთვის დადგენილი ვადის გადაცილებას, მოხდება დეპორტაცია და აეკრძალება ევროკავშირის/შენგენის წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლა 5 წლამდე ვადით.ამასთან ერთად, შესაძლოა, დაეკისროს ჯარიმა 3.000 ევრომდე.
გვანცა ბზიავა