ქვეითთა უსაფრთხო გადაადგილების, საავტომობილო მოძრაობის მოწესრიგებისა და განტვირთვის მიზნით, დედაქალაქში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა გრძელდება.
როგორც დედაქალაქის მერმა თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ვახუშტის ხიდიდან გიორგი სააკაძის მოედნამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის განკუთვნილი ზოლი გამოიყოფა.
კახა კალაძის თქმით, საავტომობილო ზოლების რაოდენობა უცვლელი დარჩება.
„სამუშაოები გიორგი სააკაძის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე განხორციელდება. კერძოდ, ვახუშტის ხიდიდან გიორგი სააკაძის მოედნის მიმართულებით სავალი ნაწილიდან გამოიყოფა საზოგადოებრივი ტრანსპორტის ზოლი. ასევე, უსაფრთხო საფეხმავლო გადაადგილებისთვის მოეწყობა კუნძულები და ზებრა გადასასვლელები. მნიშვნელოვანია, რომ სამანქანო ზოლების რაოდენობა დარჩება უცვლელი. გზის სავალი ნაწილი დაიხაზება და დამონტაჟდება საგზაო ნიშნები და შუქნიშნები. ასევე, ტერიტორიაზე გამწვანების სამუშაოები ჩატარდება“, – განაცხადა თბილისის მერმა.
მისივე თქმით, სამუშაოები 28 ნოემბრის 00:00 საათიდან დაიწყება და, დაახლოებით, ორი კვირის ვადაში დასრულდება.
„პროექტს ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური, ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო და გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური ერთობლივად განახორციელებენ. ეს საკმაოდ დატვირთული მონაკვეთია, უამრავი ავტომანქანა და საზოგადოებრივი ტრანსპორტი გადაადგილდება დღის განმავლობაში. შესაბამისად, საავტომობილო მოძრაობის ინტენსივობიდან გამომდინარე, დაგეგმილი სამუშაოები მხოლოდ ღამის საათებში ჩატარდება, რომ გადაადგილება არ შეიზღუდოს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
–
დაგეგმილი სამუშაოების გამო, საავტომობილო მოძრაობა ღამის საათებში შეიზღუდება
გიორგი სააკაძის მოედნიდან ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის ხიდამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში ინფრასტრუქტურული სამუშაოები იწყება. დაგეგმილი სამუშაოების გამო, 28 ნოემბრის 00:00 საათიდან ორი კვირის განმავლობაში საავტომობილო მოძრაობა მხოლოდ ღამის საათებში შეიზღუდება.
კერძოდ, შეზღუდვა იმოქმედებს ღამის 00:00 საათიდან – დილის 06:00 საათამდე პერიოდში, რა დროსაც, გიორგი სააკაძის მოედნის, გიორგი სააკაძის დაღმართისა და ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე, გარკვეულ მონაკვეთებში საავტომობილო გადაადგილება ეტაპობრივად შეიზღუდება.
სამუშაოების მიმდინარეობისას, გზის სავალი ნაწილის სამოძრაო ზოლები დროებით შევიწროვდება.