LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვაისს თვალი აეხილა: რეალური საქართველო გამოჩნდა

41

ვაისის საქართველოს დებიუტი შედგა. მართალია მთლად ვაის სათქმელად ენა არ მოგიბრუნდება კაცს, თუმცა მოლოდინი მაინც უფრო მეტი იყო. ყოველ შემთხვევაში, ეს ანგარიშს შეეხება. ბევრი ობიექტური ფაქტორის ჩამოთვლა შეიძლება, რაც საქართველოს წისქვილზე არ ასხამდა წყალს, მაგრამ მთავარი უპირატესობა იყო ის, რომ მეტოქე სადებიუტო შეხვედრაში იყო ყაზახეთი.

რამდენიც არ უნდა ვილაპარაკოთ, თანამედროვე დროს ფეხბურთის თამაში ყველამ ისწავლაო, სხვაობა ბუნებრივია მაინც არის და ვაისის მომდევნო ამხანაგური მეტოქეები მაინც ბევრად არახელსაყრელად (ძლიერებად) მოჩანან.

ჩვენ გუნდს რასაც ვერ დაუკარგავ, ერთ-ერთი ისაა, რომ მონდომებული იყო, ძალიან უნდოდა მოგება ვაისსაც და ბიჭებიც ალბათ შემართულები იყვნენ ახალი მწვრთნელისთვის სასიამოვნო საღამო მოეწყოთ, მაგრამ არ გამოვიდა და ეს მონდომებულობა ერთის მხრივ ცუდიც კია. აბა მეორე მხრივ შევხედოთ საკითხს, უკეთესი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული გუნდი მონდომებით და გულიანად თამაშობს და ვერ უგებს ყაზახეთს. ამაში არც კარგია რამე და არც სანუგეშო. ნუგეშად ნაკლებად გამოდგება, თუმცა ასე ვთქვათ გასასამართლებლად შეიძლება რამდენიმე ვითარება მოვიყვანოთ.
ვაისმა კი ნახა ჩვენი გუნდის ათიოდე მატჩი ჩანაწერში, მაგრამ გუნდის სათანადოდ გასაცნობად ეს საკმარისი რა თქმა უნდა არ არის. მწვრთნელისთვის უცნობი ფეხბურთელებისგან უცებ გუნდის დაყენება ნამდვლილად წარმოუდგენელია.

ჩვენი ფეხბურთელების დიდი ნაწილი კლუბებში არ თამაშობს და ესეც არ შეიძლება არ დაეტყოს მოთამაშეს, მით უმეტეს მთელი მატჩის განმავლობაში.
კიდევ ერთი: ვაისს საკუთარი ხედვა აქვს, მაგალითად სურს მეტი სისწრაფე და მაქსიმუმ ორი შეხება. როგორ გინდა ეს ქართველ ფეხბურთელებს ასე მალე მოუშალო, როდესაც ბურთის თრევა სისხლში გვაქვს და ორი შეხება (მით უმეტეს ერთი) მხოლოდ ეპიზოდური თამაშის დროს გამოგვდის.
ჯერჯერობით ჩვენების შეტევა ემოციებს უფრო ეყრდნობა, ვიდრე კარგად გააზრებულ და დამუშავებულ კომბინაციებს. უთამაშებელი ფეხბურთელების და შეუთამაშებელი მწვრთნელ-ფეხბურთელების გუნდს კი ბევრი არ მოეთხოვება.

ალბათ გარკვეული ობიექტური ნიუანსების მოყვანა კიდევ შეიძლება, მაგრამ ყველაფერს ხაზს უსვამს ერთი ფაქტორი: მეტოქე იყო ყაზახეთი, თანაც ვთამაშობდით შინ. უკეთესი ფაქტობრივად არ არსებობს.
დასკვნების გამოტანა ძალიან ადრეა და დილეტანტობაც იქნებოდა, მაგრამ ვაისი შესაძლოა ჩაფიქრდა მაინც, თუ რატომ ვერ იგებს საქართველო, რომელსაც ერთი შეხედვით ნორმალური ფეხბურთელები ყავს და თითქოსდა შედეგიც უკეთესი უნდა იყოს, მაგრამ…

ფიფას რეიტინგი იქით იყოს და ცუდია რომ ვერ მოვიგეთ. ცუდია, რადგან გუნდს ჭირდება გამარჯვება, რათა საკუთარი ძალების ირწმუნოს, თორემ ძლიერ მეტოქესთან კარგი თამაში და დამსახურებული მარცხი, ან სუსტებთან უპირატესობით თამაში და მაინც ვერ მოგება, საქმეს ვერაფრით უშველის.

ისე, საგანგაშოც არაფერი მომხდარა, უფრო დასანანი და საწყენია ეს ფრე, თორემ ვაისს ოფიციალურ შეხვედრამდე კიდევ აქვს საკმარისი დრო და სამი კარგი სპარინგი, რაც ასე თუ ისე საკმარისი უნდა იყოს, სექტემბრისთვის ჩამოყალიბებული იყოს შემადგენლობაზე და ამა თუ იმ ფეხბურთელის შესაძლებლობებში.

