„ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერი, ალეკო ელისაშვილი საკუთარ ფეისბუკგვერდზე პოსტით ეხმაურება „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ანა წითლიძის მიერ, ასევე სოციალურ ქსელში გავრცელებულ სტატუსს, რომელშიც წითლიძე წერს: „ჩვენ რომ რუს ქოცებს ვებრძოდით, გვცემდნენ, გვასისხლიანებდნენ, ვახუშტი მენაბდის ოჯახი, სატენდერო ხელშეკრულებებს აფორმებდა ქოცებთან“.
„მამაჩემის შპს ფლობს ბეტონის ქარხანას, რომელიც ბეტონს აწვდის შესყიდვის მსურველებს, მათ შორის სახელმწიფოს“ – რას პასუხობს ვახუშტი მენაბდე ანა წითლიძეს
„ეს ხალხი ამ ამბის შესახებ ინფორმაციას სულ ცოტა რამდენიმე თვეა ფლობს. ახლა რომ წამოწიეს, ეს იმაზე მიუთითებს, რომ ერთიანად გადაწყვიტეს ჩვენს მოძრაობაზე შეტევა“ – წერს ვახუშტი მენაბდე.
ალეკო ელისაშვილი ვახუშტი მენაბდეს სოლიდარობას უცხადებს და წერს:
„ვახუშტი მენაბდე არის პროფესიონალი იურისტი, რომლის მიუკერძოებელ აზრს აუცილებლად ვკითხულობ ხოლმე როდესაც რაიმე სადავო საკითხში ვერ ვყალიბდები. ყოველთვის ვიცოდი და ვიცი რომ ეს წესიერი, კვალიფიციური, სრულიად მიუკერძოებელი და დაუნდობელი კაცი ზუსტად ისე წარმოაჩენს და ახსნის საკითხს როგორც არის და როგორც ესმის პროფესიონალს. ვახუშტიზე შეტევა ძალიან სევდიანი საყურებელია. ვინც უტევს და ვისაც ყიჟინა აქვს ატეხილი იმ ხალხს მინდა მართლა გულისტკივილით მივმართო: რატომ ასეირებთ ქოცებს? რატომ მიგაჩნიათ რომ ოცნებასთან წინააღმდეგობაში ჩართულ, მაგრამ თქვენი პოზიციისგან განსხვავებული ხედვების ხალხზე შეტევა დროული, სწორი და ეფექტურია? ასეთი რამეების კეთება გაშორებთ თუ გაახლოებთ მთავარ მიზანს (თუ ეგაა თქვენთვის მთავარი?!) – ამ მავნებლური ხელისუფლების დამარცხებას და ძალაუფლებიდან ჩამოშორებას?
მოკლედ ჩემი ადამიანური სოლიდარობა ვახუშტი მენაბდეს! სამიზნეების გასწორება წინააღმდეგობის მოძრაობის ყველა ჯგუფს!“, – წერს ალეკო ელისაშვილი.