მოკლედ თამაშზეც. პირველი ტაიმი ჩვენი გუნდის საგრძნობი უპირატესობით წარიმართა. ბურთიც ჩვენი იყო და მოედანიც.
მე-13 წუთზე ყაზაიშვილს მეკარემ აუღო.
33-ე წუთზე კონტრშეტევაზე გადავედით, სამი ერთზე ვიყავით, მაგრამ ვერ განავითარეს ჩვენმა ფეხბურთელებმა როგორც საჭირო იყო და შანსიც დაიკარგა.
36-ე წუთზე კი კონტრშეტევა აქეთ გამოგვეპარა. ჩვენი მარცხენა ფრთა მოშიშვლდა (ნავალოვსკი შეტევაში ჩარჩა), დამზღვევიც არავინ იყო, ჩვენს საჯარიმოში კი მარტო დატოვეს ნურგალიევი და 0:1.
ბარემ აქვე ვთქვათ, რომ ჩვენი დაცვა არაერთხელ ჩავარდა, ზოგჯერ უკან ვერ დაბრუნდნენ მცველები დროულად, ზოგჯერ პოზიციები დაკარგეს და მოკლედ, მწვრთნელმა ამაზეც უნდა გაამახვილოს ყურადღება.

წონასწორობა ქართველებმა მაშინვე აღადგინეს. 38-ე წუთზე საჯარიმოს ხაზიდან ოსტატურად დაარტყა ოქრიაშვილმა, რომელსაც ლობჟანიძის გადაცემა ჭანტურიამ გაუტარა და 1:1.

მეორე ტაიმში ჩვენების უპირატესობა ისეთი საგრძნობი აღარ ყოფილა, ყაზახებიც უფრო თამამად გადმოდიოდნენ ჩვენ მხარეს. ქართველებმა ბოლომდე სცადეს, თუმცა ზოგს ფიზიკა არ ეყო და ზოგჯერ გუნდურობამ დაგვაღალატა (ტექნიკურმა წუნმაც). თუმცა ორი კარგი მომენტი მაინც გვქონდა. 68-ე წუთზე კუთხურიდან მოწოდებული კვირკველიამ თავით სახიფათოდ დაარტყა და ოდნავ აუცდა. 78-ე წუთზე კი იმ წამს შემოსული ყენიას დიდებული პასით კაჭარავა ერთი ერთზე დარჩა მეკარესთან, მაგრამ ცუდად დაარტყა და მეკარემ მოიგერია.

ასეა თუ ისე, ძნელია ვაისის დებიუტს სრულყოფილი უწოდო, კმაყოფილების ნატამალი მატჩის დასრულებისას არც მის სახეზე იკითხებოდა, თუმცა ისიც და ყველა ჩვენთაგანი მაშინ იქნება კმაყოფილი თუ შედეგი შესარჩევი ეტაპის დასრულებისას დაგვაკმაყოფილებს.
მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე ვაისმა აღნიშნა კიდეც, რომ შედეგით უკმაყოფილო დარჩა:

პირველი თამაში ყოველთვის რთულია. შედეგით უკმაყოფილო ვარ. რაც შეეხება კონკრეტულ ფეხბურთელებს, მათმა ნახევარმა დავალება კარგად შეასრულა, მეორე ნახევარმა არა. თვალები ამეხილა იმ პრობლემებზე, რომელიც საქართველოს ნაკრებშია. ყაზახეთის ნაკრებმა კარგად ითამაშა, მაგრამ ვფიქრობ ასეთი დონის გუნდებს უნდა მოვუგოთ.

გუშინ ვარჯიშის დროს მჭედლიძემ მიკრო ტრავმა მიიღო, რის გამოც იგი ვერ ვათამაშეთ. ამიტომ დავაყენე ყაზაიშვილი ფორვარდის პოზიციაზე. ეს მისთვის იდეალური პოზიცია არ არის და სამომავლოდ არ ვგეგმავ მის თავდამსხმელად დაყენებას. მინდოდა მეტი ეთამაშა იმ ფეხბურთელებს, ვინც საკუთარ კლუბებში ბევრს არ თამაშობენ.

ვფიქრობ ოქრიაშვილი საუკეთესო იყო მოედანზე, ასევე კარგად ითამაშეს ნავალოვსკიმ და კანკავამ. მეტს ველი მომავალში ყაზაიშვილისა და კაჭარავასგან. ამისულაშვილი იმიტომ შევცვალე, რომ მინდოდა მასსა და კვერკველიას თითო-თითო ტაიმი ეთამაშათ. ასევე რევიშვილი საკუთარ კლუბში ბევრს არ თამაშობს და მინდოდა სრულად ეთამაშა.

თუ შეგიძლიათ მირჩიოთ ისეთი ფეხბურთელები, ვინც საკუთარ კლუბებში ბევრს თამაშობენ და მე არ გამოვიძახე, ამ შენიშნვას მივიღებ. მეტს ველი ლევან მჭედლიძისა და გიორგი ჭანტურიასგან. საბოლოო ჯამში დავინახე ვინ იხარჯება ბოლომდე და ვინ სცემს ნაკრებს პატივს.

სლოვაკეთის, რუმინეთისა და ესპანეთის ნაკრებებთან გასამართი მატჩები მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ და ის შეცდომები აღმოვფხვრათ, რომელიც დღევანდელ თამაშში დავუშვით.
საქართველო – ყაზახეთი 1:1

29 მარტი. თბილისი. დინამო არენა.

საქართველო: რევიშვილი, ლობჟანიძე (ვაწაძე, 89), ამისულაშვილი (კვირკველია, 46), კაშია, ნავალოვსკი, კანკავა, აბურჯანია (კვეკვესკირი, 78), ყაზაიშვილი, ოქრიაშვილი, ანანიძე (ყენია, 78), ჭანტურია (კაჭარავა 46)

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები